ავტორი:

"სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, მსხვერპლად უნდა შეეწიროს" - ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" და აფხაზების მოლოდინები

"სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, მსხვერპლად უნდა შეეწიროს" - ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" და აფხაზების მოლოდინები

ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მკაცრად შეზღუდულ წრეში აღნიშნეს. 23 აპრილს, აფხაზეთის ე.წ ლიდერის დამტკიცების ცერემონიალს 70-მდე ადამიანი დაესწრო, ძირითადად, მოსამართლეები და დეპუტატები, ასევე, რუსეთისა და ე.წ. ცხინვალის რეგიონების "ელჩები".

"ინაუგურაციის" დაწყებამდე შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა, სტუმრებს ტემპერატურა გაუზომეს, ცერემონია კი რეკორდულად მცირე დროში - ნახევარ საათში დასრულდა. ბჟანიამ ფიცი აფხაზურ ენაზე წაიკითხა, მისასალმებელ სიტყვაში კი ისეთ თემებს შეეხო, როგორიც ხელისუფლებისადმი ნდობა, რუსეთთან ურთიერთობა და კორონავირუსთან ბრძოლაა.

ადგილობრივების რწმენით, ბჟანია ჩიხური მდგომარეობიდან და ქრონიკული კრიზისიდან გამოიყვანთ. თუმცა, კორონავირუსმა აფხაზეთში ვითარება უარესობისკენ წაიყვანა. უკვე დაფიქსირდა სამი შემთხვევა, რაც ტურისტულ სეზონს დიდ საფრთხეს შეუქმნის და შესაბამისად, ადგილობრივების ეკონომიკურ მდგომარეობასაც.

"ასეთი კატაკლიზმების წინაშე არასდროს მდგარა აფხაზეთი. ფაქტობრივად, ნულზე ვართ, რით გადაუხდის ქვეყანა საბიუჯეტო სამსახურების მქონე ადამიანებს ხელფასებს ან პენსიას?

პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, რეგიონში თვალშისაცემი იყო რიგი ლომბარდებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიის გადავლის შემდეგ, როდესაც რუსეთთან საზღვარი გაიხსნება, ეს შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს, რადგან აფხაზეთში ტურისტები მასობრივად არ შემოვლენ...

ბჟანია არასახარბიელო ვითარებაშია, არც ისე საიმედო გარემოცვით და შეუსრულებელი ბიუჯეტით. იზრდება უმუშევართა რაოდენობა, რაც კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავების პირდაპირი წინაპირობაა... ასეთი ვითარებიდან რომ "გამოძვრეს", სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, თავისი მოქალაქეებისა და სახელმწიფოსთვის მსხვერპლად უნდა შეეწიროს. სხვა შემთხვევაში რაულ ხაჯიმბას ისტორიის განმეორება გარდაუვალი იქნება..." - წერს ადგილობრივი გამოცემა.

"ბჟანია აფხაზეთის საჭესთან" - ასე ეხმაურება გამოცემა dofa.news აფხაზეთში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს.

"ასლან ბჟანიამ ადგილობრივ საზოგადოებას აფხაზურ ენაზე მიმართა და ამის შემდეგ დადო ფიცი. ვნახოთ, რის შესრულებას შეძლებს აფხაზეთის ახალი ლიდერი, რომელმაც არჩევნებში 56,6% აიღო..." - წერს გამოცემა.

ბჟანიას "ინაუგურაციას" ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი იმედით შეჰყურებს, რადგან ის ბოლო ხანებში უპირობო ლიდერი იყო.

“ვაღიარებ, ის ჩემი რჩეული არ არის, მაგრამ მაინც წარმატებებს ვუსურვებ, რადგან იქნებ ერთხელ მაინც მოვიდეს ისეთი ადამიანი ხელისუფლებაში, ვინც ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს. იქნებ რაღაც გარდატეხა მოხდეს".

“ხალხს იმედი აქვს, რომ რეფორმები დაიწყება. ახალი ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას დაიწყებს, მათ შორის, თავის რიგებშიც... დაიწყება ეკონომიკის განვითარება, სოფლის მეურნეობის რეანიმაცია, კანონი ამოქმედდება. ასევე, შემოვა სამართლებრივი წესრიგი და გაუმჯობესდება სიტუაცია გზებზე, პროკურატურა ადამიანურ სახეს დაიბრუნებს და პატრონიანი დამნაშავის ადგილზე, უპატრონო უდანაშაულოების დასჯას არ გააგრძელებს".

"არ მჯერა, რომ ხელისუფლება უარს იტყვის იოლ ფულზე. ბოლოს და ბოლოს ტურისტებს აქ დასვენების შეეშინდებათ. თუ ვინმე მეტყვის, დიახ, ამ ყველაფერს ასლან ბჟანია მოაგვარებს, - ვეტყვი, რომ მეც მინდა მჯეროდეს, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვები იქნება და არ მჯერა. თუმცა, თუნდაც მცდელობისთვის, წარმატებებს ვუსურვებ..." - წერენ აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები.

"ახლა ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას ხელისუფლებას. ბიუჯეტში ფული არ არის, რუსეთიდან ფინანსური დახმარება საეჭვოა. საკურორტო სეზონი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მოსახლეობას კი, ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება უნდა. ამიტომ, ასლან ბჟანიას და მის გუნდს მოუწევს შემოსავლების ოპტიმიზაცია მოახდინოს. თუ მან ამ ყველაფრის მოგვარება შეძლო, ხალხი მას გმირად აღიარებს" - წერს ადგილობრივი ლოლა გეზერდი.

"რაც მთავარია, რუსეთთან ახლო ურთიერთობას გაუსვა ხაზი და უკვე არის იმედი, რომ გადავრჩებით. თავის მხრივ პუტინმაც ისაუბრა, რომ ახლა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პოსტსსაბჭოთა ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ. ჰოდა, რაღა გვიჭირს, ის და ბჟანია, ერთად შეგვიყვანენ უძლეველ საბჭოთა კავშირში და მერე ყველაფერი კარგად იქნება... ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამაზე უკეთესი კადრი არ გვყავს და შესაბამისად, ახლა ყველაზე დიდი რეიტინგით სარგებლობს. თუმცა, ზუსტად ვიცი, ესეც დროებითია..." - თვლის ადგილობრივ აკაკი აიგბა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, "საპრეზიდენტო" არჩევნები რეგიონში 22 მარტს გაიმართა. ასლან ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 56.6%-ით გაიმარჯვა. მან 53741 ამომრჩევლის ხმა მოიპოვა.

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

"კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს" - მედია