ავტორი:

კარანტინის შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ, უხანში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

კარანტინის შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ, უხანში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

ჩინეთის ქალაქ უხანში კარანტინის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა პირველი ახალი კლასტერი გაჩნდა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, ახალი ინფიცირებულები გაჩნდნენ მას შემდეგ, რაც შეზღუდვები შემცირდა და ხელისუფლებამ ბიზნესს საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მისცა, ადამიანები კი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

ბოლო ერთ დღეში უხანში გამოვლენილია COVID-19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა და ყველა ინფიცირებული ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი იმ 89 წლის მამაკაცის მეუღლეა, რომელსაც კორონავირუსი ერთი დღით ადრე დაუდასტურდა და აღსანიშნავია, რომ 3 აპრილის შემდეგ უხანში ეს იყო კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა.

ყველა ახალ დადასტურებულ შემთხვევას მედიკოსები ახასიათებენ როგორც უსიმპტომოს. უსიმპტომო ინფიცირებულები კი ვირუსის გავრცელების ყველაზე სახიფათო წყაროდ მიიჩნევიან, რადგანაც მათ არ ახასიათებთ კლინიკურად გამოხატული არანაირი ნიშანი, თუმცა არიან გადამდებნი.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ჩინეთმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვები შეამცირა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ჩინეთს ვირუსის ახალი ტალღა გადაუვლიდა. დღეს კი ამბობენ, რომ ახალი ინფიცირებულების რაოდენობიდან გამომდინარე, ახალ ტალღაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ შეზღუდვების მოხსნიდან ერთი თვის შემდეგ ახალი კლასტერი გაჩნდა.

საერთო ჯამში, გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 17 შემთხვევაა გამოვლენილი. დღემდე კი ჩინეთში ოფიციალურად კორონავირუსის 82 918 შემთხვევაა აღწერილი. პაციენტთა შორის 4 633 გარდაიცვალა, ხოლო 78 144 გამოჯანმრთელდა.

კადიროვი, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირდა - იგი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული

რატომ ჩაისვა ათასობით შვედმა კანქვეშ მიკროჩიპი და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

როგორ შეცვალა კორონავირუსმა ნავარჯიშები და დაკუნთული ადამიანის სხეული - ამერიკელი ექთნის ფოტომ ინტერნეტი შოკში ჩააგდო