ავტორი:

"ამერიკის 50-ვე შტატი მოვიარე... ვირუსის პერიოდში შეზღუდვა დიდად არაფერშია" - რას ყვება აშშ-ზე და როგორ ამხნევებს ქართველებს პანდემიის დროს მსოფლიო მოქალაქე

"ამერიკის 50-ვე შტატი მოვიარე... ვირუსის პერიოდში შეზღუდვა დიდად არაფერშია"  - რას ყვება აშშ-ზე და როგორ ამხნევებს ქართველებს პანდემიის დროს მსოფლიო მოქალაქე

მსოფლიო პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი არაერთი ქართველი ერთვება სოციალურ ქსელში და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. მსოფლიო მოქალაქე, ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, იგივე ნიქსი, რომელსაც, როგორც ამბობს, უკვე 180-ზე მეტი ქვეყანა აქვს მოვლილი, თვითიზოლაციაში დარჩენილებს, აშშ-ში მყოფი, „ფეისბუქის“ საშუალებით, სხვადასხვა ქალაქში გვამოგზაურებს, ნიკოლოზი სოციალურ ქსელში ვიდეოლაივით ღირსშესანიშნავი ადგილებიდან ერთვება.

ის იქ გასული წლის ზაფხულში ჩავიდა, როგორც ამბობს, უკვე 50 შტატი მოიარა და მოგზაურობას ახლა უკვე პანდემიის პირობებში განაგრძობს. მისი ვიდეოლაივები საკმაოდ პოზიტიურია, ოპტიმისტური, რითაც მეგობრებს და ფეისბუქმომხმარებლებს მხნეობისკენ მოუწოდებს.

ნიკოლოზი თავის სამოგზაურო ისტორიებითა და თავგადასავლებით ჩვენი სტუმარი სხვა დროსაც ყოფილა.

ამჟამად ვთხოვეთ, მოეთხრო როგორია პანდემიის პერიოდში მისი თვალით დანახული აშშ.

„ამერიკაში გასულ ზაფხულს ჩამოვედი და მას მერე 50-ვე შტატი მოვიარე. ეს შტატები მხოლოდ კი არ გავიარე, იქაური წესები, ტრადიციები, ცხოვრების სტილი, კანონები შევისწავლე. თითოეული ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, დაახლოებით ისე, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთისგან, თუნდაც თავისი გადასახადების სისტემით. მაგალითად, არის შტატი, სადაც წითელზე გავლისთვის ჯარიმა 20 დოლარია, მაგრამ არის შტატი, სადაც ამ დარღვევაზე გადასახადი - 500 დოლარია.

ბოლო დღეებში სანამ ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე ჩამოვედი (ეს გზა სხვა დროსაც არაერთხელ გამივლია), ვნახე, რომ მისურიში ბენზინის ფასი ერთი დოლარია, ლოს-ანჯელესში კი საწვავი 4 დოლარად ჩავასხი,“ - გვიყვება ნიკოლოზი, რომელიც სამი წლის წინ გამოცემულ თავის წიგნში „აღმოაჩინე სამყარო შენში“ 148 ქვეყანში მიღებულ შთაბეჭდილებებზე წერდა. ამ ეტაპზე კი მის მიერ მოვლილი ქვეყნების რაოდენობა 180-ზე მეტია.

„მაგრამ არ ვარ მომხრე, ეს ყველაფერი მხოლოდ ციფრებად ვაქციო, რადგანაც მსოფლიო იმდენად მრავალფეროვანია, მრავალმხრივი, რომ ამის დეტალურად გადმოსაცემად ციფრები კი არა, სიტყვებიც არ კმარა. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება, იმოგზაურო მხოლოდ ჩინეთში და იმდენნაირი ფლორისა და ფაუნის მონახულება მოგიხდეს, რომ ყველაფერი გადაწონოს... შეიძლება,ზოგჯერ ერთდროულად ნახო - ზღვა, ტროპიკები, თუნდაც, აშშ... მაგალითად, მაიამიში ტროპიკებსა და ჯუნგლებს შეხვდები, მონტანაში - სიცივეს, ყინვას (წლის უმეტეს დროს), არადა, ორივე ერთი ქვეყანაა...

იგივე ჩვენი საქართველო რომ ავიღოთ, ამ პატარა ქვეყანაში იმდენნაირი კულტურა, ტრადიცია, დიალექტი და საუბრის სტილია, რომ უცხო ადამიანი მისი გაცნობისას გაოცებული რჩება. სვანეთი, მთიანი აჭარა საოცრად განსხვავდება ერთმანეთისგან, გამორჩეულია კახეთი და ა.შ. საქართველოში მოგზაურობა შეიძლება სამი-ოთხი ქვეყნის მოვლასაც გაუტოლდეს.

ხოლო ისეთი ხრიოკი ქვეყნები, როგორებიცაა ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ავღანეთი, მონღოლეთი - იქ ფაქტობრივად, სხვაობას ვერც ამჩნევ - რომლიდან რომელში გადადიხარ და გადმოდიხარ, მცირედი სტილისტიკური განსხვავების მიუხედავად, განსხვავებას ვერც ამჩნევ, იმდენად მსგავსია. ასევეა თითქმის ომანის, იემენის, საუდის არაბეთის, ემირატების, ალჟირის, მაროკოს ბუნება, კლიმატი, ტრადიციები საოცრად ჰგავს ეთმანეთს... ასე რომ, როდესაც მისვამენ შეკითხვას, რამდენი ქვეყანა მაქვს მოვლილი, თამამად ვპასუხობ: მსოფლიო მაქვს მოვლილი, დედამიწის მთელი ტერიტორია და ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადგილზე შემიძლია მოვუყვე, ვესაუბრო, ვაჩვენო სურათები, თუ ვიდეომასალა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან, როცა მოგზაურობა დავიწყე, სურათებს ასე აქტიურად არ ვიღებდი. ასე რომ, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე მაქვს დამამტკიცებელი საბუთი - ბოლო-ბოლო ვიზები მაქვს პასპორტებში შენახული (თუკი ამაში ვინმეს ეჭვი შეეპარება).

მოკლედ, ჩემთვის ქვეყნების დათვალიერება მხოლოდ ციფრები არ არის. ეს უდიდესი ემოცია, შთაბეჭდილება და გამოცდილებაა,“ - განმარტავს რესპონდენტი.

- როგორია შენი თვალით დანახული ამერიკა პანდემიის პერიოდში?

- რაც შეეხება „დარეკლამირებულ“ ვირუსს, გეტყვით, ასე რატომ ვამბობ, - მე მას ჩვეულებრივ ვირუსად მივიჩნევ, არაფერი განსაკუთრებული არ არის, მსგავსი ვირუსი კიდევ ბევრი არსებობს. ვფიქრობ, რაღაც კატეგორიას, ადამიანების ჯგუფს აწყობს მსოფლიოს პანიკაში ყოფნა. ამ სიტუაციაში მე არ ვერევი და არც მეხება. იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სრულიად სხვა კუთხით ვუყურებ და ვფიქრობ, თუ ადამიანები იმუნიტეტს გაიმაგრებენ, არანაირი ვირუსი არ შეეხებათ. მე მაგალითად, შტატიდან შტატში ანტივირუსივით დავდივარ, რადგანაც არ მაქვს ცუდი იმუნიტეტი. იმუნიტეტის გასაძლიერებლად კი საჭიროა, - ვარჯიში, სუფთა ჰაერის სუნთქვა, დიდი რაოდენობით წყლის მიღება, კარგი გამოძინება, ჯანსაღად კვება, - ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია...

ადამიანი გენეტიკურად ისეთნაირად არის მოწყობილი, ისეთი კოდი დევს მასში, რომ სადაც დაიბადა, იმ ტერიტორიაზე არსებული და მოყვანილი პროდუქტით უნდა იკვებოს, ის არის მისთვის სასარგებლო. ქართველები ხშირად ვეტანებით ისეთ ტროპიკულ ხილს, როგორიცაა სიტყვაზე, ბანანი და ანანასი, არადა, მასზე უკეთესი კვებითი ღირებულება შესაძლოა, ჩვენს, ქართულ ხილს ჰქონდეს და აქვს კიდეც. დიახ, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები ქართულ ხილში კიდევ მეტი დოზით შეიძლება აღმოვაჩინოთ.

რაც შეეხება მთლიანად შეერთებულ შტატებს, აქ ამ ვირუსის პერიოდში შეზღუდვა დიდად არაფერშია. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ინფორმაციული შეზღუდვაა და ესაა, ანუ ადამიანის ფსიქოლოგია, რომ დაშინებული იყოს. მოძრაობს ტრანსპორტი, ის დაწესებულებები, რაც ადამიანს სჭირდება და რაც მნიშვნელოვანია, თუ არ ჩავთვლით ნიუ-იორკში მანჰეტენზე გადაღებულ იმ რამდენიმე კადრს, რომ იქაურობა ცარიელია. მანჰეტენზე სულ ოფისებია, ის კადრები ისეთ დროს არის გადაღებული, როცა ხალხი ოფისში არაა. ასეთი კადრების გადაღება ჩვეულებრივ პერიოდშიც შესაძლებელი იყო. გამთენიისას მიყვარს, მზის ამოსვლას რომ ვხვდები და იმ პერიოდში მანჰეტენზე არაერთხელ გავსულვარ და სულ ასეთი სიცარიელეა ხოლმე. ასე რომ, ცარიელი ქუჩების გადაღება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შემიძლია.

რაც შეხება ქართველებს, მინდა, ვუთხრა, რომ სტრესით და ნერვიულობით არ დაიზიანონ იმუნური სისტემა, ნერვული დაძაბულობით მეტი დაავადება შეიძლება გაუჩნდეთ... ჯობს, ამ პერიოდში, თვითიზოლაციისას, საკუთარი თავი მეტად განავითარონ, დარჩნენ საყვარელ ადამიანებთან... უამრავი ადამიანი რუტინულ საქმეს ეწევა და მუდმივად იმაზე წუწუნებს, რომ თავისუფალი დრო არ აქვს. ახლა ეს დრო შეუძლია დასასვენებლად, საჭირო საქმეების გასაკეთებლად გამოიყენოს, ოჯახის წევრებს მეტად მოეფეროს და ხუმრობით თუ ვიტყვით, ისინი უკეთესად გაიცნოს კიდეც. შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი ტალანტებიც აღმოაჩინოს - სიმღერაში, ცეკვაში და დრო ახალი პროექტების შექმნაში დახარჯოს.

სამყარო დიდი ხანია, იცვლება და რამდენიმე წელიწადში ისედაც შეიცვლებოდა, უბრალოდ ახლა ერთიანად მიმდინარეობს ეს პროცესი. რამდენი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ბევრი რამ უკვე ავტომატიზებულად ხდება, ყველაფერი ელექტროაპარატებზეა... ადრე სახლიდან მუშაობა შეუძლებელი იყო, ახლა ცენტრალური ოფისები მუშაობენ სახლიდან...

- როგორც ამბობ, ხალხი კი მოძრაობს აქტიურად ქუჩაში, მაგრამ სოციალურ დისტანცირებას იცავენ?

- ამერიკელების ეთიკასა და ზრდილობაში ისედაც შედის დისტანციის დაცვა... მხოლოდ ქალაქებში - ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი, სადაც ბევრი ჩამოსული ადამიანია, ცოტა სიმჭიდროვეა მეტროში, მაღაზიებში და ეს ყველაფერი იქ ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ კანზასში, მაიამიში მაღაზიაში რომ მიდიხარ და ვინმესთან ერთდროულად მოგიწია სალაროსთან მისვლა, ის ვიღაც სამი მეტრის იქით დგებოდა და მანძილს იცავდა. ამას ისინი ყოველთვის არეგულირებდნენ.

მოკლედ, პოზიტიურ ემოციაზე ორიენტირებული ადამიანი ვარ და იმავეს გირჩევთ თქვენ. არაფრის დრამატიზება არ მიყვარს და ამას არასდროს ვცდილობ. ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება გრძელდება, უბრალოდ, ადაპტირება უნდა შევძლოთ ახალი სტილის ცხოვრებაზე, რადგანაც სამყარო ჩვენგან ახლა ამას ითხოვს. უნდა მივეჩვიოთ.

ასე რომ, მოგზაურობა, აღმოჩენა, შესწავლა, შეცნობა, შეგრძნება, ბედნიერება - ესაა მთავარი! გისურბეთ მოგზაურობას! ყველაფერი კარგად იქნება!

"ახლაც ემოციებში ვარ, მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა..." - რას ჰყვება ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც COVID-19 შეცდომით დაუდგინდა

კოკა ყანდიაშვილი მასთან დაკავშირებული ფეისბუქ-ანგარიშების წაშლას განცხადებით ეხმაურება

"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე