მარიამ ლორთქიფანიძე: ისე ნუ წავალ, რომ ჩემი ქვეყანა არ გამთლიანდეს

მარიამ ლორთქიფანიძე: ისე ნუ წავალ, რომ ჩემი ქვეყანა არ გამთლიანდეს

ამ ქალბატონზე უთქვამთ, - დრო ვერაფერს აკლებს, დროს თავადვე აბერებსო. მას თითქოს, ხელისგულზე უდევს საქართველოს ისტორია, თავისი წარსულითა და აწმყოთი, ბედითა თუ უბედობით; ის ყველაზე უკეთ გრძნობს ქვეყნის მაჯისცემას... მას დიდება და პატივი არ დაჰკლებია და აქვს გამორჩეული ტიტული გამორჩეული ღვაწლისთვის - "საქართველოს დედის" წოდება ერის სულიერმა მამამ მიანიჭა. მისი სახელი ისტორიასთან და უნივერსიტეტთან, ღირსებასა და ღრმად განსწავლულობასთან ასოცირდება. ღვაწლმოსილი მეცნიერი თანამემამულეებში დიდი სიყვარულით სარგებლობს, მაგრამ არ გეგონოთ, რომ მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი იყო... 88 წლის საპატიო ქართველ ქალბატონს, აკადემიკოსსა და პროფესორ მარიამ ლორთქიფანიძეს, როგორც თავად ამბობს, სრული ბედნიერებისთვის ერთი რამ აკლია; თუ რას გულისხმობს, ამას მისი მონოლოგიდან შეიტყობთ.

მე - მარიამი

- დავიბადე ბათუმში, 1922 წლის 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს და ალბათ, ამან განსაზღვრა ჩემი სახელი. თუმცა მამაჩემის დედას, მართა თავდგირიძესაც მარიამი ერქვა. მთელი ცხოვრება მშობლების მადლობელი ვიყავი, ეს სახელი რომ დამარქვეს... სამ წელიწადში ჩვენი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. მე და გიგა დედასთან ერთად, ვერაზე, ოროთახიან ბინაში და არცთუ სახარბიელო პირობებში ვცხოვრობდით. გიგა ჩემზე ხუთი წლით უმცროსია. ჩვენ დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ჩემთვის ძმა უძვირფასესია... დედას გამთენიიდან შუაღამემდე სამსახურში უწევდა ყოფნა და ფაქტობრივად, გიგას პატრონი მე ვიყავი.

ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო, მაგრამ როცა წამოიზარდა, ერთმანეთის უსიტყვოდაც გვესმოდა. 53-ე სკოლა დავამთავრე. მყავდა შესანიშნავი პედაგოგები და ის, რომ არა მარტო ქართულად, არამედ რუსულადაც გამართულად ვწერ, ჩემი სკოლის მასწავლებლების დამსახურებაა. კითხვა დედამ შემაყვარა - ის ისე გარდაიცვალა, წიგნი არ გაუგდია ხელიდან. მქონდა სწავლის სურვილიც, ნიჭიც, მონდომებაც, მაგრამ ჩემს მეცნიერად ჩამოყალიბებას ჯერ სკოლის, შემდეგ კი უნივერსიტეტის მასწავლებლების დამსახურებად მივიჩნევ.

პროფესია - ისტორიკოსი

- სკოლას ისე ვამთავრებდი, გადაწყვეტილი არ მქონდა, სად უნდა ჩამებარებინა. გაზეთში გამოქვეყნდა განცხადება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის სპეციალობაზე მიღება იწყებოდა და სწორედ ამ განცხადებამ განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც საოპერო და სიმფონიური მუსიკის კულტი იყო - ევგენი მიქელაძე დედას ბიძაშვილი გახლდათ, დედასაც ჰქონდა მუსიკალური განათლება, თუმცა სასწავლებელი არ დაუსრულებია; მამამ რუსეთში ტექნიკური განათლება მიიღო. მახსოვს, დედ-მამა ყოველთვის დადიოდა თეატრში, ოპერაში - პრემიერებზე და ჩვენც თან დავყავდით...

კლასის რამდენიმე მეგობარმა: მე, ოთარ ჯაფარიძემ, გივი კიღურაძემ და ნუგეშა მაყაშვილმა გადავწყვიტეთ, ხელოვნების ისტორიის სპეციალობაზე ჩაგვებარებინა. ერთ დღეს, ოთარ ჯაფარიძესთან ვიყავით სტუმრად. დედამისმა, დეიდა როტამ გვკითხა, - რას აპირებთო და როცა ხელოვნება ვუხსენეთ, გადაირია, - აქ ვის რად უნდა თქვენი ხელოვნება? სამედიცინოზე ჩააბარეთო. ჩვენ ისეთ დროში გავიზარდეთ, შეიძლებოდა ციხესა და გადასახლებაში ადვილად მოხვედრილიყავი, ოღონდ, კაცმა არ იცის, რატომ. ბევრი ვიმსჯელეთ, მაგრამ არჩევანი აღარ შეგვიცვლია.

პროვოკაცია - ივანე ჯავახიშვილის მისამართით

- როდესაც უნივერსიტეტში მივედით, ცხრილში ივანე ჯავახიშვილის გვარს ვეძებდით, რათა გაგვეგო, სად კითხულობდა ლექციებს. იმ დროს ივანე უნივერსიტეტში უკვე აღდგენილი და დაბრუნებული იყო, სპეციალურ კურსებს ატარებდა. ჩვენც ცოტა მეტიჩარა ბავშვები ვიყავით, ვეძებეთ და მას იურიდიულ ფაკულტეტზე მივაგენით, სადაც ქართული სამართლის ისტორიას კითხულობდა. იურისტებს ვთხოვეთ, არ გაემხილათ, რომ მათი სტუდენტები არ ვიყავით და ასე, მალულად დავიარებოდით დიდებული მეცნიერის ლექციებზე. ბატონი ივანე აუდიტორიაში დიდი შავი პორტფელით შემობრძანდებოდა ხოლმე, იქიდან ბარათებს ამოიღებდა, რომლებზეც ამოწერილი ჰქონდა წყაროები.

ჯერ ჩამოაყალიბებდა დებულებას და შემდეგ ციტატებს კითხულობდა ან ჯერ წყაროებიდან წაიკითხავდა ციტატას და შემდეგ განაზოგადებდა. ბევრი რამ ძნელად გვესმოდა, მაგრამ მას მაინც გაშტერებულები და მონუსხულები ვუსმენდით. ერთხელაც, საკმაოდ მძიმე ინციდენტი მოხდა: ბატონ ივანეს ყურთასმენა დაკლებული ჰქონდა და ლექციის ბოლოს დროს იტოვებდა, რათა ვისაც შეკითხვა ჰქონდა, წერილობით მიეცა, ის კი მათ ხმამაღლა კითხულობდა. ერთ მშვენიერ დღეს მას გადასცეს რვეულის ფურცელზე დაწერილი კითხვა:

სტალინური მოძღვრების თანახმად, ქართველები ერად XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, თქვენ კი საიდან იწყებთ ქართველი ერის ისტორიას? - სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბატონმა ივანემ ფურცელი წვრილ-წვრილად დახია და მაგიდაზე, სამელნის ჩასადებ ადგილას ჩაყარა, შემდეგ აკრიფა თავისი ბარათები, პორტფელში ჩააწყო და ხმაამოუღებლივ გავიდა. ამ თემაზე სტუდენტებმა დიდი პოლემიკა გავმართეთ. ჩემი მეგობარი ბიჭები მას საქციელს უწონებდნენ, მე კი ვჩხუბობდი, - რას ჰქვია, პასუხი არ გასცა-მეთქი?! დრო რომ გავიდა, დავრწმუნდი, ამ პროვოკაციაზე დუმილი საუკეთესო პასუხი იყო. შემდეგ წავიდა სჯა-ბაასი, რას უზამენ ივანე ჯავახიშვილსო? შეიძლება დაუძახეს და რამე უთხრეს, მაგრამ ის არავის გაუგდია, უნივერსიტეტში ბოლომდე დარჩა.

ოხერი "კალაშნიკოვი" და პატრიოტიზმი - "კულუარულად"

- ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ისტორიული ფაკულტეტი ხუთწლიანიდან ოთხწლიანად გადაკეთდა. ჩვენ ფილოსოფიის კურსთან გაგვაერთიანეს და უნივერსიტეტი მსოფლიო ისტორიკოსის სპეციალობით დავამთავრეთ. ბიჭებს სამხედრო სწავლება ჰქონდათ, გოგონებს - მედდის კურსები, მაგრამ მახსოვს, ბიჭებთან ერთად "სამხედროს" ჩვენც გავდიოდით. ვერა და ვერ ვაწყობდი იმ ოხერ "კალაშნიკოვის" ავტომატს - დაშლით ვშლიდი, მაგრამ აწყობის დროს ნაწილი რომ არ დამრჩენოდა, არ არსებობდა. ახლომხედველი ვარ და ბავშვობიდან სათვალეს ვატარებდი. მასწავლებელი მუდმივად მეჩხუბებოდა: მოიხსენი, სათვალით სროლა არ შეიძლებაო, მე კი ვუხსნიდი, - უსათვალოდ ვერ ვხედავ-მეთქი და ასე გრძელდებოდა...

სახელმწიფო გამოცდაზე თავმჯდომარე სიმონ ჯანაშია, კომისიის წევრები კი ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი ჩიტაია, კოტე ბაქრაძე და სხვები გახლდნენ. ჩვენი ბედნიერება ის იყო, რომ ასეთი პედაგოგები გვასწავლიდნენ. მაშინ უმაღლესის კურსდამთავრებულებს წინასწარ ანაწილებდნენ და მე ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში, დირექტორის მოადგილედ გამანაწილეს, რადგანაც ფრიადოსანი სტუდენტი და ჯავახიშვილის სტიპენდიანტი გახლდით. სიმონ ჯანაშიამ მკითხა, - საქართველოს ისტორიაში ჩემთან მუშაობა არ გინდაო? როგორ არ მინდოდა, მაგრამ ისე დავიბენი, თავიდან ხმაც ვერ ამოვიღე, მერე კი სიხარულით დავთანხმდი, ასპირანტურაში ჩავაბარე და ბატონი სიმონის ასპირანტი გავხდი. "შეგიძლია, არ იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ უფლება არა გაქვს, არ იყო კარგი მოქალაქე", - ის ამ პრინციპით გვზრდიდა.

ლექციებზე ვერასოდეს შეამჩნევდით, რომ სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი პატრიოტულ აგიტაციას ატარებდნენ (მაშინ ეს აკრძალული იყო), მაგრამ მათ ყველა ლექციაში ეს მუდმივად იგრძნობოდა - ქვეტექსტებით, მინიშნებებით, პაუზებით. სტუდენტები შესანიშნავად ვგრძნობდით, რომ ორივენი უაღრესად პატრიოტული სულისკვეთებით იყვნენ განმსჭვალულნი და ჩვენც ამავეს გვინერგავდნენ. თუ ცხოვრებაში რაიმე გამიკეთებია, ეს ჩემი ოჯახის შემდეგ, ჩემი მასწავლებლების დამსახურება იყო.

ასპირანტურაში სამი წელი ვისწავლე და 1948 წელს, დავამთავრე თუ არა, სიმონ ჯანაშიამ ისტორიის ინსტიტუტში, უმცროს მეცნიერთანამშრომლად წამიყვანა. დისერტაცია ზაფხულში დავიცავი, შემოდგომიდან კი უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დავიწყე. მაშინ ბატონი სიმონი ცოცხალი აღარ იყო და კათედრის გამგედ ნიკო ბერძენიშვილი დაინიშნა. ფილოლოგიის ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის საათები მომცეს. გამიჭირდა, საკმაოდ რთული იყო, მაგრამ თავდაუზოგავად ვმუშაობდი.

ოცნება "ჩერნაბურკაზე"

- როცა ლექციების კითხვა დავიწყე, ოჯახი უკვე შექმნილი მქონდა, ერთი შვილიც მყავდა; მას მეორე და მესამეც მოჰყვა... ძნელი იყო დედობისა და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსება, მაგრამ ყოველთვის მყავდა დამხმარე, შინამოსამსახურე. ვიდრე გიგა მოსკოვში სწავლობდა, დედა ძირითადად, ჩემთან ცხოვრობდა და შვილების აღზრდაში მეხმარებოდა, მაგრამ როცა გიგა ჩამოვიდა, დედა მასთან გადავიდა, რადგან ვაჟს თავისებური მოვლა-მზრუნველობა სჭირდებოდა, მას ხომ ფეხი აწუხებდა. ჩემი ვაჟები რომ წამოიზარდნენ, მოსამსახურესთან ერთად, მეორე დამხმარე ქალიც ავიყვანე, რომელსაც კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. იგი ბავშვებს სკოლაში ატარებდა და მეცადინეობაშიც ეხმარებოდა. ერთხელ ჩემი კოლეგის ცოლმა მითხრა, - შენზე ამბობენ, "კნიაჟესკი ზამაშკებს" არ ეშვები, თურმე ორი მოსამსახურე გყავსო. ვუპასუხე: მე და შენს ქმარს ერთნაირი ხელფასი გვაქვს, მაგრამ შენ "ჩერნაბურკაც" გაქვს და ნაირ-ნაირი პალტოც, ჩემთვის კი "ჩერნაბურკა" ოცნებაა, ზაფხულის კაბაც ერთი მაქვს და ზამთრისაც;

ოპერაში თუ მივდივარ, იმ ერთადერთ კაბას გულსაბნევით ვახალისებ-მეთქი. - ეს იმიტომ, რომ სახლში არაფერს აკეთებო, - მომიგო. მართლაც, არასოდეს გამირეცხავს დიდი სარეცხი და არც იატაკები მომიხეხავს. მერჩივნა, ჩემი ნაშოვნი ფული მოსამსახურისთვის მიმეცა, რათა მას ბავშვებისთვის კარგად მოევლო. ერთდროულად ორ ადგილას ვმუშაობდი, მთელ დღეებს ლექციებზე ან ისტორიის ინსტიტუტში ვატარებდი. ბავშვებთან ყოფნის საშუალება საღამოობით და ზაფხულობით, შვებულების დროს მქონდა.

ყოველ შემთხვევაში, ნორმალური შვილები გავზარდე, ამაშიც გამიმართლა... ჩემი ორი შვილი ჩემს გზას გაჰყვა: გიორგი პროფესორია, თამარი - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. თამარი შემცირებაში მოჰყვა და ამჟამად შვილიშვილებს ზრდის; მესამე შვილი - დავითი ექიმია, ჟორდანიას სახელობის კვლევით ინსტიტუტში ანდროლოგად მუშაობს. არ მინდა მათ მამაზე ლაპარაკი, ვინაიდან ერთმანეთს ძალიან დიდი ხნის წინ დავშორდით...

უგზო-უკვლოდ დაკარგული მამა

- ჩვენი ოჯახიდან პირველად ევგენი მიქელაძე აიყვანეს, მერე დედას ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ერთ მშვენიერ დღეს კი მამასაც მოაკითხეს. იმ დროს მამა მოსკოვში გახლდათ. დედამ ოფიცერს უთხრა, - დავითი მოსკოვშია, მას იქ ოჯახი ჰყავს, აქ ხანდახან ჩამოდის და მისი მისამართი არ ვიციო. მაშინ გამიკვირდა, ეს რატომ თქვა-მეთქი?!. ერთ ღამეს ჩხრეკაზეც მოვიდნენ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას ეძებდნენ, მაგრამ სულ გადმოყარეს ლოგინები, წიგნები. მამას ჩამოტანილი უცხო სიტყვათა ლექსიკონები რომ ნახეს, მე მეკითხებოდნენ, - ეს რა არისო? გამომძიებელმა იარაღი მოიძია - კარადაში მამაჩემის სანადირო თოფი ნახა, მოეწონა, მხარზე გადაიკიდა და წაიღო. მერე გავიგეთ, რომ სანადირო თოფის ქონა დანაშაულად არ მიიჩნეოდა. მამამ დედას შემოუთვალა: მე მაგათ ციხეში არ ჩავჯდებიო და იმალებოდა, ხანდახან ჩუმად ჩამოდიოდა... რამდენჯერმე დედაც დაიბარეს დასაკითხად.

მას მეც თან მივყვებოდი და კიბეზე ჩამომჯდარი ველოდი. ერთმა რუსის ოფიცერმა ისიც მითხრა: რას ელოდები? იქ ვინც შედის, უკან აღარ გამოდისო, მაგრამ მაშინ მე ამის ნაკლებად მჯეროდა. ის გამომძიებელი მალევე დააპატიმრეს და დედა დაჭერას გადაურჩა. მამა მაინც დააპატიმრეს, მოსკოვში. 1945 წელს მის სანახავად წავედი. მომცეს ქაღალდი, რომელზეც ეწერა: "10 ლეტ ბეზ პრავა პერეპისკი ვ დალნიე ლაგერია". თურმე უკვე ცოცხალი აღარ იყო. ვერ აგიწერთ, ეს რა საშინელება გახლდათ. მერე, როცა რეაბილიტაციის ამბები დაიწყო, ორი ქაღალდი მომცეს: ერთზე წერია, რომ დავით ლორთქიფანიძე ანტისაბჭოური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და გადაასახლეს; მეორეზე - მისი დანაშაული არ არის დადგენილი და რეაბილიტირებულიაო. ასეთი ორი დოკუმენტი მილიონობით ადამიანს უდევს სახლში. ისიც არ ვიცით, როდის და რა ვითარებაში დაიღუპა მამა - ბანაკში გარდაიცვალა თუ დახვრიტეს...

ისტორიული გმირები და სტალინი

ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, სიმონ მეფე ჩემი საყვარელი ისტორიული გმირები არიან. მიყვარს მაკედონელი - ძალიან დიდი პიროვნება იყო და კაცობრიობის ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა... საერთოდ, ისტორიული პიროვნება მისი დანატოვრითაც ფასდება. ახლა სტალინზეც ბევრს ლაპარაკობენ. მან მილიონობით ადამიანი შესწირა სისტემის ჩამოყალიბებას, გარდაიცვალა და რა დარჩა მისგან? კი, ნამდვილად გენიოსი იყო და უზარმაზარი იმპერია შექმნა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ხშირად მედავებიან, სტალინის შემდეგ ჭკვიანი კაცი არ აღმოჩნდა, ხრუშჩოვმა ეს ქნა, ის ქნაო. ისიც, რომ მის შემდეგ ჭკვიანი არავინ აღმოჩნდა, იმის ნიშანია, რომ ის, რასაც სტალინმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შესწირა, კაცობრიობის პროგრესული განვითარების იდეას არ პასუხობდა. მის მიმართ ობიექტური ვერასდროს ვიქნები იმიტომ, რომ ჩემ ირგვლივ ყველა ოჯახი სტალინის მიერ იყო დარბეული და გაუბედურებული, მაგრამ ობიექტურადაც რომ გითხრათ, სისტემა, რომელიც მან შექმნა, არ იყო კაცობრიობის პროგრესული განვითარების ეტაპი, ამიტომაც მოხდა, რაც მოხდა.

ყველაზე ძვირფასი იუბილე

- ამჟამად ლექციებს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასულიერო აკადემიაში ვკითხულობ. ბევრი კარგი სტუდენტი მყავს. ხანდახან, ბავშვს რამდენჯერმე ვცდი ხოლმე. სახლში მეუბნებოდნენ, - რა ამბავია, გამოცდებს ამდენ ხანს რომ არ ამთავრებ, დაანებე თავიო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა, კარგად ისწავლონ. სხვათა შორის, შემდეგ ამისთვის ბევრ სტუდენტს მადლობაც გადაუხდია. მოსწავლეებმა უნივერსიტეტში 80 წლის იუბილე გადამიხადეს, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო და უხერხულობისგან აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ჩემი კრებულიც ამიკინძეს, სხდომაც მათ მოიწვიეს ისე, რომ არაფერი ვიცოდი; ბოლოს სიტყვით გამოვედი და თვალები სიხარულის ცრემლით მქონდა სავსე. ყველანაირი იუბილე სასიამოვნოა, მაგრამ ეს ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის. მთელი ცხოვრება კათედრაზე, სტუდენტებთან გავატარე და როდესაც მათ ეს ბედნიერი წუთები მაჩუქეს, ენით აუწერელი განცდა დამეუფლა.

"საქართველოს დედის" ტიტული პატრიარქისგან

- საბჭოთა ხელისუფლების დროს არავითარი ჯილდო, ორდენი და მედალი არ მიმიღია, შევარდნაძისგან ღირსების ორდენი მოგვიანებით მივიღე. ჰო, მივიღე და რა ვქნა?!. ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა წლის საუკეთესო მეცნიერად, შემდეგ - მოღვაწედ გამომაცხადა და მედალიც გამომიგზავნეს. ყველაზე ძვირფასი ჯილდო პატრიარქის ნაჩუქარი წმინდა გიორგის ოქროს ორდენია. გასულ წელს, ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში დამიბარეს. ვიფიქრე, - უწმინდესს ალბათ, ჩემი ოჯახის დალოცვა უნდა-მეთქი. ადგილზე უამრავი ხალხი დამხვდა.

კათოლიკოს-პატრიარქმა დიდ დარბაზში შემიყვანა, სავარძელზე დამსვა და ბრძანა: დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ქალბატონი მარიკას პატივსაცემადო. თავი უხერხულად ვიგრძენი... შემოიტანეს და უწმინდესმა გადმომცა მათი უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ორდენი (შემკული ოქროთი, ზურმუხტით, ბრილიანტითა და მინანქრით), თან მითხრა: ერის, ქვეყნისა და ქართული ეკლესიის წინაშე დამსახურებისთვის გაჯილდოებთო. ისიც თქვა: მისი ღვაწლის გამო, ქალბატონ მარიამს "საქართველოს დედის" ტიტულს ვანიჭებო. მაშინ კი ვეღარ შევიკავე თავი, გული ამიჩუყდა და ცრემლები წამომივიდა. არ ვიცი, ამას რამდენად ვიმსახურებ, მაგრამ რადგან პატრიარქმა ასე ბრძანა, ეს ჩემთვის უდიდესი პატივია.

ბაგრატიონების ლეგენდა

- ლეგენდა ვუწოდე ბაგრატიონებს, რის გამოც ერთი ამბავი დამაწიეს. ნიკო ბერძენიშვილმა დამიბარა და ამის ახსნა მომთხოვა. ვუთხარი, - თუკი არსებობს ლეგენდა არგონავტების ან ნიბელუნგების შესახებ, რატომ არ შეიძლება იყოს ლეგენდა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის შესახებ-მეთქი? აღარაფერი უთქვამს. დიდი ხნის წინ შეიქმნა მონარქისტთა კავშირი, თემურ ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით. ის დროა, როდესაც ჩვენი მონარქისტების ერთი ნაწილი იტალიაში დარბის, მეორე - ესპანეთში, მარიამ ბაგრატიონთან. დამიბარეს, ბევრი ვილაპარაკეთ და ვუთხარი: რა გინდათ ან ესპანეთში, ან იტალიაში?

აგერ, საქართველოში გყავთ მუხრან ბაგრატიონის შტო, ქართლ-კახეთის სამეფოს უშუალო წარმომადგენელი, ერეკლეს პირდაპირი ჩამომავალი ნუგზარ ბაგრატიონი; ასევე იმერეთის სამეფოს პირდაპირი ჩამომავალი - ნინო ბაგრატიონი, თქვენ იმაზე უნდა იზრუნოთ, რომ მათი მემკვიდრე მეფედ გაიზარდოს, მომზადდეს-მეთქი. ერთი ამბავი ატყდა, - ეს როდის იქნებაო?! ყველაფერი ერთ დღეში უნდოდათ. ოპონენტებს ვუთხარი, - სხვათა შორის, ჩემი წინაპრები მეფის სამსახურში იდგნენ და პატიოსნად მსახურობდნენ. როდესაც სოლომონ II თურქეთში გაიქცა, მას ჩემი წინაპარი, ბერი ლორთქიფანიძე გაჰყვა თან. ბებიაჩემის, მართას დედა ბაგრატიონი იყო. მთელი ჩემი ცხოვრება ამ გვარის ისტორიას ვსწავლობდი, ამ გვარს პატივს ვცემ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს-მეთქი. გაგება არავის უნდოდა და რა გამოვიდა, ხომ ნახეთ?!.

ჩემი დიდი ოჯახი

- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. 7 შვილიშვილი მყავდა და 6 დამრჩა - ეს ჩემთვის მოუშუშებელი ტკივილია. დათუნა, გიორგის ვაჟი 14 წლის იყო, როცა მომიკლეს. ახლაც არ ვიცი, რის გამო, მკვლელი დღესაც დაუსჯელია, სადღაც გააპარეს. უაღრესად მორწმუნე და კეთილშობილი ბავშვი იყო... მყავს 8 შვილთაშვილი, მათგან ერთი ჩემი მოსახელეა, პატარა მარიამ ლორთქიფანიძე. სიდედრიც და დედამთილიც კარგი ვარ - რაც მართალია, მართალია. თუ სადმე სიდედრებზე ქილიკობენ, ჩემი სიძე მათ ყოველთვის აწყვეტინებს: არ გავიგონო სიდედრების დაცინვაო (იცინის)! ჩემს საქმეში თავი დაჩაგრულად არასდროს მიგრძნია. რასაკვირველია, შეცდომებიც მქონია და დანაშაულიც ჩამიდენია, ვგულისხმობ, ჩემი პირველი ქორწინების დანგრევას, თუმცა ეს მარტო ჩემ გამო არ მომხდარა... სამივე შვილი მისგან მყავს, ჯვარიც გვაქვს დაწერილი და სამივე კანონიერია (იცინის).

"ისე ნუ წავალ..."

- მე უკვე იმ ასაკში ვარ, დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებ და იცით, რაზე ვოცნებობ? - ისე ნუ წავალ, რომ ჩემი ქვეყანა არ გამთლიანდეს. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, ამდენი შვილი და შვილიშვილი გყავს, სხვა რაღა გინდაო? მთავარი, რაც მინდა, აი, ეს არის! როცა ვუყურებ, როგორ ვითარდება მოვლენები, ძალზე კრიტიკული ვხდები, მაგრამ არ მინდა, თავიდან და გულიდან ამოვიგდო ის აზრი, რომ ოდესღაც საქართველო გამთლიანდება; არ მინდა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ეს დარდი თან წამყვეს. დღეს პოლიტიკური თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა.

ის, რაც რუსებმა გაგვიკეთეს, - კარგიც და ცუდიც, თუ ვინმემ იცის, მე ვიცი, მაგრამ მის იქით გზა რომ არა გვაქვს? - საზღვარი მასთან გვაქვს და რაც უნდა დაიშალოს, დასუსტდეს, რუსეთი ყოველთვის, ჩვენზე ძლიერი იქნება, ამიტომ რაღაცნაირად უნდა გამოვნახოთ საერთო ენა. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ავდგეთ და შევუერთდეთ - ღმერთმა დაგვიფაროს! ჩვენი ნატოში შესვლაც ძალიან მეეჭვება. ასეც რომ მოხდეს, რა გგონიათ, ჩვენ რომ რუსეთი თავს დაგვესხას, ნატო ჯარს გამოგზავნის? - არც ჩაერევა და ეს არც ევალება. რუსეთმა ტანკებით ხვალვე რომ გადაგვიაროს, არც გამიკვირდება, ამიტომ ცოტა სიფრთხილეა საჭირო და რაღაც გზების ძიება. ურთიერთობა თანასწორუფლებიან საწყისებზე უნდა დარეგულირდეს. XXI საუკუნეა და ცივილიზებული ურთიერთობებია აუცილებელი.

ნანა ფიცხელაური

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"