გიყვართ თქვენი ავტომობილი და ცდილობთ, შეძლებისდაგვარად მოუაროთ? - მაშინ ყურადღებით დააკვირდით ზეთს, რომელსაც ავზში ასხამთ - გვაფრთხილებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
- ბატონო ვანო, ახლახან თქვენ ოფიციალურად განაცხადეთ, რომ საქართველოში ფალსიფიცირებულ საავტომობილო ზეთებს ყიდიან.
- რა თქმა უნდა, და ამის დასაბუთებაც შემიძლია.
- როგორ ახერხებენ ფალსიფიკატორები საეჭვო ხარისხის ზეთის გასაღებას?
- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ "დამნაშავე" ზეთის მწარმოებელი ბრენდების ჭურჭელია. მოგეხსენებათ, ასეთი კომპანიები საკმაოდ არიან ჩვენს ბაზარზე -"მობილი", "არალი", "კასტროლი", "თეგეტა მოტორსი" და ა.შ. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. როდესაც ზეთის გამოცვლის ობიექტს რჩება ცარიელი ჭურჭელი, ამ ჭურჭელს ფალსიფიკატორი აგროვებს და მასში ასხამს სულ სხვა, გამოცვლილ სითხეს, რომელსაც ცნობილი ბრენდის მიერ გამოშვებულ ზეთთან საერთო არაფერი აქვს, გარდა ჭურჭლისა. მომხმარებელს ჰგონია, რომ მაღალი ხარისხის ზეთი შეიძინა, სინამდვილეში კი ასე არ არის.
- უფრო კონკრეტულად, რით შეიძლება შეცვალოს ფალსიფიკატორმა ცნობილი ბრენდის ზეთი?
- ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე შემოაქვთ ირანული ზეთები, რომელიც ძალიან უხარისხოა. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში. მისი ფასი, ძირითადად, 3-4 ლარია. ამგვარ ზეთს ასაღებენ ძვირად ღირებულ, მაღალი ხარისხის ზეთად და სოლიდურ მოგებასაც ნახულობენ, რადგან ცნობილი ბრენდების მიერ გამოშვებული ზეთის მინიმალური ფასი 6-7 ლარიდან იწყება და 22-25 ლარამდე ადის.
- მაინც რა ზიანი შეიძლება მოუტანოს უხარისხო ზეთმა ავტომანქანას?
- უხარისხო ზეთი ძრავასაც აზიანებს და მანქანის ნაწილებსაც. ძრავის გარემონტება კი საკმაოდ ძვირი ჯდება. მეტი რაღა ზიანი უნდა მოუტანოს? სავალალო არის ის, რომ ასეთ პროდუქტს უკვე ბევრგან შეხვდებით.
ჩვენ უკვე რამდენჯერმე შეგვხვდნენ საავტომობილო ზეთების მწარმოებელ კომპანიათა წარმომადგენლები, შეხვედრა გვქონდა ბიზნესომბუდსმენ გიორგი პერტაიასთანაც. კომპანიებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ, ბაზარზე თავიანთ ადგილი დაიმკვიდრონ, ვიღაც ფალსიფიკატორი ეცილება, ბუნებრივია, მათი შემოსავალიც იკლებს და მომხმარებელიც ზარალდება. მით უმეტეს, იაფფასიანი ზეთის გარჩევა ძვირად ღირებულისაგან პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ლაბორატორიული შემოწმება არ ჩაუტარდა.
- ბატონო ვანო, საინტერესოა, სად იყიდება ფალსიფიცირებული ზეთები და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მომხმარებელი?
- საქართველოს უამრავ ადგილას ვხვდებით ფალსიფიკაციის შემთხვევებს - პირველ რიგში ბაზრობებზე, ზეთის გამოცვლის ობიექტებზე. კომპანიების წარმომადგენლები დადიან და ხვდებიან, რომ ეს ზეთი მათი არ არის. ყუთი მათია, მაგრამ არა აქვს დამცავი მექანიზმი, ჰოლოგრამა, რომლის მიხედვითაც შეიძლება ნამდვილი ზეთის ამოცნობა. თუ სამართლებრივი ბერკეტები არ ამოქმედდა, ამ პრობლემასთან გამკლავება რთულია.
რასაკვირველია, მძღოლიც ყურადღებით უნდა იყოს. ფალსიფიკაციისაგან თავი რომ დავიცვათ, ზეთი უნდა შევიძინოთ ცნობილი ბრენდების სადისტრიბუციო ქსელში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გეგონოთ, რომ შეიძინეთ 20-25 ლარად ღირებული ზეთი, ავზში კი 2-ლარიანი ჩაგისხან.
ჩვენი ორგანიზაციის წევრები ნამდვილად არ ვაპირებთ გულზე ხელის დაკრეფას და სექტემბრიდან სერიოზულ მონიტორინგს ვიწყებთ. საქართველოში არსებობს აკრედიტებული ლაბორატორია, რომლის საშუალებითაც გვინდა შევამოწმოთ საავტომობილო ზეთები ყველა პარამეტრის მიხედვით. მოვიწვევთ კომპანიების წარმომადგენლებს, მასმედიას და, რა თქმა უნდა, სამართლებრივ სტრუქტურებსაც რადგან მათი ჩარევის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება.
- დასასრულ, შეიძლება მკითხველმა დაასკვნას, რომ ყველა ირანული ზეთი უხარისხოა?
- ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ირანიდან შემოსული ყველა ზეთი უვარგისია, უბრალოდ, ამ ქვეყნიდან შემოდის საავტომობილო ზეთი, რომელიც ძალიან დაბალი ხარისხისაა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)