ავტორი:

"ბებო და­ვი­ნა­ხე, ხურ­დებს ით­ვლი­და, რომ პური და კა­რა­ქი ეყი­და..." - პანდემიის გამო ულუკმაპუროდ დარჩენილები და მოხალისეები მათ დასახმარებლად

"ბებო და­ვი­ნა­ხე, ხურ­დებს ით­ვლი­და, რომ პური და კა­რა­ქი ეყი­და..." - პანდემიის გამო ულუკმაპუროდ დარჩენილები და მოხალისეები მათ დასახმარებლად

"პროდუქტის საყიდლად წავედი, მინდოდა, მარაგი მქონოდა, მერე ფული აღარ მექნებოდა. კალათით სალაროსთან ვიდექი და ნაცნობი ბებო დავინახე, ხურდებს ითვლიდა, ერთი პური და კარაქი რომ ეყიდა...

მე მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ეს ბებო ერთ დროს დედაჩემს ეხმარებოდა - ყოველდღე რძე მოჰქონდა ჩემი პატარა ძმისთვის. სინდისმა შემაწუხა, მაღაზიიდან გავედი, ბებოს დავეწიე და პარკები მივეცი. მიცნო, უარს ამბობდა, ბავშვებს წაუღეო, მე მაინც დავუტოვე.

სახლში რომ დავბრუნდი, ბავშვები ხელებში მიყურებდნენ... მოვატყუე, ფული დავკარგე-მეთქი. ერთი კვირის სამყოფი მქონდა რაღაც-რაღაცები... და დღეს როცა ვფიქრობდი, სოციალურ დახმარებამდე როგორმე გაგვეძლო, დამირეკა კეთილმა ადამიანმა - ქალბატონო, თქვენთან პროდუქტი მოგვაქვსო. დავიბენი, ხმა ჩამიწყდა, არ ვიცოდი რა მეთქვა, ძლივს მოვაბი თავი, მისამართი მეთქვა...

დღეს დავრწმუნდი, რომ ღმერთი არ გაგვწირავს! ის არასდროს მტოვებს, ყოველთვის, როცა მიჭირს, კეთილი ადამიანების სახით მევლინება და მეხმარება. დღეს მე ამ ადამიანში ღმერთი დავინახე" - ეს წერილი 3 შვილის დედამ გაუგზავნა საქველმოქმედო ფონდ "ერთიანობას", რომელიც COVID-19-ისგან გამოწვეული კრიზისით დაზარალებულების დასახმარებლად შეიქმნა.

პლატფორმა 1anoba.ge ნინო ზამბახიძემ, ვალერი ჩეხერიამ და სანდრო კანდელაკმა შექმნეს. პლატფორმაზე როგორც მოხალისეები, ისე შემწეობის მთხოვნელები გადიან რეგისტრაციას, რის შემდეგაც ფონდი გაჭირვებული მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით დახმარებას უზრუნველჰყოფს. "1ანობა" ერთ თვეში უკვე 2 750 ოჯახს დაეხმარა.

მოხალისეები დღის გეგმას ათანხმებენ

AMBEBI.GE-ს ჟურნალისტმა ერთი დღე საქველმოქმედო ფონდთან ერთად გაატარა და მოქალაქეების დახმარების პროცესში სანდრო კანდელაკთან ერთად ჩაერთო.

  • ზეთი, ხორცი, კარაქი და მედიკამენტები...

ყოველ დილით, პირველი ნაბიჯი სიის შემოწმება და დღის დაგეგმვაა, თუ რამდენ ოჯახს და სად მიეწოდება დახმარება, თბილისსა თუ რეგიონში. „ერთიანობა“ ცდილობს, დახმარებამ საქართველოს ბევრი რეგიონი მოიცვას. დღეს პროდუქტი კახეთში იგზავნება, ხვალ - დუშეთში... როცა საუბარი კონკრეტულ რაიონზეა, გადაწყვეტილებას, თუ კონკრეტულად რომელ ოჯახებში გაიგზავნება დახმარება, გუბერნია იღებს. დახმარება უკვე მიეწოდათ ოჯახებს კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, საჩხერეში, ხაშურსა და ზესტაფონში...

"გვაქვს სია, რომელსაც რიგითობის და საჭიროებების მიხედვით მივყვებით. განსაკუთრებული აქცენტი მარტოხელა მოხუცებზე, მრავალშვილიან დედებზე, შშმ პირებსა და რისკ-ჯგუფებში შესულ იმ ადამიანებზეა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ გარეთ გამოსვლა", - მიამბობს სანდრო.

ამის შემდეგ საწყობიდან პროდუქტის ჩატვირთვა იწყება: ხილი, კარტოფილი, ზეთი, ბურღულეული, ქათმის ხორცი, ჩაი, კარაქი, კვერცხი და ა.შ. ასევე, კონკრეტული ოჯახებისთვის საჭირო მედიკამენტები.

მოხალისეები საწყობში დაახლოებით 14:00 საათზე მოდიან. მათ უსაფრთხოებისთვის აუცილებელ დამცავ აღჭურვილობას გადასცემენ - პირბადეებს, ხელთათმანებს, დამცავ ფარებს. ხელებს ყველა სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებს. შემდეგ პროდუქტსა და პრეპარატებს ოჯახებში არიგებენ. სანდრო კანდელაკის თქმით, თითოეული მოხალისე პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხითაა გადამზადებული.

  • ყველაზე პატარა მოხალისე

16 წლის ლაშა ფხოველიშვილმა პლატფორმის შესახებ მეგობრისგან გაიგო და ჩართვის სურვილი გაუჩნდა:

"ძალიან ბევრი მოხალისეა. პირველად მეგობარს გამოვყევი და ასე ჩავერთე. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ადამიანებთან მიდიხარ, ეხმარები, ამით დიდ ემოციას იღებ... მახსენდება, ერთ ქალს განსაკუთრებით გაუხარდა, იქაც მადლობა გადაგვიხადა და შემდეგად დაგვირეკა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდაო... არც ისეთი ბევრია, მაგრამ ეს დახმარება ისეთი ხალხისთვისაა ძალიან საჭირო, ვინც უსამსახუროდ დარჩა, სოციალურად დაუცველია, მოხუცია...“ - ამბობს ლაშა.

სანდრო კანდელაკის თქმით, ქველმოქმედებაში მოხალისეებისა და კომპანიების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, დახმარება კი ნებისმიერი სახით მიიღება.

"მოხალისეები ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობენ, ისევე, როგორც კომპანიები - მათი დონაციის გარეშე ამ საქმეს ძალა არ ექნებოდა, რადგან ამის მეშვეობით ხდება პროდუქტებით მომარაგება. კომპანიებმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სურვილი გამოიჩინეს, დახმარებოდნენ ქვეყანასა და საზოგადოებას.

ან ფულს რიცხავენ, ან პროდუქტებს და მედიკამენტებს გზავნიან, ვისაც როგორ შეუძლია, ისეთი ფორმით ერთვება. მათ შორის ფერმერები, მცირე და საშუალო ბიზნესები რეგიონებში, გზავნიან პროდუქტებს, რათა ნობათში ჩავდოთ მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის. ყოფილა შემთხვევა, ადამიანს ლარიც კი გადმოურიცხავს, მაგრამ ვიცით, რომ ზოგისთვის ეს ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია. პლატფორმა ქართველი ფერმერების ხელშეწყობასაც უზრუნველყოფს, რომელთაც კრიზისული პერიოდის გამო სარეალიზაციო არხები შეუვიწროვდათ“, - ამბობს „ერთიანობის“ თანადამფუძნებელი.

ეს მიკროავტობუსი კახეთში წაიღებს დახმარებას

დღეს დახმარება სულ 49 ოჯახს მიეწოდება - კახეთში 30-ს, თბილისში - 19-ს. მოხალისეებმა, მათ შორის 16 წლის ლაშამ, პროდუქტები 17 ოჯახს უნდა დაურიგონ, სანდრომ კი - ორს.

  • "კარგი ცხოვრება მქონდა, შვილო, მაგრამ დღეს აღარაფერი მაქვს"

გზაში სანდრო კანდელაკი მიყვება, რომ საქმიანობის დასაწყისში იმის დანახვა, თუ რამდენად ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაში, ძალიან ემოციური იყო.

"მერე, როცა ხვდები, რომ ადამიანებს ახარებ და ვიღაცისთვის იმედი ხარ, გირეკავენ, ხვდები, რომ შენი საქმიანობით მათ ყოველდღიურობას ქმნი, ეს ნეგატიური ემოცია დადებითში გადადის და მეტი მოტივაცია გიჩნდება. თავიდან დღის განმავლობაში თუ 5-10 ლოკაციაზე მივდიოდით, ახლა მათი რაოდენობა 50-მდეა.

ძლიერი ემოციები გვაძლევს იმის ძალას, რომ ერთიანობის ვირწმუნოთ. საკვებითა და მედიკამენტებით დახმარების გარდა, ადამიანებს იმის იმედს ვაძლევთ, რომ ძალიან მალე ამ ყველაფერს დავამარცხებთ, და დავამარცხებთ ერთიანობით" - ამბობს სანდრო.

პირველი, სადაც მივდივართ, სოციალურად დაუცველი, 8-სულიანი ოჯახია. შუახნის მამაკაცი, რომელიც პროდუქტებს გვართმევს, სახლში გვპატიჟებს, სადაც ორი ხანშიშესული ქალბატონიც გვხვდება.

"ოღონდ არ ჩამწერო, და თუ გინდა, ხელს მოგიწერ", - ამბობს ერთ-ერთი. რთულია მიხვედრა, რაზე აპირებს ხელის მოწერას. კამერის გამორთვის შემთხვევაში საუბარზე თანახმაა: "რატომ დაგვჭირდა დახმარება? აი, ხომ ხედავ, შვილო, თქმა გინდა?" - მიმითითებს ვიწრო ოთახზე.

მამაკაცი ამბობს, რომ ოჯახში ყველა უსამსახუროდ და შესაბამისად, უშემოსავლოდ დარჩა:

"მთავრობის დახმარება არ შემეხება. მე და ჩემი შვილი ბაზრობაზე ვმუშაობდით, თვითდასაქმებულები ვიყავით. საიდან უნდა მოვიტანო ის საბუთები, ვის გამოვართვა? არანაირი აზრი არ აქვს, არაფერი შემეხება“. რამდენჯერმე იმეორებს - "ერთი სული მაქვს, გახსნან ყველაფერი... რომ დამიძახონ, ხვალვე გავალ სამსახურში".

გასვლისას მეორე ქალბატონი მაჩერებს და მთხოვს, ჩავიწერო: „სახლ-კარი არ მაქვს, ბინა და ყველაფერი დავკარგე, აქ შემოვსახლდი. თუ რამე შეიძლება იყოს დაუცველებისთვის და მომეხმარება მთავრობა, დიდი მადლობა, თუ არა და... ძალიან ვიწროდ არიან და არ ვიცი, სად წავიდე. კარგი ცხოვრება მქონდა, შვილო, მაგრამ დღეს აღარაფერი მაქვს“.

„ერთიანობა“ თანამშრომლობისთვის ღიაა. COVID-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით თბილისის მერიის სამსახურებისა და „წითელი ჯვრის“ საქველმოქმედო საქმიანობის დაწყებისთანავე, ფონდი მათ მოხალისეებით ამარაგებდა. ის 112-თან და 144-თანაც თანამშრომლობს. გაჭირვებული მოქალაქეების ნაწილს, სწორედ აქ აწვდიან ინფორმაციას ფონდის შესახებ. თუ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე ამ ნომრებზე რეკავს, "ერთიანობა" მისთვის გადაუდებელ დახმარებას გამოყოფს.

შეგროვილი პროდუქტი და მედიკამენტები ამ საწყობში იყრის თავს და აქედანვე ნაწილდება

არიან სხვებიც, მაგალითად, მოხუცები ან ვისაც ინტერნეტზე წვდომა შეზღუდული აქვს, რომელთაც „ერთიანობის“ პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლა არ შეუძლიათ. ამ შემთხვევაში მათ ფონდის ქოლცენტრი არეგისტრირებს. სანდრო კანდელაკის თქმით, სანამ ქოლცენტრი დაიწყებდა ფუნქციონირებას, მის პირად ტელეფონზე ერთ დღეში 380-მა ადამიანმა დარეკა.

"თავიდან, მოხალისეებს როცა ვაგროვებდით, 75 წლის ლამარა ბებომ დაგვირეკა. დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მეხვეწებოდა, წამოვალ, „ჯანზე ვარ“, მე არაფერი მჭირდება, მაგრამ სურვილი მაქვს, ახალგაზრდებს დაგეხმაროთო. ავუხსენით, რატომაც გავერთიანდით: რომ თქვენ სახლში დარჩეთ და ჩვენ ნებისმიერი საჭიროების ქონის შემთხვევაში დაგეხმაროთ-მეთქი. ეს ქალბატონი პერიოდულად ისევ გვირეკავდა, სხვადასხვა შემოთავაზებით: მოხალისეებისთვის შემიძლია სადილი მოვამზადო და გამოგიგზავნოთო და ა.შ" - ყვება სანდრო.

მეორე, ხუთსულიანი ოჯახიც, რომელიც დღეს დახმარებას მიიღებს, სოციალურად დაუცველია. ოჯახში მარტოხელა დედა და შშმ პირი ცხოვრობს. სადარბაზოსთან ახალგაზრდა ქალი გვხვდება. მისი თქმით, დახმარება ძირითადად, შშმ პირის გამო სჭირდებათ.

უკანა გზაზე „ერთიანობის“ თანადამფუძნებელი რამდენიმე ზარს იღებს.

"ალბათ ამ დღეებში ქუთაისში მომიწევს წასვლა. მომწერე, რამდენი ოჯახია ხაშურში დასახმარებელი და პროდუქტებს წამოვიღებ“, - ეუბნება თანამოსაუბრეს და ჩვენთან აგრძელებს საუბარს: "ჩემი მეგობრები თავიანთი ინიციატივით ეხმარებიან ადამიანებს. ზოგმა პატრონაჟის სურვილი გამოთქვა, რომ რომელიმე ოჯახს მაგალითად, 1-2 თვის განმავლობაში დაეხმარება".

დღის გეგმა თითქოს, შესრულებულია, თუმცა ამ დროს იღებს ინფორმაციას, რომ ძეგვში, ერთ-ერთ ოჯახში ბავშვი შეეძინათ და სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. ასეთი შემთხვევა ბევრია, როცა მოხალისეების გაგზავნა სახელდახელოდ არ ხერხდება და "ერთიანობის" წარმომადგენლებს თავად უწევთ თბილისის გარეთ დახმარების წაღება...

"31 ოქტომბერს სასწრაფოს გამოძახების მოტივი სუნთქვის გაძნელება იყო..." - ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ 27 წლის პაციენტზე ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა

"ვრეკავდით ყველგან, მაგრამ გვეუბნებოდნენ, - ადგილები არ გვაქვსო" - რას აცხადებს კოვიდინფექციით გარდაცვლილი 27 წლის ქალის დედა