მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ამჟამად აშშ-ში მოღვაწე მწერალი და პუბლიცისტი, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი კაკაბაძე.
- როგორ ჩანს ოკეანისგაღმიდან საქართველოში შექმნილი ვითარება? განაცხადეთ, ოლიგარქიული კანონების სახელმწიფოში ვცხოვრობთო...
- ოლიგარქები არიან სახელმწიფოს მმართველობასთან შეზრდილი მსხვილი კაპიტალის მფლობელები - კახა ბენდუქიძე, ლადო გურგენიძე, სააკაშვილის ახლო ნათესავები, რომლებიც მართავენ ქვეყანას, ყველაფერი მათ ინტერესებს ექვემდებარება, მცირე ბიზნესი საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს, მთელი საზოგადოება ამ ოლიგარქიული რეჟიმის ტყვეობაშია. ასე რომ, ჩვენში ისეთივე რეჟიმია, როგორიც გახლდათ პინოჩეტის, ფუჰიმორის ულტრამემარჯვენე დიქტატურები.
- 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 წელიწადი გავიდა. რას იტყვით იმ როლზე, რომელიც მაშინდელ პროცესებში შეასრულა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ?
- სამწუხაროდ, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის როლი ამ ომში ნამდვილად ნეგატიური იყო. აშშ-ის ხელისუფლება არ ეტყოდა სააკაშვილს, რუსეთთან ომი დაიწყეო, ეს გამორიცხულია, თუმცა, ერაყთან დაკავშირებულ სამხედრო პროექტებში ჩართვა სააკაშვილს, შესაძლოა, აღექვა როგორც სიგნალი, რომ მასაც შეეძლო, ძალა გამოეყენებინა ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგ. ასე რომ, ამ ომში ბუშის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაც იკვეთება.
როლანდ ასმუსი თავის წიგნში "პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო", ამბობს, რომ აშშ-ის იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და სხვები როკის გვირაბის აფეთქებაზეც ფიქრობდნენ, რაც გამორიცხული არ არის... მაგრამ ისიც ყველასათვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს გამო ვაშინგტონი მოსკოვს ბირთვულ ომს არ გამოუცხადებდა.
ზოგიერთ ბრიყვ პოლიტიკოსს თბილისში, და შესაძლოა, ერთი-ორ ასეთივე ადამიანს ვაშინგტონში, ეგონა, რომ ამ ტერიტორიებს რუსეთი ომის გარეშე დათმობდა და სააკაშვილი ბლიც-კრიგში გაიმარჯვებდა, მაგრამ ამ გათვლამ არ გაამართლა. ის, რაც მოხდა, დიდი შეცდომა იყო, უფრო მეტიც, დღევანდელი ხელისუფლების დანაშაული საკუთარი ერის წინაშე.
- აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას საგარეო კურსს საქართველოში ბევრი აკრიტიკებს, მათ შორის, სრულიად განსხვავებული პოზიციის მქონე პოლიტიკოსები...
- ყველა ის დაჯგუფება, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენ გამორჩეული ხალხი ვართ, ან რომ სამხედრო გზით უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, რომლებიც ჰიტლერის გამონათქვამებს იმეორებენ და ეროვნულ უმცირესობებს შეურაცხყოფენ, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ერთმანეთი. ულტრამემარჯვენეებისთვის მიუღებელია ობამას ადმინისტრაციის მშვიდობისმაძიებელი პოლიტიკა, ამიტომ სძულთ იგი.
- ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ობამას განცხადებას, რომ "საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურად სუსტი ფიგურაა".
- ობამას პოლიტიკა საქართველოს მიმართ გონივრულია. ის მხარს უჭერს ჩვენს დამოუკიდებლობას, გვერდით უდგას ქართველ ხალხს, მაგრამ არ აპირებს სააკაშვილის პირადი ამბიციების წახალისებას, როგორც ამას ბუში აკეთებდა.
- პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გამართეთ... სააკაშვილის განცხადების შემდეგ - "ჩვენ რა, ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით?"
- ეს ფრაზა ბარბაროსული და მიუღებელია. მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებას პრეზიდენტი სრული სერიოზულობით აკეთებს მთავრობის სხდომაზე. რა მაგალითს აძლევს ამით ქვეყნის პირველი პირი საზოგადოებას, ახალგაზრდობას? ამით მონური ფსიქოლოგიის დამკვიდრება ხდება. ვეთანხმები ფსიქოლოგ დავით ამირეჯიბს, რომელმაც თქვა, რომ "მონობა, მონური ფსიქოლოგია ჩვენი მთავარი პრობლემაა".
- აშშ-ში რომ ესაუბრა პოლიტიკოსს ასეთი ტერმინებით, როგორი იქნებოდა საზოგადოების რეაქცია?
- არათუ პრეზიდენტს, ნებისმიერ საჯარო პირს რომ ეთქვა ასეთი რამ, მეორე დღესვე მოითხოვდნენ მის იმპიჩმენტს. არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ევროპაშიც, ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ცივილიზებულობის პრეტენზია აქვს.
- ავლაბრის რეზიდენციასთან ჩატარებული აქციის შემდეგ, თქვენ არც დაგაჯარიმეს და არც სხვა სანქციებს მიმართეს... ამბობენ, ანგარიში გაუწიეს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ხართ...
- ვფიქრობ, იმიტომ არ დამიჭირეს ან დამაჯარიმეს, რომ ამას ვერაფრით გაამართლებდნენ. ვერც მე დამაჯარიმეს და ვერც დაჩი ცაგურიას ახლეს ხელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ჩვენი დასჯის ერთპროცენტიანი შანსი რომ მაინც ჰქონოდათ, ხელიდან არ გაუშვებდნენ, ციხეები სავსეა უდანაშაულო ადამიანებით.
- ახლახან დააპატიმრეს ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე, რომელმაც საერთაშორისო პენ-კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იუჯინ შულგინს, თქვენი თხოვნით, გამომცემლობა "სიესტას" საკონფერენციო დარბაზი დაუთმო... ამ შეხვედრაზე კი ხელისუფლების კრიტიკა გაისმა...
- ამაზე კომენტარის უფლებას ბაკურ კიღურაძის ოჯახს დავუტოვებ. იმას კი ვიტყვი, რომ ბატონი ბაკურის დაპატიმრება ცუდ ეჭვებს აღძრავს, პენ-კლუბი აუცილებლად მიიღებს ზომებს, თუ რამდენიმე დღეში არ გაირკვევა დაკავებული კიღურაძის სტატუსი. არ ვიცი, რა მიზნით ხდება ეს - ფულის გამოძალვისა თუ სხვა მიზნით... ამასთანავე, ქეთი კიღურაძე, გამომცემლობა "სიესტას" გენერალური დირექტორი, ბაკურ კიღურაძის ძმისშვილი, პენ-კლუბმა საერთაშორისო მდივნად აირჩია, ამიტომ ამ გამომცემლობის საწინააღმდეგო აქტები აღქმული იქნება, როგორც ჩვენს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ საერთაშორისო პენ-კლუბის წევრები ვიბრძოლებთ "სიესტას" უფლებების დასაცავად.
- რას გვეტყვით თქვენს პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე, რომელიც ანა დოლიძესთან გახმაურებული რომანის შემდეგ შექმენით?
- დასამალი არაფერი მაქვს, თუმცა, მე და ანა ვცდილობთ, პირად ცხოვრებაზე არ ვისაუბროთ.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)