ავტორი:

"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

"ვაქცინაცია კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევაა და დღეს, როცა ასე გვიტევს კორონავირუსი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს დაავადებები, რომელთა მართვაც ადამიანებს შეუძლიათ და ვაქცინაცია არის კაცობრიობის მომავალი" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და იმის მაგალითად, თუ როგორ შეძლო მსოფლიომ ვაქცინის საშუალებით დაემარცხებინა უმძიმესი დაავადება, ყვავილი მოიყვანეს. ეს ვერაგი დაავადება ადამიანმა მხოლოდ გასულ საუკუნეში დაამარცხა საბოლოოდ.

ედუარდ ჯენერი ის ინგლისელი ექიმი იყო, რომელმაც ყვავილის აცრა, მსოფლიოში პირველი ვაქცინა შექმნა. მე-18 საუკუნის ინგლისში ყვავილს "წინწკლებიან ურჩხულს" ეძახდნენ, რადგან ის ადამიანის სხეულზე მტკივნეულ ჩირქგროვებს ტოვებდა, რომელიც შემდეგ მრავლობით ნაიარევებად ყალიბდებოდა. თუ ვირუსული ინფექცია საკმარისად ძლიერი იყო, პაციენტის იმუნური სისტემა ინგრეოდა და ადამიანი კვდებოდა.

მხოლოდ მეოცე საუკუნეში, ამ დაავადებამ დაახლოებით 300-500 მილიონი ადამიანი მოკლა.

"დღეს 40 წელი გავიდა მედიცინის ყველაზე დიდი გამარჯვებიდან - ეს გახლავთ ყვავილის ერადიკაცია. 1980 წელს ჯანმო-ს გენერალურმა ასამბლეამ ყვავილი გამოაცხადა აღმოფხვრილად, მთელს მსოფლიოში.

ვაქცინაცია და აცრები მედიცინის ყველაზე დიდი მიღწევაა, რომელმაც ასეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და დღესაც იცავს ჩვენი მომავალი თაობას ჯანმრთელობას. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, კოვიდინფექციის არსებობის დროს.

სამყარო დიდი იმედით უყურებს მეცნიერებას, როდის შეიქმნება ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ, რადგან დიდ პანდემიებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი მასობრივი აცრებია. ეს იყო ყვავილთან, პოლიომელიტთან, წითელასთან, ცოფთან და სხვა ინფექციებთან დაკავშირებით.

ამიტომ, ვაქცინების საწინააღმდეგო მოძრაობა არ არის სწორი და მივმართავ მოსახლეობას, ნუ დაუჯერებთ ანტივაქსერებს! 21-ე საუკუნეში, როცა ჩვენ მოწმე გავხდებით ახალწარმოშობილი ინფექციური დაავადებებისა, ისევ და ისევ ვაქცინის იმედი გვექნება" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყვავილი მძიმე, მწვავე ვირუსული დაავადებაა, გამოხატული გამონაყარით. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ დაავადება გადადის პროდრომულ ფაზაში, რომლის ხანგრძლივობა 2-4 დღეა. მისთვის დამახასიათებელია გრიპისმაგვარი სიმპტომები: მაღალი ცხელება, თავბრუსხვევა, თავის და ზურგის ტკივილი, ზოგჯერ მუცლის ტკივილი და ღებინება. შემდეგი ფაზაა გამონაყრის ფაზა, რომელიც 21 დღე გრძელდება.

გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად სასუნთქი გზებით, იშვიათად დაზიანებულ კანთან კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი - 7-19 დღე, საშუალოდ 12 დღე.

დედამიწაზე უკანასკნელი ბუნებრივად დასნებოვნებული შემთხვევა იყო 1977 წელს. 1980 წელს კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე გაკეთდა განცხადება დაავადების ერადიკაციის (სრული აღმოფხვრა) შესახებ. მსოფლიოში ყვავილის გამოწვევის ორი საცავია: აშშ-ში, ატლანტაში დაავადებათა კონტროლის ცენტრში და რუსეთში, ნოვოსიბირსკის რეგიონში, კოლცოვოს ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების კვლევის ცენტრში.

მაღალი ვირულენტობის, დაავადებისათვის დამახასიათებელი გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო ყვავილის გამომწვევი ვირუსი მიჩნეულია ადამიანების მასიური განადგურების პოტენციურ ბიოლოგიურ იარაღად.

გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

"ავტომანქანიდან გადმოდის მისი მფლობელი და გასაღებს შიგნით ტოვებს..." - რა წესების დაცვა მოუწევთ ავტოტექმომსახურების ობიექტებს