ავტორი:

არეულობა ვლადიკავკაზში - "მთავრობამ პროტესტი ისე წარმოაჩინა, თითქოს კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ"

არეულობა ვლადიკავკაზში - "მთავრობამ პროტესტი ისე წარმოაჩინა, თითქოს კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ"

ვლადიკავკაზში უკვე მეორე დღეა, რამდენიმე ათასი ადამიანი აქციებს მართავს. აქციის მონაწილეები კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ მექანიზმებს აპროტესტებენ.

მათი მოთხოვნის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება "ვირუსის ამბებს იგონებს და სინამდვილეში ხალხის გასაჩუმებლად სჭირდება..." მოქალაქეების ეს კატეგორია თვითიზოლაციის მოხსნას, ბიზნესის, სკოლებისა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გახსნას მოითხოვს.

თუმცა, საზოგადოების მეორე ნაწილის მოსაზრებით, რეალურად ამ აქციებზე მოქმედი ხელისუფლების, ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერის ვიაჩესლავ ბიტაროვის გადადგომას ითხოვენ, სამთავრობო მედია კი ინფორმაციას აყალბებს, რათა აქციის მონაწილეებმა მხარდამჭერები არ მოიპოვონ.

აქციის მოთხოვნებში ასევე გაჟღერდა ვიტალი კალოევის გათავისუფლების მოთხოვნა - ეს ის კაცია, რომელმაც მოკლა შვეიცარიელი დისპეტჩერი, ვის შეცდომასაც ავიაკატასტროფა მოყვა, ამ კატასტროფის დროს კი კალოევის ცოლი და შვილები დაიღუპნენ. კალოევი ჩრდილოეთ ოსეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ადგილობრივები მას "ეროვნულ გმირს" უწოდებენ.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ოპოზიციის ლიდერები მოითხოვენ, არსებულმა მთავრობამ 8 მაისამდე დატოვოს ხელისუფლება და ახალი მთავრობის წარმომადგენლად ვიტალი კალოევი დაინიშნოს.

ამ ფონზე ბიტაროვის ხელისუფლება კრემლის პოლიტიკას აგრძელებს და აცხადებს, რომ წარმატებით ართმევს თავს კორონავირუსის გამოწვევას. სინამდვილეში კი, გაბედული ექიმები საუბრობენ საკუთარი ხალხის გენოციდზე და წყალში ჩაყრილ იმ შრომაზე, რაც მათ ბოლო კვირების განმავლობაში გასწიეს.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ანა ბერნიკოვა ამბობს, რომ ბიტაროვის ხელისუფლება თავისი მოსახლეობის აბუჩად იგდებას და მათი მოთხოვნების გაყალბებას ცდილობს.

"რუსული და ადგილობრივი სამთავრობო მედია ჩვენს პროტესტს ისე წარმოაჩენს, თითქოს ქუჩაში გამოსული ადამიანები არაადეკვატურები იყვნენ და კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ. ამის გამო უკვე დაგვცინეს დანარჩენ რუსეთში... სინამდვილეში, კორუმპირებული ხელისუფლებისგან ვირუსზე რეალური ინფორმაციის მიწოდებასა და შემდეგ გადადგომას ვითხოვთ.

ბიტაროვის ხელისუფლებამ ქუჩაში სპეცრაზმი გამოიყვანა. შემდეგ თავადაც გამოვიდა სასაუბროდ, რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად და რახან მედიაც თან ახლდა, მართლა ვირუსზე დაიწყეს საუბარი. მე არაფერი მომიგონია, ეს ვირუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებულიო... არც მოგვისმინა, არც ოპერის მომღერალ და ოპოზიციონერ, უკანონოდ დაკავებულ ვადიმ ჩელდოევის გათავისუფლებაზე უთქვამს რამე.

ვიაჩესლავ ბიტაროვი აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ მივიდა

არადა, აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა მისი გათავისუფლებაც არის. მას ხელისუფლებამ არაერთი საქმე “შეუკერა.” მათ შორის, პოლიციელზე თავდასხმა... წარმოუდგენელია იმის მოთმენა, რაც ახლა რესპუბლიკაში ხდება თუნდაც ვირუსთან დაკავშირებით, - გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, საშიში არაფერია, მაგრამ სახლში უნდა დავრჩეთ. სრულიად მოუმზადებელია საავადმყოფოები, საზოგადოება... დიახ, რისკია ახლა ქუჩაში გამოსვლა, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს, რაც უფრო ჩუმად ვართ, უფრო გვავიწროებენ" - ამბობს ვლადიკავკაზელი ქალი.

"მომიტინგეები ხელისუფლების შეცვლას მოითხოვენ და არა, თვითიზოლაციის მოხსნას, როგორც ამას წარმოაჩენენ... ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს იქაურ ნათესავებთან და მათგან ვიღებ ინფორმაციას" - წერს ინტერნეტმომხმარებელი დიანა თინიკაშვილი.

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ადვილად არ დათმობს: "თუ პროტესტი გაძლიერდა, შესაძლოა, ის “ომონით” დაშალონ... ფაქტია, ხელისუფლება ასე ადვილად უკან არ დაიხევს".

news-r.ru იტყობინება, რომ მომიტინგეებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც კორონავირუსის არ სჯერა და მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამ საფრთხეს იგონებს, რათა ადგილობრივები სახლში დარჩნენ და აქციაზე არ გამოვიდნენ. “ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო, ასევე, აპროტესტებენ ვირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გავრცელებულ არასრულყოფილ ინფორმაციასაც..." - წერს გამოცემა.

ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის 145 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა ორი ადამიანი.

ასლან ბჟანიას მოულოდნელი ვიზიტი რუსეთში და აფხაზების მოლოდინები - "რას ჩამოიტანენ მოსკოვიდან, მაგაზეა მათი მომავალი დამოკიდებული"

აფხაზურმა "მილიციამ" 29 წლის ბიჭი სავარაუდოდ, წამებით მოკლა - "ეს ბჟანია-ანქვაბის გუნდისთვის პირველი გამოცდაა..."

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა