ავტორი:

"ექიმი 8 საათი ვერ ჯდება, ამ დროს ატარებს ჯოჯოხეთურ პირობებში" - რა ნახა ირაკლი იმნაიშვილმა რეანიმაციაში, სადაც კორონავირუსიან უმძიმეს პაციენტებს მკურნალობენ

"ექიმი 8 საათი ვერ ჯდება, ამ დროს ატარებს ჯოჯოხეთურ პირობებში" - რა ნახა ირაკლი იმნაიშვილმა რეანიმაციაში, სადაც კორონავირუსიან უმძიმეს პაციენტებს მკურნალობენ

კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე სახიფათო ზონის ამსახველი კადრები, რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში არხის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა და ოპერატორმა ლევან აბულაძემ გადაიღეს.

ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც 12 წელი BBC-ში მუშაობდა, ამბობს რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი გადაღება იყო. AMBEBI.GE-სთან საუბარში ის იხსენებს, რა ნახა საკუთარი თვალით რეანიმაციულ განყოფილებაში.

- გვიამბეთ, როგორ და რა მიზნით მიიღეთ საკმაოდ სახიფათო ზონაში შესვლის გადაწყვეტილება?

- უპირველესად დავიწყოთ იმით, რომ მე როგორც არხის აღმასრულებელი დირექტორი, ვერ გავუშვებდი ვერც ერთ ჟურნალისტს ამ რისკზე! საქართველოში ამაზე მაღალი რისკის გარემო ახლა არ არსებობს. კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზია. თანამშრომელი არ უნდა გაუშვა ისეთ დავალებაზე, რაზეც შენ თავად არ წახვიდოდი.

მე ცხელ წერტილებში მუშაობის საკმაოდ დიდი, 12-წლიანი გამოცდილება მაქვს, როდესაც BBC-ში ვმუშაობდი. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ ამ რთულ ვითარებაში, ასეთ დავალებაზე არ გაგვეშვა ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც ისედაც ორ ჯგუფად არიან დაყოფილები, კვირაში 7 დღე მუშაობენ და შემდეგ 7 დღე ისვენებენ, რათა შევქმნათ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გუნდი.

მიზეზი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ბოქსირებულ რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლა, იყო ის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სერიოზულად არ ეკიდებოდა კარანტინის რეგულაციებს და იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში ვითარება მსუბუქია და განსხვავდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული რეალობისგან.

მაშინ როდესაც უცხოური მედიები აჩვენებდნენ კადრებს, სადაც ჩანდა თუ რა მძიმე შრომას ეწევიან ექიმები პაციენტების გადასარჩენად. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება შევსულიყავით ბრძოლის წინა ხაზზე და გვეჩვენებინა ჩვენი მაყურებლისთვის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ექიმები სარეანიმაციო ბლოკში. იქ ლევან რატიანთან და მის გუნდთან ერთად ვიყავით, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მკურნალობენ უმძიმეს პაციენტებს.

- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები? ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე რამ იქონია?

- ეს არის ორი პარალელური სამყარო. ერთში ცხოვრობენ ექიმები, რომლებსაც თვეობით არ უნახავთ ოჯახის წევრები და მეორე რეალობაში ვართ ჩვენ, დანარჩენები. ექიმები მთელ დღეებს იქ ატარებენ, ვისაც საშუალება აქვს, მიდიან ცარიელ ბინებში და იქედანაც მხოლოდ სოციალური ქსელებით, ვიდეოთვალებით ხედავენ საკუთარ ოჯახის წევრებს.

24 საათიდან 8 საათს ატარებენ სრული ეკიპირების რეჟიმში, რაც არის ადამიანისთვის წარმოუდგენელი როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად

მე ახლა მოგიყვებით რას ნიშნავს სრული ეკიპირება, რომ შეგვექმნას წარმოდგენა რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა. დამცავი კოსტიუმი წარმოადგენს ოთხ შრეს, პირველი - რეზინის ჩექმა, თხელი შარვალი და მაისური, მას კიდევ სამი შრე ემატება და ჩაცმის პირველივე წუთიდან გცხელა. მიუხედავად იმისა, რომ ჩექმა წყალგაუმტარია და რეზინისაა, მასზე იცმება ცელოფნის პარკი, რომელსაც ამაგრებენ და შემდეგ მეორე ფენა.

იმნაიშვილს სპეციალური ეკიპირების მოხსნის შემდეგ ხელზე ალერგიული რეაქცია დაეწყო

შემდეგ იცვამ ქირურგიულ ხალათს და ზემოდან კომბინიზონს კაპიუშონით, შემდეგ კიდევ ერთი ქირურგიული ხალათი, ქირურგიული ქუდი, კაპიუშონი და კიდევ მეორე ქირურგიული ქუდი. სათვალე, რომელიც მყვინთავების სათვალეს ჰგავს და ძალიან მაგრად გიჭერს სახეზე და ამის ზემოდან ე.წ. ფარი. ოთხი წყვილი ხელთათმანი, რისი ჩაცმის შემდეგ გგონია, რომ ხელები გაგიხევდა, მოძრაობა გიძნელდება და სისხლის მიმოქცევის პრობლემა იქმნება.

ჩვენ ბლოკში ნახევარი საათი გავატარეთ და ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ხელები დამიბუჟდა, სათვალე ძალიან მიჭერდა და მეგონა შუბლს ჩამიმტვრევდა. ნახევარი საათი გამიჭირდა გაძლება და წარმოიდგინეთ, ექიმები რვა საათს ატარებენ ასე! ამ დროის განმავლობაში ვერც ჭამ, ვერც სვამ და საპირფარეშოთიც ვერ ისარგებლებ. ამას ემატება ის, რომ პალატა სავსეა პაციენტებით, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ წამს დამძიმდნენ.

სანამ ჩვენ ვიყავით რეანიმაციაში, ერთი პაციენტი დამძიმდა და სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც უფრო კარგი აღჭურვილობაა ჟანგბადის მიწოდების მხრივ, ჩაატარეს რთული სარეანიმაციო პროცედურები და გაადაარჩინეს პაციენტი - ისევ დაიწყო სუნთქვა.

- როგორი იყო ჟურნალისტური მუშაობის პროცესი? ყველაზე მეტად რა გიშლიდათ ხელს?

- საკმაოდ რთულია მუშაობა იმ გარემოში რაც აღგიწერეთ. ჩვენს ოპერატორს, ლევან აბულაძეს დაეორთქლა სათვალე და ვეღარ ხედავდა კამერაში გამოსახულებას. გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ გავარკვევდით რა მოგვემოქმედებინა, მე ვიღებდი კადრებს, სათვალის მოხსნა აკრძალულია, ამიტომ იძულებული გახდა ასეთ მდგომარეობაში გადაეღო. სათვალის ძალიან პატარა კუთხიდან, რომელიც არ იყო დაორთქლილი, ნახევარი საათის განმავლობაში გადაიღო წარმოუდგენლად ძვირფასი კადრები!

ასეთი რთული ვითარების მიუხედავად, ძალიან კარგი კადრების გადაღება შევძელით. გადაღება რომ მორჩა, ჯერ მე გამოვედი კრიტიკული პაციენტების ბლოკიდან და ლევანი იღებდა გამოსვლის კადრებს, რადგან გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი სწორედ მაშინაა, როდესაც ისინი სარეანიმაციო ბლოკს ტოვებენ და იხდიან ამ დამცავ ეკიპირებას, ტანსაცმელი ატარებს კორონავირუსს და თუ სწორად არ ჩატარდა ეს პროცედურა შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს.

როდესაც ოპარატორის გამოსვლის ჯერი დადგა, კამერის გამოტანა ვერ მოხერხდა. გვითხრეს, რომ რისკს შეიცავდა მისი წამოღება, რადგან ვირუსმა შეიძლება 28 დღემდე იცხოვროს ნივთების ზედაპირზე. ამიტომ ერთი თვით დავტოვეთ იქ. დაილუქება და დამუშავდება სპეციალური საშუალებებით. მხოლოდ ჩიპი ამოვიღეთ, გავწმინდეთ შესაბამისი ხსნარებით და წამოვიღეთ.

- როგორია სარეანიმაციო ბოქსირებული განყოფილება, რა სიტუაციაა შიგნით?

- სარეანიმაციო ბლოკი შედგება ორი დიდი პალატისგან, მათ შუაში ჰქონდათ მცირე გამიჯნული ადგილები. ორი დიდი ფანჯარა უყურებს სარეანიმაციო პალატას, ფანჯრიდან პერსონალი აკვირდება, თუ რა ხდება ბლოკში, კონტროლდება ყველა პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრი, მაგრამ ისინი უშუალოდ პაციენტებთან არ შედიან. გარედან აწარმოებენ მონიტორინგს.

შიგნით კი, უშუალოდ პაციენტებთან მუდმივად არის ორი ან სამი ექიმი სრული ეკიპირებით. რადგან მთელი დღის განმავლობაში თითოეული პაციენტი საჭიროებს საკმაოდ რთულ სარეანიმაციო მანიპულაციებს. რვა საათის განმავლობაში შეუძლებელია რომელიმე ექიმი დაჯდეს, თუ რამე სჭირდებათ იმ ფანჯრიდან აწვდიან ყველა საჭირო ნივთს. ისეთი სურეალისტური განცდა იყო, რომ ეს ექიმები სრული ეკიპირებით ღია კოსმოსში არიან და დანარჩენები ხომალდიდან აწვდიან საჭირო ნივთებს.

- რა დასკვნები გააკეთეთ კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის ყველაზე სარისკო გარემოში მუშაობის შემდეგ? ხომ არ გქონიათ შიშის განცდა?

- ყველაზე ძალიან მეშონოდა, რომ ამ გადაღების დროს არ ყოფილიყო ისეთი შემთხვევა, რომელიც ფატალურად დასრულდებოდა. სამწუხაროდ, მეორე დღეს გარდაიცვალა ამ კლინიკაში ადამიანი... იქ ყოფნის შემდეგ ვფიქრობ, რომ ექიმების საქმიანობა უფრო დაფასებული გახდება.

ჩვენთვის სახლში ყოფნა დისკომფორტს წარმოადგენს, ფაქტობრივად ყველანი ვართ შინაპატიმრობაში, რაც, ცხადია ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე, მაგრამ როდესაც უყურებ ექიმებს, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, რვა საათს ატარებენ წარმოუდგენელ ჯოჯოხეთურ პირობებში, გრცხვენია, რომ სახლის პირობებში კარანტინის დაცვა გიძნელდება.

ერთსაც კი არ დაუწუწუნია რაც იქ ვიყავით, ერთსაც არ უთქვამს, ხედავთ რა პირობებში ვართო. პირიქით, საბრძოლო განწყობაზე არიან

ჩვენი მოვალეობაა, შევანელოთ ამ დაავადების გავრცელება, რათა ექიმებმა შეძლონ დაეხმარონ პაციენტებს. იმ სარეანიმაციო ბლოკში, სადაც ჩვენ ვიყავით, ცხრა პაციენტი იყო და ექიმებს ჰქონდათ საშუალება თოთოეულ პაციენტთან იმდენი ხანი გაჩერებულიყვნენ, რამდენიც სჭირდებოდათ. მაგრამ თუ ვითარება დამძიმდება, თუ პაციენტების რიცხვი მოიმატებს და თუ ექიმებიც პაციენტები გახდებიან, მაშინ მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება - ვინ გადაარჩინონ და ვის გაუთიშონ სუნთქვის აპარატი, რაც წარმოუდგენელი ემოციური დარტყმა იქნება მათთვის.

საერთოდ, მგონია რომ რეანიმატოლოგი და შიში ანტონიმებია, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინიათ მათ. თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ექიმებს სხვა არჩევანი უბრალოდ არ დარჩებათ. ეს ძალიან მძიმე სცენარია, მაგრამ როგორც ხედავთ COVID-19-ის გავრცელების მასშტაბები იზრდება და თუ ჩვენ არ დავიცავთ წესრიგს, დაინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს.

ხსნარით დავიმუშავე ხელები და ამ ოთხი ხელთათმანის გამო ხელებზე განმივითარდა ალერგია და დამწვარივით მაქვს. ნახევარი საათიც კი ვერ გავძელი ამ რეჟიმში და ჩვენი ექიმები რვა საათი მიყოლებით ამ მდგომარეობაში მუშაობენ, 24 საათის შემდეგ კი ისევ თავიდან. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ექიმები გმირები არიან! ამ პროფესიას აქამდე დაფასება აკლდა. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი რომ გადაივლის, ჩვენ უფრო დავაფასებთ მათ.

ახლა კი ყველაზე მეტად მათი დაფასება კარანტინის პირობების დაცვით შეგვიძლია. ეს "სახლში დარჩი" შეიძლება ძალიან გაიცვითა, მაგრამ როდესაც ნახავ თუ რა უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ მათ მუშაობა, ხვდები, რომ მოწოდება ზედმეტი არასოდესაა.

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

როდის შემოვა საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა - თამარ გაბუნიას კომენტარი