ავტორი:

"ოცნება" კორონავირუსს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს" - "გაყინული" წინასაარჩევნო პროცესი და ოპოზიციის გეგმები

"ოცნება" კორონავირუსს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს" - "გაყინული" წინასაარჩევნო პროცესი და ოპოზიციის გეგმები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, საგანგებო მდგომარეობა კი რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა, ყველაფერთან ერთად პოლიტიკურ პროცესზე, წინასაარჩევნო პერიოდზეც ახდენს გავლენას.

AMBEBI.GE ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ესაუბრა მიმდინარე პროცესების, შექმნილი ბარიერებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მიუთითებს, რომ ოპოზიცია ხელფეხშეკრულია.

- ოპოზიციამ ჯერ ერთი, თავი შეიკავა კრიტიკისგან, და თუ არ არის ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა და სერიოზული დარღვევები, ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლების მისამართით უფრო შემწყნარებელი ყოფილიყო, მაგრამ მთავრობა უკვე უამრავ შეცდომას უშვებს. განსაკუთრებით იმას, რომ ფაქტობრივად, მშიერი დატოვა ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე, ჩაკეტა სახლში და დღემდე არავითარი დახმარება არ არის გაწეული, მათ შორის - ფინანსური.

მაშინ როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ყველაზე მკაცრი რეჟიმია, რომელ ოპოზიციურ აქტივობაზე შეიძლება ლაპარაკი? ამ პერიოდში ხელისუფლება ფაქტობრივად, გაქანებულ წინასაარჩევნო კამპანიაშია - ბიუჯეტიდან ხარჯავენ ფულს და ამას ასაღებენ, როგორც "ქართული ოცნების" მხარდაჭერას. შექმნეს რაღაც ფონდი მაჟორიტარებმა, შეიტანეს 100 ათასი, ამ ფონდს ჯერ ივანიშვილმა შეუერთა 100 მილიონი და შემდეგ ბიზნესმენებს აიძულებენ ფულის შეტანას და მაშინ გაუხსნიან რომელიმე ობიექტს.

სინამდვილეში, შეიძლებოდა ქვეყანას მართლაც სერიოზული მხარდაჭერა მიეღო, არაფორმალური მმართველობა რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლებას ავტორიტეტი და პირდაპირი შეხება რომ ჰქონოდა თავის პარტნიორებთან და კოლეგებთან დასავლეთში, თუნდაც, პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს. მაგრამ ვის სჯერა ჩვენი პრეზიდენტის სიტყვების? "ტვიტერზე" 20 პასკა დადო, ერთმანეთზე უარესი, სადღაც გამომცხვარი.

VIDEO: გაყინული წინასაარჩევნო პროცესი - რა ბარიერები აქვს ოპოზიციას და როგორია მათი გეგმები პანდემიის პირობებში?

ვხედავთ, არ არის საჭირო მოსახლეობის გაღიზიანება ზედმეტი კრიტიკით, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც ვერ დაიცვა. აკრძალულია მანქანებით სიარული, მაგრამ უამრავი მანქანა დადის - ვიღაცა "ბლატნოი" ტიპები, რომელთაც ეს საშვები აქვთ საიდანღაც ან იციან, რომ ვერავინ გააჩერებთ; ძალოვნები, პოლიციელები, სამხედროები, სამღვდელოება, ჩინოვნიკები - პრივირეგილებური კასტა გაჩნდა, რომლისთვისაც შეზღუდვები არ მოქმედებს.

შეზღუდვები დაწესებულია არარაციონალურად და ისევ საკუთარი უსუსურობის და უგუნურობის გამო - უგუნურად მოიქცა წინასააღდგომოდ ხელისუფლება და გონიერად მოიქცა ხალხი, სწორედ ხალხმა გადაგვარჩინა

შესაბამისად, პოლიტიკური მუშაობის ფორმები არ შეგვიჩერებია, ყველა შეცდომაზე ვამახვილებთ ყურადღებას, გარდა ამისა, მივუთითებთ სწორი მიმართულებით - ოპოზიციის ერთ-ერთი მოვალეობა თანამშრომლობაა, თუნდაც კრიტიკის გზით. რომ არა ზეწოლა, მაგალითად, დღემდე არ იქნებოდა კომუნალური გადასახადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მთელი ოპოზიცია დაირაზმა ამ იდეის ირგვლივ" - აღნიშნავს გოცირიძე.

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ იმ არასწორი ნაბიჯების გამო, რომელსაც ამ კრიზისის ფონზე პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დგამს, ოპოზიცია მძიმე ვითარებაშია.

- ფაქტობრივად, უვადო კარანტინი და შეზღუდვები გვაქვს გამოცხადებული, რადგან არ გვაქვს სწრაფი ტესტირება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი იარაღია კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.

"ქართული ოცნება" კორონავირუსის საკითხსაც კი თავისი პოლიტიკური ბინძური მიზნებისთვის იყენებს, უარს ამბობს ჩვენ მიერ შეთავაზებულ დახმარებებზე თუ სამოქმედო გეგმებზე, რაიმე რეკომენდაციის ან მოსაზრების მოსმენაზე, და ერთადერთი, მაქსიმალურად ცდილობს, იპოზიოროს ტელევიზიით, ხალხს მოაწონოს თავი.

VIDEO: გაყინული წინასაარჩევნო პროცესი - რა ბარიერები აქვს ოპოზიციას და როგორია მათი გეგმები პანდემიის პირობებში?

აღდგომასთან დაკავშირებითაც მათი გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკურად იყო მოტივირებული და არა - ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვით. ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული უნდა იყოს, რადგან ოქტომბერშია არჩევნები, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერაფერსაც ვერ ვაკეთებთ, რადგან უბრალოდ, ხალხთან კონტაქტის შესაძლებლობა არ გვაქვს, გამოკეტილები ვართ სახლებში, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქე.

მოკლებულები ვართ იმ ფუფუნებასაც, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - რომ თავისთვის, თავისი ხალხისთვის საშვებიც დაარიგეს. ინფორმაცია მაქვს, რომ ზოგიერთ სოფელში "კარდაკარსაც" კი აკეთებენ მათი აქტივისტები, ფლაერები და ბუკლეტები შეაქვთ პარტიული და საარჩევნო თვალსაზრისით

რასაკვირველია, საარჩევნო კამპანიას რომ ვერ ატარებ, ეს რთული ვითარებაა. თუმცა, რთულია არჩევნებზე საუბარიც, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი ამჟამად კრიზისის გადალახვაა. საქართველოში მოსახლეობის 20% შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა, ახლა ეს ციფრები შეიძლება გასამმაგდა ან გაოთხმაგდა - აი, ამ ადამიანებს რას ვუშველით? ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არჩევნებზე მოახდენს გავლენას, მაგრამ დღეს არავინ იცის, როგორ" - ამბობს ვაშაძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე თვლის, რომ ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, წინასაარჩევნო პერიოდისთვის ან არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით რა იქნება ხელის შემშლელი.

- ყველაფერი დამოკიდებული იქნება ვირუსის მიმდინარეობის დინამიკაზე. წესით, არჩევნებს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. ჩვენი გეგმები კორექტირებას განიცდის, მაგრამ უცვლელია.

ჩემი და "ევროპული საქართველოს" ღრმა რწმენით, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანაა ივანიშვილის მთავრობის დამარცხება და ოპოზიციაში გაშვება, თუმცა ამ ეტაპზე, ამ კვირების განმავლობაში უდიდესი გამოწვევა ერთი მხრივ, ვირუსს უკავშირდება, მეორე მხრივ - ეკონომიკას. ჩვენი ყურადღება, მუშაობა და რიტორიკა, ასევე, მთავრობასთან ოპონირებაც, ამ თემებთანაა კავშირში.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შედგა საარჩევნო რეფორმასთან და მეორე მხრივ, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით - აი, ეს შეიძლება ჩავარდეს, თუ ხელისუფლება ბოლომდე არ შეასრულებს პირობას

წინასაარჩევნო კამპანია რაზე იქნება ორიენტირებული, ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამოჩნდება. ჩვენს ქვეყანაში ბევრი სერიოზული პრობლემაა - მთავარია არაფორმალური მმართველობა, უდიერი დამოკიდებულება ხალხის ინტერესის მიმართ, 20 ივნისის მოვლენები, რუსეთთან ურთიერთობები, ზერელე დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ხალხის მასიური გადაგდება, როდესაც საქმე მიდგა საარჩევნო დაპირებაზე და შემდეგ უზარმაზარი კრიტიკა დასავლეთისგან - ეს იყო ის ფონი, რომლის შემდეგაც გამოჩნდა კორონავირუსი.

VIDEO: გაყინული წინასაარჩევნო პროცესი - რა ბარიერები აქვს ოპოზიციას და როგორია მათი გეგმები პანდემიის პირობებში?

უბრალოდ, ახლა ორი სხვა დიდი პრობლემა გამოიკვეთა, თუმცა ის პრობლემები ისევ არსებობს. მე ვერ ვხედავ, რომ მთავრობა ეფექტურად უმკლავდება ეკონომიკურ გამოწვევებს, ამიტომ, ეს ერთ-ერთი სერიოზული თემა იქნება, რომელზეც მთავრობას მოუწევს პასუხი გასცეს" - აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ამჟამად სწორედ იმაში გამოიხატება, თუ ვინ რა პოზიციას აფიქსირებს პანდემიასთან მიმართებაში.

- პოლიტიკური მოთამაშეების მთელი ყურადღება კორონავირუსს აქვს წაღებული. საქართველოში ამას ემატება ხელისუფლების ქმედებები პანდემიასთან მიმართებაში, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება - პოლიტიკური აქტივობა, შეკრებები და მანიფესტაციები, ქუჩაში გამოსვლა აკრძალულია, რაც პოლიტიკურ პროცესს ფაქტობრივად, კლავს.

მეორე ნაწილია, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, შუაში ვიყავით, როდესაც მოლაპარაკებები დასრულდა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მოხდა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა და შეწყდებოდა პოლიტიკური დევნა, გამოუშვებდნენ პოლიტიკურ პატიმრებს. ეს პროცესი რაღაცნაირად დაპაუზებულია და გარდა განცხადებებისა, რომ შეთანხმება შესრულდება, ფაქტობრივად, ვერაფერს ვხედავთ.

გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ შეიძლება, ხელშეკრულება საერთოდ ჩაიშალოს. ასევე, ზოგადად არჩევნების ბედიც ჰაერშია ჩამოკიდებული. ამიტომ, ეს ყველაფერი ბევრ გაუგებრობას აჩენს პოლიტიკურ პროცესთან მიმართებაში

ხელისუფლებამ კარგად და ეფექტურად გამოიყენა პანდემია, რომ შეეშინებინა, დაეზაფრა მოსახლეობა, და შემდეგ ამ შიშზე ეთამაშა. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორი უნდა იყოს ახლა ოპოზიციის გეგმა.

ოპოზიცია ძალიან ეკლექტური, განსხვავებული შეხედულებების თუ მოტივების ჯგუფია, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიასთან დაკავშირებით ადამიანებს ავუხსნათ, რა არის რეალობა და რა არის ტყუილი, რასაც ხელისუფლება თავს გვახვევს და რის მეშვეობითაც ჩვენზე ძალადობას იყენებს, იქნება ეს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, თუ სხვა შეზღუდვები, პოლიტიკური დივიდენდების ჩასაწერად და პოლიტიკური პროცესის მოსაკლავად.

ჩემი აზრით, ოპოზიციას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში ერთიანი ხედვა უნდა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას ცალკე აღებული ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ ცვლის, უნდა შეცვალოს გაერთიანებამ, კოალიციამ. ადამიანებს წინასწარ უნდა ავუხსნათ, რის გაკეთებას ვაპირებთ, როცა შეიქმნება უმრავლესობა და გვეყოლება მთავრობა" - აღნიშნავს ჯაფარიძე.

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამჟამად ოპოზიციის წევრები სახლში რჩებიან, თუმცა ყველაფერი ახსოვთ და თუ არჩევნების გადადებაზე მიდგება საქმე, ამას მღელვარება მოჰყვება.

- ის, რომ საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც 22 მაისამდე გრძელდება, ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია. ამ დროს რა პოლიტიკურ პროცესზე შეიძლება საუბარი?! - ყველა სახლებში ვართ გამოკეტილები. ერთი, რაც არ მომწონს - ქვეტექსტებში თითქოს იკითხება, რომ არჩევნების გადადება უნდათ. ასე არ გამოვა. საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი და კორონავირუსთან ბრძოლა ერთია, მაგრამ ის, რომ ოქტომბერში არჩევნები გადადონ, დაუშვებელია!

ტექსტები, რომ ჩვენ რომ ნორმალურ ვითარებაში დავბრუნდეთ, ერთი წელი გვჭირდება, რაზეც ექიმებმა დაიწყეს საუბარი, მიუღებელია. ექიმებმა, ხაზს ვუსვამ, დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვამბობ, მიხედონ პაციენტებს და საქმეს, მაგრამ, თუ როდის ჩადგება ქვეყანა კალაპოტში, პოლიტიკური ხელისუფლების და მთლიანი საზოგადოების გადასაწყვეტია. მით უმეტეს, ევროპაშიც უკვე ნორმალური ცხოვრების პროცესი იწყება.

მე რასაც ვუყურებ, სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამ ზაფხულს ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ოქტომბერში არჩევნები უნდა გაიმართოს. ხელისუფლებამ არ ჩათვალოს, რომ ახლა რახან ხმას არ ვიღებთ, სოლიდარულები ვართ და მორატორიუმი გვაქვს კრიტიკაზე გამოცხადებული, ყველაფერს გადავყლაპავთ და გავატარებთ.

ჩვენ კანონს, ამ ქვეყანას ვცემთ პატივს და სოლიდარულები ვართ, თუნდაც ყველაზე მიუღებელი ხელისუფლებისადმიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა თავები დავიშტერეთ, პოზიცია არ გვაქვს და გადავყლაპავთ, მაგალითად იმას, რომ ოქტომბერში არჩევნები არ ჩატარდეს

არ მომწონს არც ის, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია მღვრიე წყალში თევზის დაჭერა რომ უნდა და კიდევ ერთხელ ჩანს, რომ მათი სიტყვის ფასი კაპიკია - შეთანხმების თანახმად, ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, ვისაც გამოუშვებდნენ, ოქრუაშვილი იქნებოდა. მაგრამ ამ სიტუაციით ისარგებლეს, ჩაატარეს სასამართლო პროცესი და 5 წელი მიუსაჯეს" - ამბობს ელისაშვილი.

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა შეიძლება უფრო ადრე დავიწყოთ" - გიორგი გახარია