ბილწსიტყვაობასა და გინებაზე ვინმეს ჯარიმა რომ დაეწესებინა, ქართველი მძღოლები, სავარაუდოდ, გაკოტრდებოდნენ და ყველანაირ რეკორდს მოხსნიდნენ. როგორც ამბობენ, საქართველოში საჭესთან ყველაზე პატიოსანი და ზრდილობიანი კაციც კი ავყია ხდება და არა მარტო კაცები, თურმე ქალბატონებიც. ამის მიზეზად კი, დედაქალაქში საგზაო მოძრაობის არა ადმინისტრაციული და კანონოთ დადგენილი, არამედ თბილისური, დაუწერელი მოძრაობის წესებია.
ეს ენითაღუწერელი უწესრიგო მოძრაობა ცოტა მაინც რომ მოწესრიგდეს, საკანონმდებლო ორგანომ საჯარიმო სანქციები გააორმაგა და ეს გადაწყვეტილება 2 აგვისტოდან უკვე შევიდა ძალაში. კანონი განსაკუთრებულად მკაცრი ნასვამი მძღოლების მიმართ გახდა. თუ აქამდე ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის 150 ლარის გადახდა უწევდათ, ხოლო განმეორებით შემთხვევაში ეს თანხა ორმაგდებოდა, ახლა პირველადი ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენისას მძღოლს მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა.
ქართველებს კანონისადმი აგდებული დამოკიდებულება გენეტიკურად მოსდგამთ და რამდენად გამოასწორებს გაზრდილი სანქციები ვითარებას, ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, სტატისტიკური მონაცემების შედარებით, გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე "რეზონანსი" დაინტერესდა, რა კატეგორიის მძღოლები არღვევენ ყველაზე ხშირად მოძრაობის წესებს და რამდენად იმოქმედებს მათზე გაზრდილი ტარიფები.
როგორც წესი, ვისთვისაც ავტომობილი შემოსავლის წყაროდ ქცეულა, იქნება ეს ტაქსის მღოლი თუ მიკროავტობუსის, ის ნასვამი საჭეს ცოცხალი თავით არ მიუჯდება. უკეთეს შემთხვევაში, მან ერთი თვის შემოსავლის სოლიდური ნაწილი - 200 ლარი არა ოჯახის, არამედ სახელმწიფოს ბიუჯეტში უნდა შეიტანოს. უარეს შემთხვევაში კი, ადვილი შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში, სამუშაოს გარეშე დარჩეს.
ნასვამი მძღოლის მხილების ალბათობა გვიან საღამოს უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ საპატრულო პოლიციაც ამ პერიოდში განსაკუთრებით გაფაციცებულია და ნებისმიერ საეჭვო მანქანას აჩერებს. კიდევ უფრო ორმაგ ინტერესს იჩენს რესტორნების მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსული მანქანების მიმართ.
როგორც ამბობენ, საპატრულო პოლიცია შეუმჩნევლად უთვალთვალებს ამა თუ იმ რესტორანს და როგორც კი ლხინით ნაამები მძღოლი მანქანაში ჯდება, სულ რაღაც 50 მეტრში, მძღოლების ენით რომ ვთქვათ, პატრული "კუდზე აჯდება".
რესტორანში ქეიფისა და დროსტარების საშუალება ბევრს არ აქვს. ვისაც აქვს, მათ არც ჯარიმის ოდენობა აშინებთ და, შესაბამისად, უფრო უთამამდება კანონს. ესეც არ იყოს, არც მართვის მოწმობის ჩამორთმევა შეუქმნით მათ დიდ პრობლემას.
ახალი კანონის თანახმად, რის საფუძველზეც ჯარიმების ოდენობა გაიზარდა, 1000 ლარის გადახდის შემთხვევაში, ჩამორთმეულ მართვის მოწმობას უპრობლემოდ დაიბრუნებს. თუ რიგითი თბილისელისთვის ეს სოლიდური თანხაა, მავანი ბობოლა ჩინოვნიკისთვის, ეს ერთი რესტორნის ფულია.
ახალი კანონით ასევე გაიზარდა ჯარიმები კიდევ რამდენიმე დარღვევაზე. მაგალითისთვის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადამკვეთი "თავხედი მძღოლები" 50 ლარით დაჯარიმდებიან, უსაფრთხოების ღვედის იგნორირება კი 40 ლარი დაგიჯდებათ.
ნამდვილიად მისაღებია ახალი ინოვაცია, რომელიც ციმციმა ნათურებით (ე.წ. "მიგალკით") მოძრავი მანქანებისთვის გზის არდათმობას ითვალისწინებს. აღნიშნულ დარღვევას მართვის მოწმობის ერთი წლით ჩამორთმევა მოჰყვება. თუმცა, აქ დაკონკრეტება ნამდვილად აუცილებლად მიგვაჩნია. ციმციმა ნათურების გამოყენების უფლება სასწრაფო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და საპატრულო პოლიციის გარდა სხვა მრავალ სტრუქტურას აქვს. მაგალითისთვის, ბანკისა თუ სხვადასხვა გაცილების სამსახურებიც საკმარისია.
ამას წინათ ბანკის ე.წ. სპეცმანქანა ჩართული სირენით იმდენად თავხედურად მოძრაობდა შუა რუსთაველზე, მოძრაობა შეჩერდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ქუჩაზე მოძრავმა მძღოლებმა იფიქრეს, მართვის მოწმობას ერთი წლით არ დავემშვიდობოო და ლამის ერთმანეთს მიაწყდნენ, რათა თავხედი ბანკის მანქანისათვის გზა დაეთმოთ.
საქართველო ევროინტეგრაციისა და დასავლურ სტანდარტებთან გათანაბრებისკენ ისწრაფვის. ეს ლტოლვა ჩვენს შემთხვევაში ჯარიმებზეც საკმაოდ მტკივნეულად აისახა. შეცდომისაგან არავინაა დაზღვეული, მათ შორის პატიოსანი ტაქსისტი. შესაძლოა თავისდაუნებურად საგზაო მოძრაობის წესი დაარღვიოს, მოძრაობა შეაფერხოს ან ღერძულა ხაზს შეაყენოს ცალი ბორბალი.
ჯარიმის ოდენობა იმდენადაა გაზრდილი, საბრალო რიგით მოქალაქეს მთელი კვირა, თუ მეტი არა, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოუწევს საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობა.
ზოგიერთი მძღოლი 21-ე საუკუნეში კვლავ საბჭოთა "გაი"-ს მისტირის. მათი აზრით, მართალია "გაიშნიკები" უმოწყალოდ ძარცვავდნენ ხალხს, მაგრამ მათთვის მიცემული 2 თუ 3 მანეთი იმ პერიოდში ოჯახს დიდ ტვირთად არ აწვებოდა. იმ პერიოდში პოლიციისაგან თავის დაძვრენა 2 მანეთიდან იწყებოდა და 20 მანეთს არ სცილდებოდა.
გოჩა მაჭარაშვილი: "კომუნისტების პერიოდში ყველაფერი იაფი და იოლი მოსაგვარებელი იყო. მახსოვს, 1986 თუ 87 წელში ისეთი ნასვამი გამაჩერეს "გაიშნიკებმა, მანქანიდან გადმოსვლა ვერ შევძელი. ერთი ის მოვახერხე 25-მანეთიანი გადავაწოდე ავტოინსპექტორს. ისეთი გახარებული დარჩა, წინ გაგიძღვები, ჩემო ძმაო, ოღონდაც მისამართი მითხარი, სად ცხოვრობო. მართლაც ჩართო "მიგალკები" და გაის ესკორტით მივედი სახლში".
რა თქმა უნდა, ეს ნაამბობი ღიმილის მომგვრელია, ნასვამი თუ წესრიგის დამრღვევი მძღოლების მიმართ მკაცრი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, მაგრამ გადამეტებული ნამდვილად არაფერი ვარგა, მით უფრო როდესაც უსაშველოდ გაზრდილი ჯარიმები ზოგიერთ უმნიშვნელო დარღვევაზე ოჯახის ბიუჯეტზე სასტიკად აისახება.
ნანა ლაღაძიშვილი