ავტორი:

ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 2774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21 102-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ვირუსით ბოლო 24 საათში 22 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.

ეს ახალ შემთხვევათა და გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა.

ამასთან, მოსკოვში კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვირუსი ერთ ეკლესიაში არ გამოვლენილა და ის რამდენიმე ეკლესიასა და მონასტერშია დაფიქსირებული.

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდა ასევე დამატებით 2 სასულიერო პირს და მათი ტესტის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ყველაზე მეტი ინფიცირებული დედაქალაქ მოსკოვშია.

კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ასევე რუსეთის ჯარშიც. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ვირუსი 30 მარტის მონაცემებით, სულ მცირე 3 ჯარისკაცს დაუდგინდა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული პირები სხვა სამხედროებთანაც იყვნენ კონტაქტში, თუმცა უცნობია მათ გადაედოთ თუ არა ინფექცია.

გამოცემის წყარო აცხადებს, რომ რუსეთის არმიის სულ მცირე 133 ჯარისკაცი კარანტინშია.

როგორც გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ.

„რუსეთის ფედერაციაში ვითარება დღითიდღე იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ. პაციენტების მდგომარეობა მძიმდება. უახლოესი კვირეები ბევრ რამეს განსაზღვრავს ქვეყანაში. მთელი ჯანდაცვის სისტემა უნდა მუშაობდეს, როგორც ერთიანი მექანიზმი”, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, მთავრობა სიტუაციის ყველანაირ განვითარებას განიხილავს.

„აუცილებელია ყველა სცენარის განხილვა, თვით ყველაზე რთულის და არაორდინალურის, იმისათვის, რომ მოქნილად, დაუყოვნებლივ შეცვალოთ ჩვენი მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა“, - დასძინა პუტინმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში მუშაობა მიმდინარეობს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატზე. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ ვლადიმერ პუტინთან თათბირის დროს განაცხადა, ასეთი პრეპარატი უკვე შექმნილია.

„რუსულმა კომპანიამ შეიმუშავა პრეპარატი, რომლის ტესტირებაც ჩვენმა კოლეგებმა განახორციელეს მთელ რიგ ქვეყნებში. ეს უკვე მთლიანად რუსული ანალოგია და წარმოებულია კლინიკური ტესტირებისთვის. მოკლე დროის განმავლობაში შეფასდება მისი წინაკლინიკური გამოკვლევები“, - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მედიკამენტის კლინიკური გამოცდა 10-12 დღეზე ადრე არ დაიწყება. მანვე დასძინა, რომ უწყება გარკვეულ რისკებს ხედავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის დეფიციტზე.

გარდა ამისა, ჩინური მედიის ცნობით, ბოლო პერიოდში ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინცია ჰელიონჯანგში იმატა რუსეთის მხრიდან საზღვრის დარღვევებმა, რაც კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. პირები, ვინც მსგავსი ფაქტის შესახებ განაცხადებენ, 3000 უანით დაჯილდოვდებიან, ხოლო ის, ვინც დააკავებს არალეგალურ მიგრანტს, 5000 უანით. პროვინცია მკაცრ კარანტინში ჩაკეტეს, ამოქმედდა ცხელი ხაზიც.

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, პროვინციაში რუსეთიდან ჩასულთა ნაწილს კორონავირუსი აღენიშნება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეპიდემიის გავრცელებაზე.

„ეს განგაშის საფუძველია. ჩინეთმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს ვირუსის ქვეყანაში შემოტანა“, - წერს გამოცემა.

მხოლოდ ორშაბათს ჰელიჯანგში კორონავირუსის 79 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი იმპორტირებული იყო რუსეთიდან.

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა

რუსი პოლიტიკოსი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა

კორონავირუსის პანდემიის გამო ყავაზე პანიკური მოთხოვნაა - შესაძლოა მსოფლიოში მისი დეფიციტი შეიქმნას