ავტორი:

როგორ ცხოვრობს იზოლაციაში 3 შვილის მამა, რომელიც უპატრონო ძაღლებს სახლებს უშენებს - "ზღაპრების საჯაროდ კითხვა დავიწყეთ, ბევრი ადამიანი გვიყურებს"

როგორ ცხოვრობს იზოლაციაში 3 შვილის მამა, რომელიც უპატრონო ძაღლებს სახლებს უშენებს - "ზღაპრების საჯაროდ კითხვა დავიწყეთ, ბევრი ადამიანი გვიყურებს"

ზაქარია დოლიძე არის ადამიანი, რომელიც მიუსაფარი ძაღლებისთვის საკუთარი ხელით და სახსრებით სახლებს აშენებს და საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას დგამს, სადაც ოთხფეხებს აბინავებს... იმის გამო, რომ თავისი მანქანა არ ჰქონდა, ამ საქმისთვის, მეგობრებისგან, ახლობლებისგან ავტომობილს თხოულობდა. ორი თვის წინ კი, სანამ ჩვენში ახალი კორონავირუსი გავრცელდებოდა, ერთ-ერთმა კომპანიამ სიურპრიზი გაუკეთა, ავტომანქანა აჩუქა, რათა თავისი კეთილშობილური საქმე უპრობლემოდ და მეტი ენთუზიაზმით გაეგრძელებინა, მაგრამ პანდემიის პერიოდმა მისი ცხოვრება, ისევე როგორც ბევრის, შეცვალა. ზაქარია შინ დარჩა და თვითიზოლაციაში, თავის სამ პატარა შვილთან ერთად, ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის, ზღაპრების საჯარო კითხვა დაიწყო, რომელსაც ინტერნეტით ადამიანები თვალყურს ადევნებენ.

ზაქარია დოლიძეს თვითიზოლაციის პერიოდამდე ვესაუბრეთ, მაგრამ ამ რთული დროის გამო, ამ ინტერვიუს გამოქვეყნება შეფერხდა... ჩვენი რესპონდენტი პროფესიით რეჟისორია, უმუშავია როგორც ფილმზე, ისე რეკლამებზე. მარტში, როცა ამ ინტერვიუს ვწერდით, თეატრს არჩევდა, რომ სპექტაკლი დაედგა, რადგანაც საინტერესო სცენარზე მუშაობას ასრულებდა. ამბობს, რომ ხელოვნება მისი უსაყვარლესი სფეროა. ზაქარია დოლიძეს სამი შვილი ჰყავს - ერთი ბიჭი და 2 გოგონა, რომლებიც კეთილი საქმის კეთებისას მამას გვერდით უდგანან.

„ტასიკო 12 წლის არის, კეკო 8-ის ხდება, იოანე - 5-ისაა. ჩვენ ერთობლივად პატარა ვიდეოებსაც ვაკეთებთ, მუსიკალური ჭრები გვაქვს, ვერთობით მამა-შვილები. ბავშვები საქმიანობაში, როგორც შეუძლიათ, ისე მეხმარებიან, რაღაცებს ვხატავთ, ვაფერადებთ, ლურსმნებსაც ვაჭედებთ“ - გვეუბნება რესპონდენტი, რომელსაც თავგადასავლები და საინტერესო ცხოვრება უყვარს. უარს არანაირ კეთილ საქმეზე არ ამბობს, უყვარს მრავალფეროვნება, თავისი ქვეყანა, ქალაქი, ცდილობს აკეთოს საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს. სწორედ ეს არის ის, რამაც ამ ქვეყანაში დატოვა, არადა, აქედან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობდა.

„ქვეყანაც შერჩეული მქონდა, სადაც უნდა წავსულიყავი. წასვლის მიზეზი ბევრი რამ იყო, - გარშემო ბევრი ნეგატივია, არ შუშდება ის პრობლემები, რაც ბოლო წლებია, აქტიურად გვაწუხებს... მოკლედ, წასვლა გადავიფიქრე, რადგანაც ჩემი სამყარო შევქმენი, სადაც ცუდი არაფერი ხდება. იქ ნეგატიური ინფორმაცია არ აღწევს, რადგანაც ინფორმაციას თვითონ ვქმნი და ამ სამყაროში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ორიენტირებული ვარ მხოლოდ კარგზე, სიკეთეზე და სიკეთის ქმნაზე. მოვწყდი პოლიტიკას, გადაცემებს, საინფორმაციო გამოშვებებს, რომელიც ტალღასავით მოდის და ჩვენს წარმოსახვას აჭაობებს. ჩემი საქმიანობით კი მინდა, ბევრი აგებული მითი დავანგრიო. ვაჩვენო, რომ „ღრუზინი“ „ღრუზინი“ კი არა, ქართველია, რომელსაც შეუძლია, სასარგებლო რაღაცების გაკეთდება“ - აღნიშნავს ზაქარია.

- ცხოველებს სახლებს უშენებთ და შემდგომ მათ სხვადასხვა ადგილას უდგამთ და იქ აბინავებთ... მოგვიყევით ამაზე...

- მიუსაფარი ძაღლების დახმარება მოიცავს მათ საკვებით, მედიკამენტებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ამ ძაღლების სახლების გაკეთების შესასწავლად თავიდან ინტერნეტი დამეხმარა, რასაც მერე ჩემი წარმოსახვებიც მივაშველე. მინდა, ეს ყველაფერი სხვებმაც გაიზიარონ, მიუსაფარი ცხოველები დაბინავდნენ და ამ საქმეში მეტი ჩართულობა იყოს. ეს ყველაფერი ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. თუმცა საბოლოოდ, მაინც ამით სასიკეთო რაღაცები ხდება... ერთ-ერთი ვოიაჟის დროს ნათხოვარი მანქანა გამიფუჭდა და ქუჩაში მომიწია დარჩენამ. ეს ამბავი აიტაცეს ისე, რომ ხმამ გულისხმიერ ადამიანებთანაც მიაღწია, რომლებმაც მანქანით დამასაჩუქრეს, უზომოდ გამახარეს...

- მასალას, რომლითაც სახლებს აკეთებთ, სახსრები უნდა, ამასთან, სამი შვილის მამა ხართ... რატომ აკეთებთ ამას?

- ყველაფერს, რაც ცუდია, საშინლად განვიცდი, უბრალოდ, ეს ის საქმე აღმოჩნდა, რისი შველაც ჩემი რესურსით შესაძლებელია და ეს ის არის, რაც ჩემი ხელით შევძელი... ერთხელ ჩემი ძაღლი ცუდად გახდა, ხელში მაკვდებოდა, მაშინ მისი დახმარების და გადარჩენის მიზნით, სოციალურ ქსელში გავწევრიანდი. მაგრამ იქ ისეთი ინფორმაციები დამხვდა, რომ კიდევ უფრო შევწუხდი და პირიქით, სხვა ძაღლებზე ზრუნვა მომიხდა. შევეცადე, ერთ ძაღლს დავხმარებოდი, რომელიც ქუჩაში, ტალახში ეგდო, რადგანაც რამდენიმე ლეკვი მოუკვდა და განიცდიდა... მოვედი სახლში, ჩემს მშობლებთან ძველი ფუნქციადაკარგული კარადა ვნახე და იმით სახლი გავუკეთე. ძაღლი გადარჩა... მას მერე საქმე ისე წავიდა, რომ უკვე 300-მდე სახლი მექნება მიუსაფარი ძაღლებისთვის გაკეთებული... არა მგონია, ადამიანებს სარდაფში რაიმე ძველი, გამოუყენებელი ნივთი, კარადა არ აღმოაჩნდეთ, რაც უკვე გადაგდებულია - ბოლო-ბოლო ერთი ძველი კარადა დავუთმოთ ამას და მისგან სახლი მარტივად კეთდება. თუ ვინმეს აქვს ეს ძველი ნივთი, იმასაც ვითავსებ, რომ მასთან მივდივარ და ძაღლისთვის სახლს ერთად ვაკეთებთ. მინდა, გავერთიანდეთ ამ კეთილი საქმეების საკეთებად და გონება დადებითი საქმეების საკეთებლად მოვმართოთ.

- ძაღლები ადვილად შედიან თქვენ მიერ გაკეთებულ სახლებში?

- კი. ერთმა პიროვნებამ დამირეკა, - გაოცებული ვარ, სახლის დადგმა და იქ ძაღლის დაბინავება მაშინვე ხდებაო. ძაღლისთვის სახლი ვიყიდეთ, დავუდგით და არ შევიდა. იქნებ თქვენი გაკეთებული სახლი მოიტანოთ და ეს წაიღოთო... მართლაც, არც ერთი ფაქტი არ ყოფილა ისეთი, სახლი მიმეტანოს და ცხოველი შიგ არ შესულიყოს, მაგრამ რაღაც კრიტერიუმები მაქვს, ყველასთან, ვინც დარეკავს და მეტყვის, რომ აქ და აქ სახლია საჭირო, არ მიმაქვს.

- ფილტრავთ?

- კი, ჩვენ ხომ მგრძნობიარე და ემოციური ხალხი ვართ... მოკლედ, მირეკავენ, აქა და აქ ძაღლი დავინახეთ და იქნებ სახლი მიუტანოთო. არადა, იმ ძაღლს თუ არ ჰყავს ადამიანი, ვინც კვირაში ერთხელ ნახულობს, იქ არ მივდივარ. ბევრი შემთხვევა ყოფილა - უთხოვიათ, მიმიტანია და აღმოჩენილა, რომ ძაღლს პატრონიც ჰყავს, აჭმევს კიდეც და სახლიც აქვს. არაერთი ცუდი ფაქტი ყოფილა.

- სამომავლოდ რას აპირებთ?

- ვაგრძელებ ამ საქმეს და ვცდილობ, განვავითარო - მოვერგო საზოგადოების დამოკიდებულებებს, სლოგანი მაქვს „ჩვენი სიყვარული გადაგვარჩენს!“ კი, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს - ამას ყველგან ვამბობ და ვწერ. ის, რომ ვერ ვვითარდებით, უსიყვარულობის ბრალია, მართლა ასეა. არაფერს გულს არ ვუდებთ. ამიტომ, ვისურვებდი, რომ სიყვარული მეტად გვესწავლოს!

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობა მძევლების ნაწილმა დატოვა

"ჩემი დისშვილი მუშაობს აქ... არ დაგვკავშირებია" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მძევლების ოჯახის წევრები იკრიბებიან

"სუნთქვის უკმარისობით მოიყვანეს..." - რას ამბობენ ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ 23 წლის გოგონაზე