ავტორი:

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს

თელავის რაიონის სოფელ ართანაში დღეს თუკი ვინმე მუშაობს და საგაზაფხულო სამეურნეო საქმეებს აწარმოებს, მათ შორის, მსახიობი ეკა ნიჟარაძეცაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გამო პანდემიაა გამოცხადებული, ამას ხელი არ შეუშლია, რომ მსახიობს სოფელში ეშრომა. როგორც ადრე ვწერდით, ცნობილია, რომ მან რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ სოფელში მიწის ნაკვეთი, საკუთარი კარმიდამო შეიძინა, სადაც მაშინვე შეუდგა სამეურნეო საქმიანობას. ამბობს, რომ სახლი ძველია და იქ კაცი დიდხანს ვერ დარჩება, მაგრამ მიწას კი ნამდვილად არ აცდენს, ინტენსიურად ამუშავებს.

„კარგი სახლი რომ მქონდეს, ახლა თბილისში რა გამაჩერებდა?! მაგრამ მის გასაკეთებლად, ერთიან თანხას თავი ჯერ ვერ მოვუყარე, იქაურობა როგორც საჭიროა, რომ მოვაწესრიგო. არც ისე დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ არ მაქვს. ამიტომ, სოფელში ამ ეტაპზე მხოლოდ სამუშაოდ ჩავდივარ და ისევ უკან ვბრუნდები,“ - გვეუბნება მსახიობი და გვიყვება, რომ გასულ წელს 2 წლის გაშენებულ ვენახში 300 კილოგრამამდე ყურძენი მიიღო და შესაბამისად, რქაწითელის მშვენიერი მოსავლიდან ღვინოც კი დაწურა.

„წელს ღვინოც კი დავწურე, რითაც ძალიან გახარებული ვარ. ვენახმა კარგი მოსავალი მომცა, რასაც არ ველოდი. ვფიქრობ, რომ წელს უფრო მეტი ყურძენი უნდა მივიღო. რაც შეეხება ბოსტანს, - 2000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობიდან 1000 კვადრატული მეტრზე ვენახი გავაშენე, 1000 კვადრატულ მეტრი ისე იყო, რომლის მიხედვას წელს ვაპირებდი. ვირუსის ამბები რომ დაიწყო, სოფელში გავიქეცი, ტრაქტორი ვიქირავე, მიწა მოვხანი, დავამუშვეთ და კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ბროკოლი, ყაბაყი, გოგრა, ისპანახი, ქინძი, ოხრახუში, კამა დავთესე. ცოტა ხანში ლობიოც უნდა დავთესო. აქამდე ციოდა და იაქურმა მეზობლებმა მითხრეს, ცოტა ცივა და გაფუჭდებაო... ასე რომ, ლობიოს დასათესად ახლა ვემზადები. მაქვს პომიდვრის ჩითილები და ჯერ აქ მაქვს. ერთი სული მაქვს, როდის წავაბრძანებ კახეთში და ჩემს კარმიდამოში ჩავრგავ. მინდა, ვთქვა, რომ მეზობლებში ძალიან გამიმართლა, უზომოდ მშრომელი ხალხია, ძალიან მეხმარებიან“ - გვიყვება ეკა ნიჟარაძე, რომელსაც სოფლად შრომა სულაც არ ეზარება, პირიქით, ამ საქმეში დიდი ინტერესით და ხალისით არის ჩართული. თან ამბობს, რომ საკუთარი ხელით მოყვანილ პროდუქტს სხვა ფასი და გემო აქვს. „ახლა სოფლიდან მომაწოდეს ფოტოები, რომ ნიორს და ხახვს უკვე გაუხარია, თავი კარგად წამოუყვია. დაახლოებით სამი კვირაა, რაც დავთესე... სადილში ბევრ ნიორს და ქინძს ვიყენებ, მიყვარს, როცა კერძი მწვანილებით და ნივრით კარგად არის გაჯერებული. ამიტომ, მინდა, რომ ჩემი მქონდეს და დიდი იმედი მაქვს, რომ წელს უკვე არა მარტო ქინძი და ნიორი, ჩემი კარტოფილიც მექნება“ - დასძენს რესპონდენტი.

- მახსოვს, წლების წინ, მწვანილი თბილისში აივანზეც კი გქონდათ დათესილი და მშვენივრად ხარობდა...

- კი, როგორ არა, აქაც ვახარებდი და ვახარებ კიდეც. ახლა მაგალითად, რამდენიმე გოგრის თესლი ჩავყარე მიწაში და თავი უკვე მათაც წამოყვეს. რასაც ამ კორონავირუსისას ვხედავ, ამ ყველაფერმა მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი უბედურება მოიტანა. ადამიანები ისეთი რაოდენობით იღუპებიან, ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა, მაგრამ ერთიცაა, ამ პერიოდში ყველა დაფიქრდა იმაზე, ამ ქვეყანაზე რისთვის ცხოვრობს. მაგალითად, ბევრმა აღმოაჩინა, თუნდაც ის, რამდენი ზედმეტი ნივთი აქვს სახლში. როგორც გაირკვა, არსად გვეჩქარება. სახლში ვართ, არსად გავრბივართ. ამიტომ, ყველანი უნდა დავფიქრდეთ იამაზე, რომ მიწასთან შრომის გარეშე არაფერი გამოვა. განსაკუთრებით ისინი უნდა დაფიქრდნენ, ვისაც სოფლები, მიწა აქვთ მიტოვებული და თბილისში არიან... საქართველოში ბულგარული წიწაკა და კარტოფილი თურქეთიდან და ირანიდან არ უნდა შემოდიოდეს. ეს არ არის ნორმალური. მესმის, ეგზოტიკურ, უცხო პროდუქტზე იყოს საუბარი (ბანანი, ანანასი...)

- მიწაში სასუქი შეიტანეთ?

- მხოლოდ ბუნებრივი სასუქი გამოვიყენე (200 ლიტრ წყალზე იხსნება ერთი ბოთლი და ნიადაგში ის უნდა შევიდეს). ისე, დალოცვილი და ნაყოფიერი მიწაა და მისი იმედი მაქვს, ამიტომაცაა, რომ ყველაფერი მოდის.

- რას ურჩევთ ადამიანებს, მოყვარულ მებაღე-მევენახეებს?

- ვურჩევ კი არა, ვთხოვ, ხომ ვამბობ, ვისაც სოფელი აქვს მიტოვებული, ნუ მიატოვებს, მიხედოს, დაამუშავოს ნაკვეთი, მოიყვანოს თავის სამყოფი მოსავალი, იმდენი, რაც მის ოჯახს გამოკვებავს. წელს მაგალითად, ნიგოზი არ მიყიდია, რადგანაც ჩემს ეზოში ორი კაკლის ხეა და თან, რაც ჩემს საკუთრებაშია იქაურობა, წელს პირველად დაისხა კარგად... დღესაც კი დავტეხე კაკალი და ნიგოზი კერძში გამოვიყენე. ნაწილი, ხაჭოს პასკისთვის მჭირდება.

- პასკასაც აცხობთ?

- თუ ადამიანმა მოინდომა, ყველაფერს გააკეთებს, მით უმეტეს, ახლა, როცა სახლში ყოფნა გვიწევს და ამდენი დრო გვაქვს. პურსაც ვაცხობ და ხაჭაპურსაც. პასკებს ჯერ ვერა, მხოლოდ ხაჭოს პასკა ვიცი. თუ ისევ იმ თემას გავაგრძელებთ, რომ ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, რომ საკუთარ მოწეულ პროდუქტს სხვა გემო აქვს, მაშინ ბევრ რამეს დავძლევთ. როდესაც რაღაცას დათესავ, დარგავ და მერე პირველი ნაყოფი ჩნდება, დამიჯერეთ, ამას უდიდესი სიხარული მოაქვს.

"ყველა ამბობს, რომ მედიკოს ვგავარ... შვილებიდან დედას ყველაზე მეტად მამაჩემი  - თემური ჰგავს" " - როგორ დაიმსგავსა მედეა ჩახავამ პირველი შვილიშვილი პროფესიაშიც

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორდნენ - რა გახდა წყვილის განშორების მიზეზი და რატომ აქვეყნებს ჯეი ლო ყოფილი ქმრის ფოტოს

"დედამ მის ქმართან გააბა რომანი... ლაიზასთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა" - მსახიობის ტრაგიკული ცხოვრება და აუხდენელი ოცნება საკუთარ შვილზე