ავტორი:

ასლან ბჟანიას მოულოდნელი ვიზიტი რუსეთში და აფხაზების მოლოდინები - "რას ჩამოიტანენ მოსკოვიდან, მაგაზეა მათი მომავალი დამოკიდებული"

ასლან ბჟანიას მოულოდნელი ვიზიტი რუსეთში და აფხაზების მოლოდინები - "რას ჩამოიტანენ მოსკოვიდან, მაგაზეა მათი მომავალი დამოკიდებული"

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი პირველი "ოფიციალური სამუშაო ვიზიტით" მოულოდნელად რუსეთში გაემგზავრა. მასთან ერთად მოსკოვში წავიდნენ მისი გუნდის ახალი წევრები, "ფინანსთა მინისტრი" ვლადიმირ დელბა და "ეკონომიკის მინისტრი" კრისტინა ოზგანი.

ამის შესახებ Abkhazia24hours "ტელეგრამის"გვერდზე იუწყება. გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ "პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტი წარმატებული იქნება და ის დაიწყებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლის შესახებაც საუბრობდა...".

აფხაზური საზოგადოების ცნობით, პრობლემები, რომლის მოგვარებასაც "პრეზიდენტი" მოსახლეობას ჰპირდებოდა, ადგილობრივია და მის გამო რუსეთში წასვლა სიმართლისგან შორს არის".

"რას ჩამოიტანს რუსეთში მოულოდნელად წასული ჩვენი პრეზიდენტი, ამაზეა დამოკიდებული მისი და ანქვაბის გუნდის მომავალი..." – წერს სოხუმელი ადგურ აგირბა.

რაც შეეხება, აფხაზეთში ახალ პოლიტიკურ გუნდს, როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა. ცნობილია მთავრობის სხვა წევრების ვინაობაც.

ყველა "ახალი" მაღალჩინოსანი, მათ შორის, თავად ასლან ბჟანიაც, ე.წ. შს მინისტრი დიმიტრი დბარი, ანქვაბის კადრია. შესაბამისად, აფხაზების ცნობით, ხელისუფლებაში, მცირედი ცვლილებებით, ისევ ალექსანდრე ანქვაბი დაბრუნდა...

რეგიონის მოსახლეობის ერთ ნაწილს დბარის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, სხვები კი წერენ, რომ თუ ანქვაბმა მოისურვა, კრიმინალსა და კორუფციას მნიშვნელოვნად შეასუსტებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, წელს აფხაზეთს ყველაზე მძიმე კრიზისი ელოდება, რადგან მსოფლიო პანდემიის გამო, რუს ტურისტებს დასვენების თავი ნაკლებ ექნებათ. გასათვალსიწინებელია ისიც, რომ ვირუსის გამო, სხვა, განვითარებულ ქვეყნებშიც ძალიან დაბალი ფასი იქნება, ამიტომ აფხაზეთს ალბათ იმაზე ნაკლები დამსვენებელი აირჩევს, ვიდრე - წინა წლებში.

ამ პირობებში, რუსეთისგან დახმარების ლოდინი, სადაც ახალი კორონავირუსის გამო ვითარება ძალიან მძიმეა, კითხვებს აჩენს. თუმცა, სხვების თქმით, შესაძლოა, ბჟანიამ მოსკოვს ტურიზმის სფეროში მოსალოდნელი ჩავარდნის გამო დახმარებითაც მიმართოს, რაც ასევე საფრთხის შემცველია.

"რუსეთში ვირუსის პიკს არ გადაუვლია, თუმცა გარკვეული ძალები ცდილობენ, ვირუსის შემოდინების მთავარ წყაროდ აფხაზეთი წარმოაჩინონ და მუდმივად ავრცელებენ ინფორმაციას, თუ როგორ დაინფიცირდა სოჭსა და ადლერში ესა თუ ის ადამიანი, აფხაზეთიდან ჩამოსული სტუმრების ან უბრალოდ იქაურებთან კონტაქტის გამო..." - წერენ აფხაზები abkhaz-auto.ru-ს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავირებით.

ისინი რუსეთიდან ტურისტების მასობრივ შემოდინებას სახიფათოს უწოდებენ, თუმცა, იმასაც აცნობიერებენ, რომ სხვა გამოსავალი არ არის.

საქმე ის არის, რომ ახლახან რუსეთმა აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფები გაიგზავნა. ოკუპირებული რეგიონის "ხელმძღვანელობამ", აფხაზეთისკენ მიმავალი 13 სპეციალური ავტომობილისგან შემდგარი კოლონის შესახებ, რუსული მედიისგან გაიგო.

მათივე ცნობით, მათ შორის იყო სადეზინფექციო მობილური კომპლექსებით და სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების ტექნიკით აღჭურვილი ავტომანქანები.

მოსახლეობაში ამ გადაწყვეტილებამ პროტესტი გამოიწვია, რადგან რუსეთი თავად უძმიმეს დღეშია ვირუსის გამო, აფხაზეთს საზღვარიც ჩაუკეტეს და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. შესაბამისად, ამ მხრივ მათი დახმარება არ სჭირდებათ. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, სოხუმისა და სხვა ქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო მანქანები გამოჩდნენ, რომლებიც ხეებსა და სხვა და სხვადასხვა შენობებს რაღაც ხსნარს ასხურებდნენ...

ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთმა ყირიმიდან ის საიდუმლო სამხედრო ნაწილი წამოიყვანა, რომელსაც დასავლეთს უმალავს.

"მეგობარ რუსეთს კორონავირუსი აზიურ ფაროსანაში ეშლება, რომლის მოშორობასაც ქვეყანა ამდენი წელია ამაოდ ცდილობს... ამას დაემატა პალმის "გრძელცხვირა", რომელიც როგორც ჩანს პალმებიდან სხვა ხეებზეც გავრცელდა და რამდენიმე დღეა სოხუმის ცენტრალური ქუჩებში მათ უმოწყალოდ ჩეხავენ...” - წერს ადგილობრივი მერი ჯენია.

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს