ავტორი:

"აქ ჯგუფურად გადაადგილდებიან... ერთი დავირუსებული მთელ სოფელს აინფიცირებს" - რას ჰყვება ავღანელი სამხედრო თარჯიმანი ქვეყანაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე

"აქ ჯგუფურად გადაადგილდებიან... ერთი დავირუსებული მთელ სოფელს აინფიცირებს" - რას ჰყვება ავღანელი სამხედრო თარჯიმანი ქვეყანაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე

ახალ კორონავირუსს ბევრად მძიმე შედეგები აქვს იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არ არსებობს და შესაბამისად, ყველა ის თანმხლები პრობლემებია, რაც დიქტატორულ მმართველობას ახასიათებს... ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა ავღანეთში, სადაც წლებია ომი არ წყდება.

ადგილობრივების თქმით, COVID-19 მძვინვარებს ქვეყანაში, თუმცა არსებული სიტუაციის გამო არათუ მკურნალობა, დაინფიცირებულთა აღრიცხვაც კი არ ხდება. ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, AMBEBI.GE ავღანელ სამხედრო თარჯიმანს, სამი აბდულას ინტერნეტით ესაუბრა:

- ვინც იცის ამ ვირუსის შესახებ, პანიკაშია. ვინც არ იცის, არ ღელავს, თუმცა ინფორმაციის არარსებობის გამო, გავრცელების საფრთხე დიდია, რადგან არავითარ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. ჰიგიენის პრობლემა ისედაც წლებია მძიმედ დგას ბევრ პროვინციაში, რადგან ცხოვრების უმძიმესი პირობებია. არ არის წყალი, გათბობა, სრულფასოვანი კვება... ჩემს გარშემო ყველას ვეუბნები, ეს არ არის "თალიბანი", ამერიკამ ნატოს ძალები და ავღანეთის შეიარაღებული ძალები მოგვაშველოს-მეთქი. მისმენდნენ, მაგრამ ვერ იგებდნენ, რაზე ვესაუბრებოდი. აქ პნევმონიით კი არა, ჩვეულებრივი გრიპით ასობით ათასი ადამიანი იხოცება...

ჯანდაცვის მინისტრის, ფიროზუდინა ფირუზას მტკიცებით, პირველი შემთხვევა, 25 თებერვალს გამოვლინდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, უფრო ადრეც იქნებოდა, მაგრამ მალავდნენ და რომ არა ის მძიმე შემთხვევა, კიდევ დიდხანს დამალავდნენ, შემდეგ, მთავრობამ გვერდი ვეღარ აუარა, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური სამსახურები ჩააყენეს საფრთხეში...

პირველი დაინფიცირებული ჰერათის პროვინციაში გამოვლინდა, თუმცა ვერ გაარკვიეს ვისთან ჰქონდა კონტაქტი... მეორე დღესვე გაირკვა, რომ ქალაქ ყუმში სამ ადამიანს გამოუვლინდა, მათ ვირუსი ირანიდან შემოიტანეს, ოღონდ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგეს... ანუ კარანტინია გამოცხადებული, მაგრამ ადგილობრივები ჯგუფურად გადაადგილდებიან, მუშაობენ და ცხოვრობენ. ამიტომ, ერთი დავირუსებული ხშირად მთელ სოფელსა და ქალაქს აინფიცირებს...

ფოტო: nytimes

- რელიგიური და საერო დღესასწაულები ჩვეულებრივ იმართება?

- მას შემდეგ, რაც ეპიდემიამ რამდენიმე ქალაქში, სამანგანში, ბალჰასა და კაპისეში იფეთქა, არა. გაზაფხულის დღესასწაულები, მაგალითად, ნავრუზი გადაიტანეს... შემცირდა მლოცველები მეჩეთში. შედარებით განვითარებულ პროვინციებსა და ქალაქებზე ვსაუბრობ, სხვაგან, სადაც მოლები უკიდეგანო ძალაუფლებით სარგებლობენ, მლოცველთა შემცირებას არ ველით, თუ ისევ თავად არ შეცვალეს რამე.

- სამედიცინო პერსონალი როგორ მუშაობს?

- სამედიცინო განათლება, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია ქაბულის გარეთ ქალაქებსა და პროვინციებში, ბევრგან ამბულატორიებიც კი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ, ლაბორატორიაზე, სადაც ადამიანებმა სისხლის ანალიზი უნდა ჩააბარონ...

კიდევ ერთი ადგილობრივი, ბლოგერი ქალის ცნობით, რომელიც ჰანას ფსევდონიმით წერს, ავღანეთი არის ქვეყანა, სადაც უამრავ პროვინციაში, სკოლებიც დღემდე არ არსებობს და თაობები ისე იხოცებიან, წერა-კითხვას ვერ სწავლობენ.

- პანიკის ფონზე, ქაბულში თავმოყრილი ადამიანები პროვინციებში დაბრუნდნენ და ვირუსი იქაც გაავრცელეს. ადგილობრივ მოსახლეობას, არასრულფასოვანი კვების, არასწორი ცხოვრების წესის გამო, ისედაც ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვს, შესაბამისად, მსხვერპლი დიდია, თუმცა ნამდვილ ინფორმაციას ალბათ ვერასდროს გავიგებთ. მოსახლეობას ინფორმაცია და შესაბამისი განათლება არ აქვს, თორემ მიმართვიანობა მეტი იქნებოდა. ავღანეთში არაერთი საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ასევე, საელჩოები და დიპლომატიური სამსახურები მუშაობენ, ამიტომ არსებული მძიმე მდგომარეობა ვერ დამალეს.

მთავარია, ქაბულში მაინც აკონტროლონ სიტუაცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნების მაღალჩინოსნები არიან კონცენტრირებული, თორემ ლოგარის, ჰერათის, სამანგანის, ბადგისის, კაპისასა და დაიკუნდისნაირ პროვინციებზე დიდად არ დარდობენ. ხელისუფლება თავს იმართლებს, "თალიბანთან" მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, დასუსტებული ვართ, ვირუსს ჩვენ კი არა, წამყვანი ქვეყნები ვერაფერს უხერხებენო... ვერც გაამტყუნებ, არ არის საფუძველს მოკლებული. ახლა ამის კონტროლისთვის არც სხვა ქვეყნებს სცალიათ.

- საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, არა?

- დიახ, იწყება ყაყაჩოს მოსაყვანი სამუშაოები, საქონელს საძოვრებზე ერეკებიან და არ არსებობს ძალა, რომელიც ადგილობრივებს შინ დარჩენას აიძულებს, სამუშაოდ არ გავლენ... დაუჯერებელია, ისიც, რომ "თალიბანსა" და ჩვენს ხელისუფლებას შორის ზავი რეალურად შედგა. არავის სჯერა, რომ "თალიბები" არ იომებენ, უბრალოდ, მათ პატიმრების გათავისუფლება სურთ და როგორც ვიცი, მათმა ნაწილმა ციხე უკვე დატოვა.

- რა მოხდება, თუ ამერიკის შეიარაღებული ძალები და სხვა საერთაშორისო მისიები დატოვებენ ავღანეთს?

- ძალიან მალე, ამერიკას და საერთაშორისო ძალებს, უფრო გაძლიერებულ "ტერორისტულ ძალებთან" მოუწევთ ბრძოლა. მანამდე, მნიშვნელოვნად შესუსტდება სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთა განვითარება, ამერიკის დახმარებით რაღაც დონეზე მაინც შევძელით... ამის ყველაზე მეტად გვეშინია.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

აშშ-ის ადმინისტრაციის სამი მაღალჩინოსანი კარანტინში გადავიდა - მათ შორისაა ენტონი ფაუჩი

ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 1 თვეში - რა ვითარებაა სამხრეთ კორეაში, სადაც უახლოეს მომავალში შეზღუდვები სრულად მოიხსნება