ავტორი:

"პლანქველინი აუცილებლად დარჩება" - რა ცვლილებები იგეგმება საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებში

"პლანქველინი აუცილებლად დარჩება" - რა ცვლილებები იგეგმება საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებში

ახალი კორონავირუსის გამოვლენისა და მკურნალობის მეთოდები გზადაგზა იცვლება და ფართოვდება. COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად, მალე შესაძლოა, პრეპარატი "რემდისივირი" გამოცხადდეს, რომელმაც კლინიკური გამოკვლევებით აჩვენა, რომ 31%-ით უფრო სწრაფად კურნავს კორონავირუსით ინფიცირებულებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან კიდევ რამდენიმე მედიკამენტზე, რომლებიც შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, ამ ეტაპზე რა მნიშვნელოვანი სიახლეებია საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.

ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი ეკა ადამია AMBEBI.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მიზნობრივი ტესტირების ალგორითმია, რომელიც 30 აპრილიდან ამოქმედდა.

- ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ იმ ცვლილებებს, რაც მთელს მსოფლიოშია. ამიტომ ცვლილებები იქნება როგორც COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლში, ისე ტესტირების რეჟიმში. უმნიშვნელოვანესი სიახლეა ის, რომ განისაზღვრა ასაკობრივი ჯგუფის მიზნობრივი ტესტირების ალგორითმი და დაიწყო სამიზნე ჯგუფების ორგანიზებული ტესტირება.

მოქმედი პროტოკოლით, ტესტირება ძირითადად სიპტომიან პაციენტებს უტარდებათ, ეს ახალი მიდგომა კი ითვალისწინებს უსიპტომო პირების ტესტირებასაც. საუბარია მოხუცებულთა თავშესაფრების, ჩვენს სათემო ორგანიზაციებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარებზე.

როგორც ბენეფიცირები, ისე პერსონალი ორგანიზებულად იქნება გამოკვლეული, რადგან დახურული სივრცეები განსაკუთრებული საფრთხეა.

ტესტირების არეალი თანდათან ფართოვდება. ეს ყველაფერი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით მოხდება" - განმარტავს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი.

ადამიას თქმით, ინტენსიურად დაიწყება ყველა იმ ობიექტის მონიტორინგი, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან. ორგანიზებული ტესტირება ჩაუტარდებათ აფთიაქების და სუპერმარკეტების თანამშრომლებსაც.

"ტესტები ეტაპობრივად ჩამოდის შეკვეთების შესაბამისად. რომელი გამოშვების ტესტიც იყო მსოფლიოში ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, ცხადია, ისინი გამოვიწერეთ და ეტაპობრივად გვაწვდიან.

უპირატესობას PCR-ტესტებს ვანიჭებთ, რადგან ანტისხეულების ტესტი მაინც სარისკოა, შეიძლება, შემთხვევა გაიპაროს. შემზღუდავი ნორმების შერბილების პარალელურად ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ არ მოხდეს შემთხვევების მატება. ამიტომ ტესტირებები აქტიურად ჩატარდება ექიმებში, პოლიციელებში, ფარმაცევტული ქსელის თანამშრომლებში, მაღაზიების გამყიდველებში და ა.შ. ყველა ის ჯგუფი უნდა იყოს გატესტილი, რომლებსაც კავშირი აქვთ ადამიანებთან" - ამბობს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი და განმარტავს, რომ დიდი ყურადღება ეთმობა კორონავირუსის მკურნალობის დეცენტრალიზაციას.

კორონავირუსის სამკურნალო გაიდლაინის შეცვლაზე საუბრობს საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძეც. მისი განმარტებით, საქართველოს უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა ვირუსის მკურნალობაში საიმისოდ, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიდეს.

მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა პლაზმით მკურნალობის დასაწყებად, თუმცა ეს ვერ იქნება მკურნალობის მასიური მეთოდი, რადგან, საქართველოს პოტენციურად პლაზმის შესაგროვებლად სულ 8 დონორი ჰყავს.

კორონავირუსის მკურნალობის ქართულ პროტოკოლში შესატან ცვლილებებზე AMBEBI.GE-ს ესაუბრა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე.

"ჩვენ უკვე დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება კორონავირუსის მკურნალობაში და ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება. მე ახლა კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით, როდის შეიძლება მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალოს. რაც მთავარია, პლანქველინი აუცილებლად დარჩება, რადგან მას ძალიან კარგი შედეგები აქვს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

პროტოკოლში ცვლილება იმ შემთხვევაშიც შევა, თუ შეიქმნება და დამტკიცდება ახალი ანტივირუსული მედიკამენტი. ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ შეიძლება, გამოყენებული იქნეს სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები... ვირუსი, ზოგადად, აზიანებს სისხლის შემდედებელ სისტემას, ამიტომ ასეთი მედიკამენტები შესაძლოა ჩაერთოს მკურნალობაში.

საუბარია იმაზეც, რომ ჩატარდეს პლაზმაფერეზი - სისხლის გაწმენდით მკურნალობა. ანუ ვირუსის მოქმედების დროს გამოყოფილი მავნე ნივთიერებებისგან სისხლის გაწმენდა" - განუცხადა მარინა ენდელაძემ AMBEBI.GE-ს.

კიდევ ერთი სიახლის შესახებ 30 აპრილს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კლინიკაში დაიტესტა უნიკალური მეთოდი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენებენ:

"ჩვენს კლინიკაში დაიტესტა "ჯინ ექსპერტ" მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოხდება ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ და მხოლოდ, იმ პაციენტებთან, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიაზაციას. ეს არ იქნება მასიური, ეს იქნება მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკოდ. ესაა უნიკალური მეთოდი, ალბათობა იმისა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმალურია, რადგან მასში ადამიანის მონაწილეობის ფაქტორი არ არის" - განაცხადა რატიანმა.

GeneXpert-ის აპარატი, რაზეც ლევან რატიანი საუბრობს, COVID-19-ის ტესტირებისთვის აშშ-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა დასაშვებად. აპარატს 24 საათში ასამდე ტესტის ჩატარება შეუძლია და ცხვირის ღრუდან აღებული ნიმუშიდან პასუხს 45 წუთში ადგენს.

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ