ავტორი:

"ქართული ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებას არ ემორჩილება... წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს" - რას წერს CNN საქართველოზე

"ქართული ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებას არ ემორჩილება... წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს" - რას წერს CNN საქართველოზე

ერთი შეხედვით, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ახლა მას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. კვირას მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიაში - "საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია იზოლაციის მიუხედავად აღდგომას მრევლს უმასპინძლებს", საუბარია იმ ღონისძიებებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გაატარა, ასევე იმ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე, რაც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა გამოსცეს და აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მათ მოწოდებას არ ემორჩილება.

"ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირების მოწოდებას არ ემორჩილება. ქვეყნის მასშტაბით ღია რჩება და ცერემონიების ჩატარებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტების თქმით, ეს შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს... იმ შემთხვევაში, თუკი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, მან, შესაძლოა, ქვეყანა ყველაზე დიდი რისკის წინაშე დააყენოს. თუკი სააღდგომო დღესასწაულებზე ბევრი ადამიანის თავმოყრა მოხდება, საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაფიქსირებული წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს,“ - წერს CNN-ი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ბზობის დღესასწაული აღინიშნა და ტაძრებში ჩატარებული ღვთისმსახურებები მთავრობის მიერ 30 მარტს გამოცემული განკარგულების აშკარა დარღვევით ჩატარდა, რომელიც სამ პირზე მეტის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს.

სტატიაში ზიარების რიტუალზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიები ამ რიტუალის ჩატარებაზე უარს არ ამბობენ.

"ხშირად კოვზი არც კი ირეცხება ზიარების დროს გამოყენებათა შორის"", - განუცხადა CNN-ს „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორმა სალომე კანდელაკმა.

გავლენიანი მედიასაშუალება იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიის დაჟინებულობა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, რაც სხვა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა განახორციელეს.

„რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მრევლს სახლში დარჩენისკენ ოფიციალურად მოუწოდა. ბერძნულმა ეკლესიამ კი წირვების ჩატარება 16 მარტამდე გადადო,“ - აღნიშნულია სტატიაში.

"ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე..." - ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქალის მეუღლე პირველად შეხვდა შვილებს

როგორია COVID-19-ის მკურნალობის რეალური პროტოკოლი საქართველოში - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულის ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა