ავტორი:

"ხალხი, ვინც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: რა გვეშველება, თუ ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვაო" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

"ხალხი, ვინც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: რა გვეშველება, თუ ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვაო" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

პანდემიამ ქრისტიანებისთვის უდიდესი დღესასწაულის, აღდგომის აღნიშვნის წესიც შეცვალა.

ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს, ტაძარში, სადაც ყოველდღიურად ასი ათაოსობით პილიგრიმი იკრიბება, წელს მხოლოდ 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ.

ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში კი სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან. საქართველოში წმინდა ცეცხლს სამი ადამიანი ჩამოიტანს და მას სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ საკითხებზე AMBEBI.GE თბილისის სასულიერო აკადემიის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს ესაუბრა:

- უპირველესად, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ერთმანეთისგან ტრადიციები და დოგმატური სწავლებები. წელს ეს როგორც არასდროს ისეა აქტუალური. ზოგიერთმა ტრადიციამ, თუ რელიგიური სწავლებების სხვადასხვანაირად გააზრებამ, გადაფარა დღესასწაულის ჭეშმარიტი არსი.

თუნდაც, რაც ახლა სააღდგომო ცეცხლთან დაკავშირებით ხდება. ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ თუ ეს სააღდგომო ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვიდა, რაღაცა ირღვევა. გავიხსენოთ, რომ წინა საუკუნეში, მაგალითად, 90-იან წლებში სააღდგომო ცეცხლი საერთოდ არ ჩამოდიოდა საქართველოში და ყველა მშვენივრად დღესასწაულობდა. წელს ისე დაიხატა სიტუაცია, რომ მე პირადად, როგორც სასულიერო პირი, გაოგნებული დავრჩი.

ხალხი, რომელიც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: ვაიმე, რა გვეშველება, ეს ცეცხლი თუ საქართველოში არ ჩამოვაო. მე მინდა ყველას ავუხსნა, რომ მთავარია, ქრისტიანი აცნობიერებდეს რა მოხდა აღდგომას, და ამ აღდგომის სიხარულით ვიყოთ სავსენი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქრისტესმიერ აღდგომა, ჩვენი საკუთარი აღდგომის დასაბამია, რამეთუ ქრისტეს მიერ სიკვდილის დათრგუნვით ჩვენშიც დაითრგუნა სიკვდილი, რაც გამოხატულია იმაში, რომ მე კი გარდავიცვლები, მაგრამ ისევ აღვდგები, როგორც ქრისტე. ამას ადასტურებს მრწამსიც : „მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნოსასა ამინ“.

ყველაფერი სხვა არის მეორეხარისხოვანი, შეიძლება ისეთი დონის განსაცდელი იყოს მოვლენილი, რომ კვერცხიც კი ვერ შევღებოთ. წელს ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს თუნდაც, ენდროს ყიდვა. სხვათაშორის ერთი ძალიან განათლებული ადამიანი მწერდა ამასწინათ: იმდენად გვიყვარს კვერცხის შეღებვის ტრადიცია, სოფელში მივდიოდით სპეციალურად და მხოლოდ სოფლის ნამდვილ კვერცხს ვღებავდით, სხვას არც ვაკადრებდით ამ დღესასწაულს და ახლა ვერ ვახერხებთ წასვლასო, წუხდა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ წელს რაღაცეები შეიძლება დაერღვას მრევლს. ამიტომ მე მინდა გავახნევო ჩვენი მკითხველი, რომ თუ ვინმემ კვერცხის შეღებვა ვერ მოახერხა, ან პასკა ვერ გამოაცხო, ამით არ ინგრევა ყველაფერი. მთავარია, მათ ჰქონდეთ შინაგანი სიხიარული და ზეიმი თავიანთ სულიერ სამყაროში. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანების სევდის, ვინც ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ მინდა იცოდნენ, რომ ეს ცოდვა არ არი და მათ ოჯახებზე ცუდად არ აისახება.

- მინდა გკითხოთ კორონავისურის გამო ეკლესიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებაც. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ზიარების წესი უნდა შეცვლილიყო. როგორ შეაფასებთ საპატრიარქოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

- უპირველესად ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მკითხველს და ყველა ადამიანს. წირვა იწყება უნიკალური სიტყვებით: "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“ და "მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა". გთხოვთ ამ სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. ქრისტიანი პირველ ყოვლისა, უფალს ევედრება სამყაროს მშვიდობას. მასში მოაზრება ყოველი ადამიანი, ყოველი ერის შვილი, ჩვენგან ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ მყოფებიც, ამიტომ ჩვენ არავინ უნდა განვიკითხოთ.

ჩემი დაკვირვებით, მედიაში უფრო მეტად რელიგიურ პრობლემატიკას ეთმობა ყურადრება, ვიდრე თავად პანდემიის პრობლემატიკას და ამის წინააღმდეგ ბრძოლას. მე როგორც სასულიერო პირს, ეჭვი არ მეპარება, რომ რომელიმე საღვთო საიდუმლო დედამიწაზე, მათ შორის ევქარისტიის, წმინდა ზიარების საიდუმლო, რამე საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ეს საფრთხე არის სერიოზული, ძალიან ბევრი ადამიანია დაავადებული და ბევრიც გარდაცვლილი.

ჩვენ უნდა დავიცვათ ის წესები და რეკომენდაციები, რასაც მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი სამედიცინო საზოგადოება გვთავაზობს. მივესალები საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს წესების დაცვა ეკლესიაში. პირადად ჩვენთანაც ტაძარში ძალიან მკაცრად არის დისტანცია დაცული, მრევლს საკუთარი სახლიდან მოაქვს ერთჯერადი ჭიქები და თეფშები ზიარების შემდეგ სიტკბოებისა და სეფისკვერის მისაღებად. როგოც იცით, ეს არ არის ზიარების ნაწილი. ბევრ ტაძარში სულაც არ ხდება ზიარების შემდეგ სიტკბოების შეთავაზება მრევლისთვის, რადგან ზიარება არის უშუალოდ ბარძიმიდან საერთო კოვზით წმინდა ნაწილების მიღების პროცესი.

ზიარების წესი არ შეცვლილა და იგი არც უნდა შეცვლილიყო, რადგან არ შეიძლება საღვთო საიდუმლო დაავადების გადამცემი იყოს. პირიქით. თუმცა ყველა რეკომენდაციას ვიცავთ მკაცრად. ასევე, მოვუწოდებთ სახლში დარჩენისკენ იმ ადამიანებს, რომელებიც თავს უძლურებაში გრძნობენ და ზოგიერთ შემთხვევაში მოძღვარი აზიარებს სახლში მათ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით ასეთი ურთიერთდაპირისპირება აქტიურ მრევლსა და საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორის?

- მთავარი სათქმელი არის ეს, რასაც ახლა ვიტყვი: მე მოვუწოდებ ყველა ქრისტიანს, რომ დაიცვას ოქროს შუალედი სამეუფეო გზაზე, რაც არის ყველაზე სწორი გზა - 50/50-ზე. ე.ი. ქრისტიანი არც სასოწარკვეთილებააში არ უნდა ჩავარდეს და არც - ხიბლში. იგი ურწმუნოებამდე არ უნდა მივიდეს, რომ აღარ გაეკაროს ეკლესიას და მოსწყდეს საეკლესიო საიდუმლოებს, მაგრამ არ უნდა ჩავარდეს მეორე უკიდურესობაშიც - ისე გათამამდეს და თვითდაჯერებული გახდეს, იფიქროს, არასოდეს არაფერი მოუვა, არ დაინფიცირდება, რადგან ის არის რჩეული და ა.შ. ეს უკვე ხიბლის და სიამაყის გამოვლინებაა.

ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ მას საღმრთო მადლი იცავს, მაგრამ უნდა ვიყოთ სიფრთხილით და მორიდებით, შევინარჩუნოთ დისტანცია და ყველა ის წესი დავიცვათ, რასაც მედიკოსები მოგვიწოდებენ. კარგი იქნება თუ ეს წესები პოსტპანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნდება.

მე არ მიყვარს ანდაზა "ზოგი ჭირი მარგებელია". ვეთანხმები ივანე კარამაზოვს, დოსტოევსკის რომანის გმირს, რომელიც ამბობს, რომ არავითარი ბედნიერების არ მჯერა, თუ მის ძირში, ფესვებში იკარგება ბავშვის ტირილი და ადამიანის უბედრურებაო. ე.ი ვერანაირი ეკოლოგიური ან სხვა რაიმე სარგებელი, ვერასოდეს იქნება საპირწონე ათასობით დაღუპული ადამიანის სიცოცხლისა. რაც არ უნდა კარგი რამ მოხდეს ამ პანდემიის შემდეგ, ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ ვირუსმა შეიწირა, ან ვისაც ტანჯვა მიაყენა.

ჩემი რჩევაა ყველა ადამიანისთვის: მორწმუნესთვისაც და ურწმუნოსთვისაც, რომ კორექტულად, ძალიან მშვიდად და უზრდელობის გარეშე დაწერონ კომენტარები სოციალურ ქსელში. ნუ დასცინიან და შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ერთმანეთს უფლის სახელით. არ შეიძლება მორწმუნე ადამიანმა უძახოს ვინმეს "ეშმაკის მქოციქულო", "სატანა", "ანტიქირისტე" - ამ სიტყვებს ქრისტიანი არ ხმარობს. შეუძლებელია ერთმა ბაგემ წარმოთქვას "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ" და და ეს საშინელი სიტყვები. ნუ ჩავვარდებით ხიბლში, ვიყოთ მშვიდად, მოთმინებით, თავმდაბლად. ვილოცოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს თუ შეგვიძლია.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ბათუმში კოვიდ-სასტუმროში ქალი გარდაიცვალა - "პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე"