ე.წ. მაზავშიკების საქმის გამო დაკავებულ გიორგი დემეტრაძეს მთელი უკრაინული და ქართული საფეხბურთო სამყარო ამოუდგა მხარში, მაგრამ მის თავდებით გათავისუფლებას მაინც არავინ აპირებს. აპირებს კი არა, დიდი შანსია, გიორგის მალე გვერდით არანაკლებ ცნობილი სახეები მიუსვან, თუმცა ამაზე შემდგომ.
როგორც შევიტყვეთ, საპყრობილიდან დემეს გამოშვება ამ ეტაპზე მხოლოდ ვატო ყიფიანს შეუძლია. იგი ამჟამად კიევშია და დემეტრაძის ბინაში ცხოვრობს. არ გეგონოთ, ეს ხელისუფლებისთვის უცნობი იყო. პირიქით, ყველაზე კარგად ამის შესახებ გივი თარგამაძეს მოეხსენება, რომელიც თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე კიევში ყიფიანს სწორედ დემეტრაძის ბინაში სტუმრობდა.
ეს ინფორმაცია უკრაინიდან გასულ კვირას მოგვაწოდეს და ისიც გვითხრეს, რომ თარგამაძე მარტო არ ყოფილა და მას კიდევ ორი უცნობი პიროვნება ახლდა. იმავე წყაროს ცნობით, ვასილიჩს ყიფიანისთვის სპეციალური დავალება ჰქონია.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქ არსებულ ქართულ ბიზნესს, რომლის დიდი ნაწილიც, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ თარგამაძეს ეკუთვნის, საფრთხე შეექმნა არა მარტო უკრაინული ხელისუფლებისგან, არამედ ადგილობრივი კრიმინალებისგან. ვასილიჩის ბიზნესს ლაშა შუშანაშვილი და გია ხმელიძე "კრიშავდნენ", მაგრამ მათთან ურთიერთობა ცნობილი მიზეზის გამო გაფუჭდა და დღეს შუშანაშვილი იმალება, ხმელიძე კი პრაღაში დააკავეს და სასამართლოს ელის.
შესაბამისად, გივი თარგამაძის ბიზნესს "კბენა" უკრაინაში არსებულმა ჩეჩნურმა კლანმა დაუწყო და ყიფიანს სწორედ ამ პრობლემის მოგვარება დაევალა. როგორც ამბობენ, ვატომ ვასილიჩს პირობა მისცა, რომ საქმეში გაერკვეოდა, მაგრამ მერე ჩეჩნებთან დაპირისპირებას თარგამაძის "გადაგდება" არჩია და ყიფიანის მეგობრების დაკავებამაც არ დააყოვნა.
ჩეჩნური კლანი კი უკან დახევას არ აპირებს და ახლა ყიფიანს პირობის შესრულება ერთი-ორად გაუჭირდება, რადგან უკრაინაში მოქმედი ქართული კრიმინალური დაჯგუფება, პრაქტიკულად, გავლენის გარეშე დარჩა და როცა საუბარი მილიონებზეა, დათმობა და ქართული პოლიტიკური ამბები ჩეჩნებს არ აინტერესებთ.
დასასრულ, ჩვენი ინფორმაციით, ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ქართველი კანონიერი ქურდი ციხიდან გაათავისუფლონ და უკრაინაში დააბრუნონ, რათა მან შეძლოს და ბიზნესის ნაწილი გადაარჩინოს.
ლაპარაკია ციხის ბუნტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ და მერე ზარ-ზეიმით დაკავებულ ტარიელ ფოცხვერიაზე. ჩვენი ინფორმაციით "ტარასას" ამ თემაზე უკვე ესაუბრნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით შეთანხმება ვერ მოახერხეს.
სწორედ ამიტომ გადაიდო მისი შეყვანა შეწყალებულთა სიაში და თუ შეთანხმება შედგება, მაშინ მორიგი შეწყალების აქტი მარიამობისთვის გამოიცემა და იქ ფოცხვერიას გვარი დიდი ასოებით ჩაიწერება.
დავით მინდიაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)