ავტორი:

აფხაზურმა "მილიციამ" 29 წლის ბიჭი სავარაუდოდ, წამებით მოკლა - "ეს ბჟანია-ანქვაბის გუნდისთვის პირველი გამოცდაა..."

აფხაზურმა "მილიციამ" 29 წლის ბიჭი სავარაუდოდ, წამებით მოკლა - "ეს ბჟანია-ანქვაბის გუნდისთვის პირველი გამოცდაა..."

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. შსს თანამშრომლებს კიდევ ერთი ადამიანი "შემოაკვდათ". თუმცა, ადგილობრივი “ძალოვნები” ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა.

ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, 29 წლის ალიას თარბას სიკვდილის ფაქტს აფხაზები მწვავედ აკრიტიკებენ და ახალ ხელისუფლებას ძალოვან უწყებებში რეფორმების ჩატარებისა და ქმედითი ღონისძიებებისკენ მოუწოდებენ.

Апсадгьыл-инфо-ს ცნობით, გუდაუთელი თარბა, 21 აპრილს, ნარკოტიკულ ნივთიერებაზე შემოწმებისთვის დააკავეს. დაინიშნა “სასამართლო” და ის ერთთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.

"26 აპრილის ღამეს, თარბას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მორიგე ნაწილმა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, რომელმაც მას ინექცია გაუკეთა, თუმცა, ღამის 3 საათზე ახალგაზრდა აგუძერას საავადმყოფოდან, სოხუმში გადაიყვანეს," - წერს გამოცემა.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, თარბას სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ "კუჭ-ნაწლავის პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდებოდა..." 27 აპრილს, მამაკაცი ისევ კამერაში შეაბრუნეს, სადაც კარის სახელურზე, საკუთარი სპორტული შარვლით ჩამომხრჩვალი იპოვეს. აფხაზი ინტერტმომხმარებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ის წამების დროს შემოაკვდათ.

“ყველამ იცის, როგორ მუშაობს ჩვენი მილიცია... ეტყობა, ჩვენს ნარკობაზარზე ახალი გუნდი გამოჩნდა და შესაძლოა, მათზე სჭირდებოდათ ინფორმაცია, თორემ ამ კაციჭამიებმა ძველებზე ყველაფერი იციან... ვნახოთ, როგორ იმუშავებს ბჟანია-ანქვაბის გუნდი, ეს მათთვის პირველი გამოცდაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბარონ, თუ არ უნდათ, მათ წინააღმდეგ გამოსვლები არჩევიდან უპრეცენდენტოდ ადრე არ დაიწყოს!" - წერს ვლად ჭითანავა.

"შსს-ს განმარტებაში წერია, კამერაში არავინ იყო, რომ პატიმრის ქმედება დაენახა და მორიგისთვის ეცნობებინაო, რაც ტყუილია... ახლა კიდევ ერთ ვერსიას ავრცელებენ, ე.წ. ლომკას ვერ გაუძლოო, არადა, მარიხუანას მოწევისთვის ჰყავდათ დაპატიმრებული და ვინც იმ ბიჭს იცნობს, ყველა იტყვის, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელი იყო... ამას წინათ, იმავე განყოფილებაში, ქალის წამების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ოღონდ შემდეგ ჩაფარცხეს, ეტყობა, ფული გადაუხადეს ოჯახს, ან სხვანაირად გააჩუმეს..." - წერს ლიანა ჯოჯუა.

“ამ ბიჭზეც ჯერჯერობით ყველა პოლიტიკოსი დუმს. თითქმის 30 წელია სისტემაში არაფერი შეცვლილა, ახალი კადრებიც არ გვყავს რომ შევცვალოთ, ახალი ვინ უნდა მოვიყვანოთ, რა გახდა ერთი "ქართული რეფორმა", რომ ამ ქვეყანას ეშველოს?!" - ამბობს ირმა კვიცინია.

"თუ ამ საქმეს დეტალურად არ გამოიძიებენ, დამნაშავეს არ დასჯიან და ბოროტმოქმედების გასამართლებას გულრიფშის მილიციიდან არ დაიწყებენ, სადაც თვეში ორი-სამი ადამიანი მაინც კარგავს ჯანმრთელობას, ამ ქვეყანას არასდროს არაფერი ეშველება და ის გადაჭარბებული მოლოდინი, თითქოს ბჟანიას გუნდი რაღაცებს უკეთესობისკენ შეცვლიდნენ, ძალიან მალე გაგვიცრუვდება..." - წერს ირინა დბარი.

რაც შეეხება, აფხაზეთში ახალ პოლიტიკურ გუნდს, - როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტად, ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა. 27 აპრილს ცნობილი გახდა "ფინანსთა მინისტრის" ვინაობაც - 46 წლის ვლადიმირ დელბა, ასევე ანქვაბის კლანიდანაა და 2015 წლამდე “ვიცე-პრემიერის” პოსტზე იყო.

ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერი, 58 წლის ბესლან ჯოპუა გახდა, რომელიც 2007 წლიდან “დეპუტატია” და 2011-2014 წლებში, ანუ ვიდრე ანქვაბი “პრეზიდენტის” პოსტს დაკარგავდა, “სოფლის მეურნეობის მინისტრი” იყო... რომ არაფერი ვთქვათ ანქვაბის კლანზე, აფხაზეთში ჯოპუები საკმაოდ გავლენიანი გვარია, რადგან მათ შორის არიან, ე.წ. ელიტის წარმომადგენლებიც და კრიმინალურ ავტორიტებთან დაახლოებულებიც.

შესაბამისად, პატარა რეგიონში, სადაც ნაცნობობა ბევრს ნიშნავს, ამ გვარით ბევრი ხეირობს, მათ შორის, პოლიტიკოსებიც...

"აფხაზეთის ახალ ხელისუფლებაში მრავლად არიან ძველი და გავლენიანი მაფიოზები, რომლებიც ხაჯიმბას ხელმძღვანელობაში ყოფნისას გარკვეული შეზდუდვების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და მის მოსაშორებლად პირდაპირ თუ ირიბად, ძალ-ღონეს არ ზოგავდნენ... ყველა ახლანდელი მაღალჩინოსანი, მათ შორის, ბჟანიაც ანქვაბის კადრია, შესაბამისად, ახალი ხელისუფლება კი არ გვყავს, ხელისუფლებაში, მცირედი ცვლილებებით, ისევ ალექსანდრე ანქვაბი დაბრუნდა," - მიაჩნიათ ადგილობრივებს.

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა