ავტორი:

რა სხვაობაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის - დალი ცატავა სააღდგომო სუფრის რიტუალებზე

რა სხვაობაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის - დალი ცატავა სააღდგომო სუფრის რიტუალებზე

აღდგომის მოახლოებისთანავე, სოციალურ ქსელში აქტიურად იწყება სხვადასხვა საკითხის განხილვა, მათ შორისაა: რომელია სწორი ფორმა - აღსდგა თუ აღდგა?, სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი პასკაა თუ ხატისპური და ა.შ.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტს დალი ცატავას, AMBEBI.GE-მ სწორედ სააღდგომო სუფრის მთავარ ატრიბუტთან დაკავშირებით სასაუბროდ მიმართა:

- საერთოდ, ბევრს ჰგონია, რომ გასტრონომიული კულტურის საკითხებზე საკუთარი აზრი უნდა გამოხატოს, მაგრამ რამდენად კომპეტენტურია, ამაზე არავინ ფიქრობს... ეს საგანი არც ჩვენს წინაპრებს, არც ჩვენ არ გვისწავლია და ახალ თაობასაც არ აქვს ამ მიმართულებით ცოდნა.

"პური" საკულტო თემაა არა მარტო ქართულ კულტურაში, არამედ ზოგადსაკაცობრიო საკითხია. ჩვენს ქვეყანაში ქართველების 80% მართლმადიდებელი ქრისტიანია. ქრისტიანებს იცით, გვაქვს ლოცვა „მამაო ჩვენო“, სადაც არის ფრაზა - „პური ჩვენი არსობისა“, რაც პურს უკავშირდება...

ამის გარდა, ჩვენს კულტურაში დიდი ადგილი უკავია ნადიმის თემას, ტრაპეზს, პურობას, რასაც პურის გატეხვასაც ვარქმევთ, მაგალითად, ძუნწ ადამიანს პურძვირს ეძახიან, ხელგაშლილს - პურღვინიანს. ეს მულტიმედიური საგანია, ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს უნდა იცნობდე, იცოდე ფიზიკა, ქიმია, ანთროპოლოგია, გეოგრაფია, პოლიტიკა.

საქმეში ფიზიკა რომაა ჩართული, ამაზე ის მეტყველებს, რომ პური სხვადასხვანაირი წესით ცხვება - თონეში, კეცზე, ფურნეში, ქვაზე, ცეცხლზე. ამ საქმეში გეოგრაფიაც ერთვება, რადგნაც ხორბალი რომელი რეგიონიდანაა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ქალბატონო დალი, პასლა არის თუ არა მართლაც ხატისპური?

- პასკა სარიტუალო პურია, მაგრამ ხატისპური ნამდვილად არ არის. არადა, სარიტუალო პურებში უამრავი სახეობა (ლიკან ლავაში, აგუნას პური, ლემზირები, კვიკვინები) გვქონდა.

ხატისპური, სახატო ქადაა, იგივე ტკბილი პური, რომელსაც მთაში აცხობდნენ. პურის სახეობებს სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული: სააღდგომო, საშობაო. მაგალითად, რაჭაში განატეხ პურს აცხობდნენ, ეს ის პურია, რომელიც ბოსელში შეჰქონდათ აღდგომის, შობის ღამეს, რაც დაკავშირებული იყო გამრავლებასთან. აღდგომაც ხომ გაზაფხულზე, ბუნიობის პერიოდშია, რაშიც ახალი სიცოცხლის დაწყება იგულისხმება.

სააღდგომოდ სპეციალურად „ტაბლებსაც“ აცხობდნენ - დაიდებდნენ მას ხელისგულზე და ალიონზე მზეს შეავედრებდნენ, რომ მოსავალი ჰქონოდათ, რადგანაც ყანას უვლიდნენ...

ტკბილი ქადაც სარიტუალო პურია, რომელიც ხატობაზე მიჰქონდათ. ის შეიძლება სარიტუალო ხატისპურის ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილოთ. ხევსურეთში სატაბლო პური (თხელი პური) ჰქონდათ, მას მიწების მოხვნის დასრულებისას, სათითაოდ ფიცრებზე ჩაამწკრივებდნენ და ისიც ხატისპური იყო... ასე რომ, პასკა ნამდვილად არ არის ხატისპური.

- რა არის პასკა?

- პასკა, როგორც ვთქვით, სარიტუალო პურია, რომელიც საგანგებოდ აღდგომისთვის ცხვება, ადრე არტოსი (ბერძნული წარმოშობის სიტყვა) ერქვა. არტოსი მაღალი სქელი პურია, რომელიც აღდგომის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში აღსავლის კართან იდო, შემდეგ კი მორწმუნეებს ურიგდებოდათ.

- არტოსი ახლაც ურიგდებათ მორწმუნეებს...

- კი, მაგრამ მათ შორის სხვაობა ის არის, რომ ამჟამად მას აღსავლის კართან ეკლესიის მსახურები დებენ. ადრე არტოსს ქალბატონები აცხობდნენ, მაგრამ თუ ქალს დედათა წესი ჰქონდა, ცომს ახლოს არ გაეკარებოდა.

სანამ ამ პურს გამოაცხობდა, წინასწარ მარხული უნდა ყოფილიყო, ფქვილი კი, რომელსაც გამოიყენებდა, ზედაშე (მთელი წლის განმავლობაში ცალკე შენახული). გამომცხვარ პურს ეკლესიაში იმდენ ცალს წაიღებდა, ოჯახში რამდენი წევრიც ჰყავდა. ეკლესიას სამჯერ შემოატარებდა და მერე აღსავლის კართან დადებდა.

- არტოსი მაინცდამაინც აღდგომას რატომ უკავშირდებოდა?

- ის მოციქულთა პერიოდიდან იღებს სათავეს, საიდუმლო სერობისას უფალმა მოციქულებს პური გაუნაწილა, თავად მაგიდის ცენტრში იჯდა. იმის მერე ისინი ცენტრში არასდროს დამსხდარან, ის ადგილი ცარიელი იყო, სადაც პურს, როგორც არსობის სიმბოლოს, დებდნენ.

შემდეგ ეს წესი იმაში გადაიზარდა, რომ პური ყოველთვის იქ უნდა ყოფილიყო, სადაც უფალი იყო, - ამ ყველაფერმა სიმბოლური დატვირთვა მიიღო... იმ მაგიდას, სადაც წირვისას კვეთა ხდება, ტრაპეზი ჰქვია... ასე რომ, ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

- თავად პასკის სახელწოდება რას უკავშირდება?

- ის ებრაული პასექის დღესასწაულიდან მოდის, როდესაც ებრაელები ხმიადებს აცხობდნენ, რადგანაც ისინი საფუვრიან პურს არ ჭამდნენ. საფუარი მართმადიდებლურ სარწმუნოებაში სასუფევლის სიმბოლოა. საფუვრის მცირე ნაწილი ცომს აფუებს.

საინტერესო ისიც, რომ პასკას XIX საუკუნის თბილისში ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით აცხობდნენ... თუ გენიალური მხატვრის, ნიკალას ნამუშევრებს გადავხედავთ, სააღდგომო თემაზე არაერთი ნამუშევარი აქვს შექმნილი და ამ მიმართულებითაც უამრავი შედევრი დაგვიტოვა - უმეტესად სააღდგომო სუფრა, რომელზეც პასკაც დევს, რაც მთავარია, ყოველი მათგანი საკმაოდ მაღალია.

პასკის სიმაღლე გოლგოთას აღნიშნავს, ანუ პასკა რაც უფრო მაღალია, მით უფრო მძიმეა, რადგანაც გოლგოთის გზა მძიმეა. ამიტომაც არის ის უამრავი ნუგბარით დატვირთული - ცუკატით, კარაქით, ფქვილით, ქიშმიშით. ადრე შაქარი რომ არ იყო და თაფლით ატკბობდნენ...

სააღდგომოდ ქართლის რეგიონში ნაზუქებს ამზადებდნენ, პასკა ადრეულ პერიოდში არ იყო გავრცელებული, ის მერე და მერე შემოვიდა. ნაზუქებსაც თაფლით ატკბობდნენ, ასევე უმატებდნენ ყველანაირ სანელებელს - ცუკატს, ქიშმიშს, ცომი რძეზე იზილებოდა. ის აუცილებლად ტკბილი უნდა ყოფილიყო. საგალობელიც კია ასეთი - "ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავე მე სიმართლენი შენი“.

სულიერი სიტკბოების მიწიერად ასახვაშია ყველა სარიტუალო პურის დანიშნულება. ასე რომ, პასკა უკვე შემდეგი პერიოდების არტოსის სახეცვლილებაა, რაც პასექის დღესასწაულს უკავშირდება.

- პასკას მთაში არ აცხობდნენ, ხომ?

- მხოლოდ ტკბილ ქადებს და ხატობაზე მიჰქონდათ. სვანები აცხობდნენ ლემზირებს (სარიტუალო პური ტკბილიც და მარილიანიც), კიდევ არის არაერთი დასახელების სარიტუალო პური, რომელიც სააღდგომო მაგიდაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. როგორც წესი, ფქვილი, წყალი და მარილი, სიტკბოსთან და ცეცხლთან ერთად გაერთიანებული სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ყველას გვაერთიანებს და ძალას გვაძლევს.

ამრიგად, პასკას არ შეიძლება, რომ ხატისპური ერქვას. ხატისპური ქართულ კულტურაში სარიტუალო პურის ერთ-ერთი ვარიაციაა.

- რა სხვაობაა კულიჩსა და პასკას შორის?

- განსხვავება დიდია. პასკას რუსულ მართლმადიდებლურ კულტურაში პასხას ეძახიან, მას რძის ნაწარმისგან ამზადებენ, - ხაჭოს კარგად გაქნიან, დაუმატებენ ტკბილეულს, ცუკატს, ქიშმიშს, ჩირეულს. წითელ პარასკევს რიტუალური წესით მზად უნდა იყოს.

კულიჩი სლავური კულტურის ნუგბარია და ისიც რიტუალური ტკბილი პურია. ზოგიერთი მკვლევარი ამ კულიჩს ასე განმარტავს - "კოლა" ძველ რუსულად მზეა, „ჩა“ შვილი, ანუ მზისშვილი. როგორც ჩვენს ქართულ კულტურაში, ასევე ძველ სლავურ კულტურაში შეიძლება პარალელები გავავლოთ წარმართულსა და ქრისტიანულის ნაზავს შორის.

მსგავს პურებს რაჭაში რომ აცხობდნენ, ამაზე წყაროებში წერია, რომ "ზემოდან მოაჭიკჭიკებდნენ". ბორჯღალოს ფორმის „შტამპივით“ ჰქონდათ, რასაც ცომზე აკრავდნენ, რომ მზის ფორმა ჰქონოდა.

რაკი სლავურ კულტურაში კულიჩი მზის შვილს ნიშნავს, ამიტომაც მას ნაწნავის ფორმას აძლევენ და მისი ცომისგან წრეს კრავენ. ისეთი სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა, რომ სტუმარს კულიჩით ეგებებოდნენ, იმ ცარიელ წრეში კი მარილი იდო. პურს მოტეხავდნენ და მარილში ჩააწობდნენ. პურ-მარილის მიღების ტრადიცია ჩვენც გვაქვს გასტრონომიულ კულტურაში. ამიტომ, საერთო ბევრი რამ არის ამ მიმართულებით, რადგანაც ჭამა ყველას აერთიანებს.

კულიჩი მოგვიანებით გახდა, როგორც სააღდგომო ერთ-ერთი საფუვრიანი ცომეული, თან ისიც ყველანაირი ნუგბარით და შესაბამისი ინგრედიენტით გაჯერებული. კულიჩი სანადიმო-სადღესასწაულო-საწვეულებო პურია. ვინაიდან აღდგომა და შობა ყველაზე დიდი რიტუალური დღესასწაულებია, ამიტომაც ცხვება პასკაც და კულიჩიც. ოღონდ, კულიჩი პასკის მსგავსად, არ არის მაღალი...

მოკლედ, ყველაფრის საწყისი პურია, რადგანაც ის არსობის სიმბოლოა, გამრავლების, სიძლიერის განსახიერებაა და იმის, რომ უფალი მუდმივად ჩვენთან სუფევს.

ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა - რა გართულებებზე საუბრობენ ექიმები

პოლიციელების მიერ სასულიერო პირებისათვის სასაფლაოზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

მესტიაში სამაშველო ოპერაციის დროს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - "უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი და დახმარებას ითხოვდა"