ავტორი:

როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის დამარცხება - ქვეყნის პრემიერის თქმით, "COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს"

როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის დამარცხება - ქვეყნის პრემიერის თქმით, "COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს"

ახალ ზელანდიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსი დაამარცხეს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდენმაც.

"შიდა გადადების ფაქტები ქვეყანაში აღარ ფიქსირდება. ჩვენ ეტაპობრივად ვიწყებთ ეკონომიკის გახსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვხსნით სოციალურ ცხოვრებას", - ამბობს არდენი.

ხელისუფლება აპირებს, რომ ეტაპობრივად აამუშავოს ბიზნესი, თუმცა ადამიანებს ჯერ კიდევ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ბოლო დღეებში ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთეული რაოდენობა გამოვლინდა. გუშინ, ვირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, ქვეყანა სამშაბათიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საკმაოდ დიდი ნაწილის მოხსნას აპირებს. უახლოეს მომავალში სასწავლო პროცესის აღდგენაც იგეგმება.

"ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა გვმატებს თავდაჯერებულობას, გვაფიქრებინებს, რომ მივაღწიეთ მიზანს. ეს არ ნიშნავს, რომ არ გვექნება ახალი შემთხვევები, მაგრამ გულისხმობს, რომ გვეცოდინება ინფიცირების წყარო", - აცხადებს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის გენერალური დირექტორი, ეშლი ბლუმფილდი.

VIDEO: "ვირუსი შეჩერებულია და ბრძოლა მოგებულია" - როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის აღმოფხვრა?

პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდენის განცხადებით კი, მოხერხდა მასშტაბური გავრცელების თავიდან არიდება.

"ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ“, - ამბობს პრემიერი. მისივე თქმით, ქვეყანა უნდა იყოს ფხიზლად და გააგრძელონ არჩეულ გზაზე სიარული.

  • კორონავირუსის პირველი შემთხვევა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული ზომები

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა. როგორც BBC წერს, ქვეყნის ხელისუფლებამ COVID-19-ის პანდემიის ადრეულ ეტაპზევე ძალიან მკაცრი შეზღუდვები დააწესა მოგზაურობაზე და სოციალურ აქტიურობაზე. შეჩერდა სასწავლო პროცესი და აიკრძალა შეკრებები ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო გამოვლენილი.

ხელისუფლებამ ადრეულ ეტაპზევე ჩაკეტა საზღვრები და ყველა, ვინც საზღვარი გადაკვეთა, საკარანტინე ზონაში გადაიყვანა, აამოქმედა კარანტინის მკაცრი ზომები და დაიწყო ინტენსიური ტესტირება ახალი შემთხვევების გამოსავლენად, ასევე სპეციალური ჯგუფები იკვლევდნენ ინფიცირების წყაროებს.

"რომ არა მკაცრი შეზღუდვები, ყოველდღე, შესაძლოა ინფიცირების 1000 ახალი შემთხვევა ყოფილიყო. ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა შედეგებს გამოიღებდა ყოველივე, მაგრამ ფაქტია, რომ თავიდან ავიცილეთ ყველაზე უარესი", - ამბობს პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდენი.

ხელისუფლება ეტაპობრივად აპირებს მკაცრი შეზღუდვების მოხსნას და ბიზნესის ამუშავებას. დღეს ხელისუფლება ქვეყნის ამუშავების მეოთხე ფაზიდან მესამე ფაზაში გადავიდა, რაც ბიზნესების გახსნას, მათ შორის, გარე რესტორნების ამუშავებას გულისხმობს.

კვლავ აკრძალულია მასობრივი შეკრებები. დახურულია სავაჭრო ცენტრები და ჯერჯერობით ისევ ჩაკეტილი რჩება საზღვრები.

ახალ ზელანდიაში 4 815 127 ადამიანი ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, აქ მთლიანობაში კორონავირუსის 1 500-მდე შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ქვეყანაში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალ ზელანდიაში COVID-19-ის არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ არის - რა გზა გაიარა ქვეყანამ "ბრძოლის მოსაგებად"

"ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ 100 000-ზე მეტი დაინფიცირებულია" - რას ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ

ბიჭი ქუჩის დასუფთავებისთვის "მუსტანგით“ და სტიპენდიით დააჯილდოვეს - ამერიკელი თინეიჯერის ახდენილი ოცნება