ავტორი:

აქცია მარნეულში - გუბერნატორსა და "ევროპული საქართველოს" წევრს შორის დაპირისპირება მოხდა

აქცია მარნეულში - გუბერნატორსა და "ევროპული საქართველოს" წევრს შორის დაპირისპირება მოხდა

მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

საპროტესტო აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რასაც მასსა და “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს. მისივე თქმით, ეს აქცია პოლიტიკურად მართულია.

“ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის ბოლნისშიც შევიდეს. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა. დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისგან არავინაა დაზღვეული, იდეალური პროცესი შეიძლება არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი”, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქის მოსახლეობა გასულია რეგიონებში, ქალაქში იმდენი მოთხოვნილება არ არის, როგორიც იყო და ამიტომ მოსაგვარებელია რეგიონების მომარაგება. "ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვართ საქმიან, ყოველწუთიერ ურთიერთობაში, ველაპარაკეთ სადისტრიბუციო კომპანია "ჯიბესაც" და მათ აქვთ სურვილი, რომ მათ თანამშრომლებს არ შეეხოს ე.წ. კომენდანტის საათი, რათა ისინი დარჩნენ, იმიტომ, რომ დახარისხება მოასწრონ ამ პროდუქტის და უფრო მეტი ტემპით გავიდეს პროდუქტი, რომ აქედანაც გავიტანოთ უფრო მეტი", - აღნიშნა გუბერნატორმა.

მოგვიანებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარაგების მართვის შტაბის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების შედეგად, ისინი პროტესტის გაგრძელებას აღარ აპირებენ.

"მოგეხსენებათ, კომპანია ჩამოდის აქ, რომელმაც გუშინ და გუშინწინ იყიდა დიდი რაოდენობით კიტრი და წაიღო. ჯერჯერობით კიტრზეა საუბარი. დღესაც იტვირთება ამ კომპანიის ორი დიდი ტრაილერი, გზაშია კიდევ სამი ტრაილერი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შემოვა და დადგება იმ სოფლების ცენტრებში, სადაცაა ეს პროდუქცია. ფასის მხრივ მათ ერთმანეთში მოილაპარაკეს, ჩვენ აქ ვერ ჩავერეოდით ეს ორი კერძო სუბიექტის მოლაპარაკების საგანია. ჩასაბარებელი ფასი არის 1 ლარი, რომლითაც როგორც გლეხია კმაყოფილი, ასევე თვითონ შემსყიდველი. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი დადებითად გადაწყდა და აქციის მონაწილეები პროტესტს აღარ აპირებენ" - განაცხადა კალანდაძემ.

"კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა" - ლალი ტურძელაძე

საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა