ავტორი:

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და გადაწყვიტა ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში საქართველო შედის. სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ სთხოვოს მალტას და უსასყიდლოდ მიიღოს ვაქცინა.

"შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს. მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს... ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ ამ ვაქცინების თუნდაც რაღაც ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?! რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი! 10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია! უახლოეს პერიოდში მე, მიხეილ სააკაშვილი ვაპირებ დაგიდოთ მასალები, როგორ იპარავთ თქვენ, კონკრეტული სახელებით, გვარებით, გადარიცხვებით, ოპერაციებით - კორონასთან საბრძოლველ ფულს, როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე. მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა დროზე და უშველეთ ხალხს! ეს რაღაც ჩინური ვაქცინა კი არ არის, მეათე ხარისხოვანი, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინები და ევროპული, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა", - წერს სააკაშვილი.

ამის საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. რომი) კოტე სურგულაძის განცხადება, რომლის თქმითაც, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნობები არ არის სანდო.

"საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობენ კოვიდ 19-სთვის ვაქცინის მოპოვების მიზნით, ისევე, როგორც უწყება ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალქეებისათვის. მათ შორის, კოვიდ 19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე, საქართველოს საელჩომ ქ. რომში კონსულტაციები მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან. მოლაპარაკებებში, თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინების სათანადო რაოდენობა. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, წარმოადგენს სპეკულაციას”, - აცხადებს კოტე სურგულაძე.

აკაკი ზოიძე, ჯანმრთელობის პოლიტიკის სპეციალისტი:

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია, ამაზე რა უნდა ვთქვა... ამ ადამიანს დანარჩენი ევროპაც ძალიან არასერიოზულად უყურებს და რა რეაგირება უნდა მოჰყვეს მის განცხადებებს? არ მგონია, სიმართლე იყოს, რომ მალტას ზედემეტი ვაქცინა აქვს. პირიქით, ევროკავშირს ვაქცინის ნაკლებობა აქვს და ამის გარშემო სერიოზული დებატები მიდის. მაგალითად, ლიტვამ და ევროკავშირის კიდევ ერთმა ქვეყანამ მოითხოვეს, "ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით ეჩივლათ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ რამდენსაც ის შეპირდა, იმდენ ვაქცინას არ აძლევს.

ზოგადად, მსოფლიოში პრობლემებია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე და კიდევ 2-3 თვე ვაქცინის ზედმეტობა არც ერთ ქვეყანას არ ექნება. ევროკავშირს შეკვეთილი აქვს უფრო მეტი ვაქცინა, ვიდრე წარმოებულია. შეიძლება ყველა ვაქცინამ საბოლოოდ არ გაამართლოს, ან ჯანმოსგან ავტორიზაცია ვერ მიიღოს, ან სიმძლავრის მიხედვით მწარმოებლებმა ვერ შეასრულონ თავიანთი დაპირებები, რაც უკვე ხდება მაგალითად, "ფაიზერის” და "ასტრაზენეკას” შემთხვევაში. "ფაიზერმა” განაცხადა, რომ აჩერებს წარმოებას გადაიარაღების მიზნით, ამიტომ ნაკლები ვაქცინები იქნება წარმოებული და გადმოტვირთული. "ასტრაზენეკამაც” იგივე თქვა, რომ პირველ ეტაპზე ევროკავშირს ნაცვლად 70 მილიონისა, 31 მილიონ დოზას მისცემს და ა.შ.

ასე რომ, არ მგონია, სადმე ფიზიკურად ვაქცინის რაიმე ზედმეტობა იყოს.

ვიცი, რომ ნოემბრიდან მოლაპარაკებები წარმოებს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის მალტასთანაც. ზოგადად, როგორც უკვე ითქვა, ევროკავშირს აქვს ზედმეტობით შეკვეთილი ვაქცინები. იყო მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თუ შემდგომ თვეებში ეს რეზერვი რეალურად იქნა წარმოებული და მიწოდებული, დადგება საკითხი, ევროკავშირის შემდეგ ვის მიაწოდონ ვაქცინა. ამის თაობაზე იყო ევროკავშირის განცხადებაც. მანამდე, 13 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ევროკავშირის კომისარს მიმართა, რომ ევროკავშირის კვოტიდან რაც შეიძლება მალე სწორედ საქართველოსთვის მიეცათ ვაქცინები. ამაზე ჩვენი საელჩოები თვითეულ ქვეყანასთან აქტიურად მუშაობენ.

გაცილებით მეტი ალბათობაა, შემდგომი რამდენიმე თვე მივიღოთ ვაქცინა კოვაქსიდან, რომელმაც უკვე კონკრეტული თარიღები და პერიოდი გვითხრა - თებერვალი "ფაიზერისთვის” და მარტი-აპრილი - "ასტრაზენეკასთვის” აშშ-მა პირველმა დაიწყო ვაქცინაცია და იქაც კი მასობრივი ვაქცინაციისთვის ივნისამდე არ ექნებათ დოზები. ჩვენთანაც შეუძლებელი იქნება ივნისამდე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია, ისიც დიდი საქმე იქნება, მაშინაც თუ დავიწყებთ. თუმცა იმედი მაქვს, რისკ-ჯგუფების ვაქცინაციას მაქსიმუმ მარტიდან დავიწყებთ.

გახდება თუ არა საერთაშორისო სკანდალის საფუძველი რაიმე თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული განცხადება? - ამ კითხვას ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს:

"რატომ უნდა გაგვხვიოს ამან საერთაშორისო სკანდალში? რამდენი ვიღაცა რაღაცას იტყვის, ყველაფერზე ხომ არ შეიძლება პანიკის აწევა? გაივლის დრო და გამოჩნდება, რამდენად კარგად მუშაობს მთავრობა იმისთვის, რომ ვაქცინები შემოიტანოს. ჯერჯერობით ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანას ვაქცინა არ აქვს, ხომ? ჯერჯერობით არც იმის თქმის საფუძველი გვაქვს, რომ ჩვენმა მთავრობამ რაღაც ცუდად გააკეთა. მოვა დრო და გამოჩნდება ყველაფერი. ჩინური ვაქცინა ჩვენთან არ უნდათ, ვაი-უშველებელი ატყდა, რუსულზე - ისტერიკაა. თუ მაინც და მაინც გერმანული და ამერიკული უნდათ, მაშინ უნდა დავიცადოთ, თუ არა და, გაიკეთონ ჩინური, როგორც ახლა თურქეთში იკეთებენ. ინფორმაცია სიმართლეა, თუ სპეკულაცია, ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება. ჩემი აზრით, რამდენჯერაც ყოფილი პრეზიდენტი რაღაც სასწაულს დაახეთქებს, ყველაფერზე სკანდალის ატეხა არ ღირს.

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი შემოიტანდა ჩინურს და ამაში, მართალი გითხრათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ეს ოპოზიცია ხელისუფლებას ყველაფერზე კრიჭაში ისე უდგას, მთავრობა აშკარად დაშინებულია და მსგავსს ვერაფერს აკეთებს. სიტუაციას გარედან ვუყურებ და ვხედავ, რომ არც ერთ ჩვენნაირ ქვეყანას დასავლური ვაქცინა ჯერ არ მიუღია, ამიტომ აქედან გამომდინარე ვმსჯელობ. მთავრობა მუდმივად ასეთ სიტუაციაში რომ არ იყოს -ოპოზიცია ყველაფერზე ხან კრემლის აგენტობას აბრალებს, ხან – რას, ალბათ წესით, აქამდე უნდა შემოეტანა ჩინური ვაქცინა და კრიტიკაც აეტანა. თუმცა ისე არიან კრიტიკისგან დაზაფრულები, რომ ნებისმიერი არადასავლური რამე რომ შემოიტანონ, იციან, ჯვარზე აცვამენ.

სააკაშვილი 10 მილიარდის განიავების სააშკარაოზე გამოტანით რომ იქადნება, დადოს, ბატონო, ფაქტები, თორემ ბოლო ერთი წელია ისეთ სისულელეებს ვისმენთ ტელევიზიებით, ვიღაც-ვიღაცეებმა ტყუილებში რეკორდები მოხსნეს. აქედან გამომდინარე, ყველას იოლად ვეღარ დავუჯერებ. ის, რომ ჩვენმა მთავრობამ, დავუშვათ, რაღაც მოიპარა, ამაზე რა საერთაშორისო სკანდალი უნდა ატყდეს, ატყდება ადგილობრივი სკანდალი. მაქვს საფუძველი, ფაქტების მჯეროდეს და ასე მარტივად არავის დავუჯერო, ვინაიდან ბოლო პერიოდში საოცრებები მომისმენია. მაპატიონ, თუ ყველას არ ვუჯერებ”.

"არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ" - ნიკა მელია

"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"