ავტორი:

კახეთში ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტი გამოიკვეთა - "ამ ეტაპზე ყვარლის ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება"

კახეთში ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტი გამოიკვეთა - "ამ ეტაპზე ყვარლის ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება"

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, კახეთში ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტია გამოვლენილი.

როგორც ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, 62 შემთხვევაში ჩატარდა ტესტირება და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, მათგან უმრავლესობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

„მედიკოსების ტესტირება დღეს სრულდება. 62 ტესტირებიდან, რაც ჩატარდა გუშინ, 4 იყო ოჯახის, დანარჩენი - მედიკოსების. დღეს აბსოლუტურად ყველა მედიკოსის გამოკვლევა დასრულდება, რომელიც ამ ქალბატონთან კონტაქტში იყო. ცხელების ცენტრიდან სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 16 ნიმუში იყო გაგზავნილი.

დანარჩენ კონტაქტებსაც, მათ შორის პაციენტებს ვიკვლევთ. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა კომუნიკაცია ყველა პაციენტთან, რომელთანაც ეს ქალბატონი იმყოფებოდა, დღეს უკვე ჩაღრმავებულ კვლევაზე მივდივართ და საჭიროების შემთვევაში ნიმუშებსაც ავიღებთ“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყვარლის შესაძლო ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება.

„დღეს ამის არავითარი მოლოდინი არ არის. ჩვენ გუშინაც ვსაუბრობდით, რომ შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. დღევანდელი დილის კვლევებით, რაც ვიცით, არც ერთი ახალი შემთხვევა არ დასტურდება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი არსებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, რეჟიმი არ იცვლება. ეპიდემიოლოგები და სხვა კომპეტენტური ორგანოები აგრძელებენ ყველა კონტაქტის საბოლოოდ გადამოწმებას, რომ არც ერთი გადაუმოწმებელი ფაქტი არ დაგვრჩეს. ამ ეტაპზე 147 კონტაქტია გამოკვეთილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, რეგიონში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება, განსაკუთრებით კი, მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიც არიან ექიმები, პოლიციელები და ასე შემდეგ.

„როგორც მოგეხსენებათ, მთელ ქვეყანაში და მათ შორის რეგიონში ტარდება გაფართოებული, მიზანმიმართული PCR კვლევები მოწყვლად ჯგუფებზე. ესენი არიან პირველ რიგში, ექიმები, პოლიციელები და ის ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ამიტომ, დღესაც გრძელდება ეს პროცესი. ამ პირების PCR ანალიზი კეთდება და ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კამპანიის ფარგლებში აღმოჩნდა სწორედ ის ქალბატონი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. დავამატებ იმასაც, რომ ყველა სოფელში გრძელდება მუნიციპალიტეტის ძალებით თერმოსკრინინგის პროცესი. ზოგადად, მსოფლიოში კოვიდ 19-ის საფრთხეა, ეს საფრთხეა ჩვენთანაც. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ საფრთხის მიმართ ბოლომდე ადეკვატურები ვიყოთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს გუშინ დაუდასტურდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობაში ერთვება

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება