ავტორი:

4 რამ, რაც ქართველებს აშინებს, თუმცა რეალურად, საშიში არ არის - შეთქმულების თეორიები და ექსპერტების არგუმენტები

4 რამ, რაც ქართველებს აშინებს, თუმცა რეალურად, საშიში არ არის - შეთქმულების თეორიები და ექსპერტების არგუმენტები

სიახლეებს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ სფეროში, ხშირად მოჰყვება დისკუსიები და შიში. ბოლო დროს, ასეთად 5G ტექნოლოგიის დანერგვა იქცა, თუმცა საქართველოში, სხვადასხვა მოვლენის ირგვლივ ხშირად ვრცელდებოდა შეთქმულების თეორიები, რაც საზოგადოებაში, გაუაზრებელ შიშს ნერგავდა.

AMBEBI.GE-მ გამოჰყო სხვადასხვა დროის 4 მოვლენა, რასაც ქართული საზოგადოება ეჭვითა და შიშით უყურებდა/უყურებს, თუმცა, რეალურად, მათზე მეტი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ისინი არც ისე სახიფათოდ და პირიქით, საჭიროდაც მოგეჩვენებათ: 5G ტექნოლოგია, ვაქცინები, ID ბარათები და ლუგარის ლაბორატორია.

  • 5G ტექნოლოგია

უსადენო ინტერნეტტექნოლოგიის ახალ, მეხუთე თაობასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის ნაწილი მის COVID-19-თან კავშირს უსვამს ხაზს, რაც რეალურად, შეუძლებელია. კონსპირაციული თეორიების მოყვარულები ავრცელებენ ხმებს, რომ 5G-ს ასამუშავებლად საჭირო ანტენები ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია, ცოტაც და ადამიანებს "დაჩიპავენ", რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება პოპულაციის შესამცირებლად განზრახ იწყება და ა.შ.

5G ტექნოლოგიაზე, მის მიმართ საზოგადოებაში არსებულ შიშებზე AMBEBI.GE ჩიკაგოს ერთ-ერთი სამედიცინო აკადემიური ცენტრის სამედიცინო ფიზიკოსს, გოჩა ხელაშვილს ესაუბრა:

გოჩა ხელაშვილი კოლეგასთან ერთად

- 5G მე-5 თაობის მობილური ქსელის ტექნოლოგიას ნიშნავს. ყოველმა წინამორბედმა თაობამ, მობილური ტექნოლოგიის განვითარებაში სიახლეები შემოიტანა. მაგალითად, 2G მიმართული იყო ტექსტური შეტყობინებების ტექნოლოგიის განვითარებაზე, 3G ტექნოლოგიას სხვადასხვა აპლიკაციის განვითარება მოჰყვა, 4G LTE-მ (Long-Term-Evolution) საგრძნობლად გაზარდა მობილური ქსელის სიჩქარე, რამაც შესაძლებელი გახადა UBER-ის და მისი მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება.

ძირითადი განსხვავება 5G-ს და მის წინამორბედ 4G-4G LTE-ს შორის ქსელის გაცილებით მაღალი სიჩქარეა, არის სიხშირეების გაცილებით ფართო დიაპაზონი ანუ გამტარუნარიანობა და ქსელის ლატენტობის ფაქტიურად არარსებობა (რაც ნულოვან დაგვიანებას ნიშნავს). 5G-ს შეეძლება მნიშვნელოვნად მეტი „ტრაფიკის“ გატარება, ნულოვანი დაგვიანებით და გაცილებით მაღალი სიჩქარით.

არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, 5G ტექნოლოგია, გაცილებით ნაკლებ დროში გაცილებით დიდი რაოდენობის მონაცემების გადამუშავების საშუალებას იძლევა, რასაც უამრავი პოტენციური გამოყენება შეიძლება გააჩნდეს. მაგალითად, ხშირად მოიხსენიება დისტანციური რობოტული ქირურგია ან უმძღოლო მანქანები.

ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის საგრძნობი ცვლილების შემჩნევას დრო დასჭირდება. რაშიც დღეს ვიყენებთ მობილურ ტექნოლოგიას, ეს თეორიულად უფრო სწრაფად უნდა მოხდეს, მაგალითად, 2-საათიანი ფილმის გადმოტვირთვას 5-6 წუთის ნაცვლად 10 წამი დასჭირდება

5G რადიაცია მაიონიზებადი რადიაცია არ არის, ანუ, ასეთ ელექტრომაგნიტურ ტალღებს არ გააჩნია საკმარისი ენერგია, რომ დაძლიონ მიზიდულობის ძალა ელექტრონებსა და ატომის ბირთვს შორის და ატომიდან ელექტრონი გამოაძევონ. სწორედ ატომებში ელექტრონების რაოდენობის ცვლილება იწვევს ატომის ქიმიური თვისებების ცვლილებას, რაც გარკვეული დროის შემდეგ გამოიწვევს ბიოლოგიურ ცვლილებებს - მაგალითად, სიმსივნის განვითარებას.

5G რადიაცია ასეთ ცვლილებებს ორგანიზმში ვერ გამოიწვევს, თანაც, მისი შეღწევისუნარიანობა ადამიანის კანში მაქსიმუმ 0.5 მმ-ია, ანუ კანი შიდა ორგანოებს ასეთ რადიაციისგან იცავს. ასევე, მიკრო და მილიმეტრული ტალღები გაცილებით ნაკლები სიხშირისაა, ვიდრე - ხილული სინათლის ტალღები, რომლებიც არანაირ ზიანს არ გვაყენებს.

5G რადიაცია ახალი ხილია და ბევრი კვლევა მასზე არ არსებობს, მაგრამ მსგავსი სიხშირის ტალღები დიდი ხანია ინდუსტრიაში გამოიყენება და მისი უსაფრთხოების შესახებ უამრავი კვლევაც არსებობს" - ამბობს სამედიცინო ფიზიკოსი.

მისივე თქმით, არ არის გასაკვირი, რომ ახალი ტექნოლოგიის შემოტანას მოსახლეობის ნაწილისაგან გარკვეული წინააღმდეგობა ხვდება.

"ისტორიულად ეს ყოველთვის ასე იყო. თავის დროზე, საზოგადოების ნაწილი ელექტრული ენერგიის დანერგვასაც ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ, ამჟამად საზოგადოების გარკვეული შიში 5G ტექნოლოგიის მიმართ მოულოდნელობას არ წარმოადგენს. ჩვენ გარშემო დიდი რაოდენობის გადამცემი ანტენები და მათი გამოსხივების მაღალი სიხშირეები ამ ტექნოლოგიის უსაფრთხოების შესახებ, ბუნებრივად აჩენს შეკითხვებს, ასევე, ჩნდება კითხვები მის გავლენასთან დაკავშირებით ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე. თუმცა, ერთი ამბავია ასეთი ლეგიტიმური შეკითხვების დასმა, მეორეა - უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელება.

მეც გამიგია ასეთი კონსპირაციული თეორიები. ერთადერთი, რაც ამ თემაზე მეცნიერებაზე დაფუძნებით შემიძლია, ვთქვა, არის ცნობილი ეფექტი, რომელიც ისრაელის ფიზიკოსთა ჯგუფის მიერაა გამოკვლეული და გამოქვეყნებული პრესტიჟულ ჟურნალებში. ამ ნაშრომებში აღწერილია და დამტკიცებულია, რომ როდესაც მილიმეტრული ტალღის სიგრძის გამოსხივება ადამიანის კანს ეცემა, მისი ოფლის სადინარები (რომელთა ზომები აგრეთვე მილიმეტრებია) იქცევიან, როგორც მცირე ზომის ანტენები და მათგან რადიაციის არეკვლის კოეფიციენტის გაზომვა შესაძლებელია.

გაზომვებმა აჩვენა, რომ ეს კოეფიციენტი დამოკიდებულია ოფლის რაოდენობაზე, ოფლის რაოდენობა კი, თავის მხრივ, ადამიანის სტრესის დონეზეა დამოკიდებული. აქედან წამოვიდა კონსპირაციები, რომ 5G-ის მეშვეობით მოხდება "ოფლის სადინარების ანტენების" გატაცება და ადამიანის კანზე მანიპულაცია.

არ ვიცი, ესაა თუ არა "დაჩიპვების" და "გაურკვეველი ანტენების" კონსპირაციული თეორიების საფუძველი. მკითხველმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა იმაზე, რომ თითქოს მისი კანის კონტროლი მობილური ქსელის მიერ მოხდება... მე ფიზიკოსი ვარ და მხოლოდ მეცნიერებაზე ვამახვილებ ყურადღებას, ადამიანის ოფლის დანარჩენ "გამოყენებებს" სასაცილოდ მივიჩნევ" - განმარტავს ჩიკაგოს ერთ-ერთი სამედიცინო აკადემიური ცენტრის სამედიცინო ფიზიკოსი გოჩა ხელაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

  • ვაქცინაცია

აცრებისადმი საზოგადოების ნაწილი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში სკეპტიკურადაა განწყობილი. საკმაოდ მძლავრია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ანტივაქსერების, ანუ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა, რომელიც აქტიურად აყალიბებს ახალ-ახალ ჯგუფებს და მოუწოდებენ ხალხს, არ აიცრან. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს, როცა მსოფლიო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინშია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წლებია საქართველოს მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებს ვაქცინაციისკენ წითელას გრიპის თუ სხვა ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ.

თემაზე AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ხათუნა ზახაშვილს ესაუბრა:

- იმუნიზაციისა და ვაქცინებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა სისტემატურად აწარმოებს. ადამიანთა დამოკიდებულება მნიშვნელოვნადაა განპირობებული ანტივაქსერების აქტივობით. თანამედროვე მსოფლიოში, როცა სოციალური ქსელებით ინფორმაციის გავრცელებამ უკონტროლო სახე მიიღო, ძნელია, ადამიანები გაერკვნენ ტყუილსა და მართალში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინფორმაცია სიმართლეში შეფუთულ ტყუილს მოიცავს.

ვრცელდება ათასგვარი ამბავი - მტკნარი სიცრუიდან დაწყებული, ნაწილობრივი სიმართლით დასრულებული. ყველას გვსმენია ვაქცინით ადამიანთა "დაჩიპვის" ზღაპარი, გამიგია, რომ თითქოს, ვაქცინაციის შემდეგ კოსმოსური ხომალდებიდან აკვირდებიან აცრილ ადამიანებს; ან ის, რომ გრიპის აცრის გამო გრიპი დაემართათ და მთელი ზამთარი ვერ მოირჩინეს.

არის ისტორიები აცრის შემდგომი რეაქციების შესახებ, რაც შეიძლება, სიმართლის ელემენტებსაც მოიცავდეს, თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია ვაქცინის სარგებელის უდავო მეტობის შესახებ. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენი აუცრელი ადამიანისთვის აღმოჩნდება აუცრელობა სიკვდილის თუ სამუდამო შეზღუდული შესაძლებლობის მიზეზი!

ეს რომ კარგად ავუხსნათ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ, აცრა-არაცრის სასწორი ყოველთვის და ყოველგან აცრებისაკენ გადაიხრება.

მაგალითად, წითელა ბოლო წლების მანძილზე ავადობის მნიშვნელოვანი მატებით მძიმე ტვირთად იქცა საზოგადოებისთვის. ასი ათასობით მოზრდილმა ჩაიტარა ვაქცინაცია, რომელიც ადრე არ ჰქონდათ მიღებული, მშობლები აღარ ივიწყებენ ერთი და ხუთი წლის პატარების დროულ ვაქცინაციას და შედეგად, წითელას მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს საქართველოში.

კიდევ მცირე ძალისხმევა, მცირე მოწადინება იმ ადამიანების, ვინც წითელას მიმართ აუცრელია ქვეყანაში და შეიძლება, ამ საშიშ ინფექციაზე საქართველომ გაიმარჯვოს!

რაც შეეხება გრიპს, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ პოპულარობით არ გამოირჩეოდა. შემდგომ, სახელმწიფოს მხარდაჭერით ამ ვაქცინის პოპულარიზაცია დაიწყო და 2019-2020 წლების სეზონისთვის ქვეყანაში გრიპის წინააღმდეგ 130 000 ადამიანი აიცრა.

კორონავირუსის წინააღმდეგ კი, ჯერ მთავარია, ეფექტური ვაქცინა შეიქმნას. კაცობრიობა გადარჩენისთვის იბრძვის, ჩვენი მოსახლეობა ბრძენია და ამაზე უარს არ იტყვის" - ამბობს ზახაშვილი AMBEBI.GE-სთან.

  • ID ბარათები

რამდენიმე წლის წინ პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის შემოღება, საზოგადოების ნაწილმა მტკივნეულად მიიღო. ID ბარათები საქართველოში 2011 წელს დაინერგა. საზოგადოების ნაწილი აქტიურად აპროტესტებდა რეგულარული პირადობის მოწმობებიდან ID ბარათებზე გადასვლის გადაწყვეტილებას იმ მოტივით, რომ ის შეიცავდა ე.წ. "ეშმაკის კოდს" - 666-ს.

იუსტიციის სამინისტროსთან ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ამოქმედდა არაელექტრონული, უჩიპო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დროებითი ნორმები, რომლის გათვალისწინებითაც პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე და რომლებიც აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენენ.

ID ბარათებისა და მათ გარშემო არსებული აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ზვიად სულაბერიძე გვესაუბრა:

- ID ბარათებზე ცრურწმენები, ძირითადად რაღაც ნიშანთან იყო დაკავშირებული, რომელიც ჩიპში ინახებოდა და რომელიც რელიგიური მოსაზრებებით ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისთვის არასასურველი იყო, "ეშმაკის ნიშანი“ და ა.შ. ამის ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს ჩვეულებრივი ელექტრონული ჩიპია, როგორც "ფლეშკა".

მაგალითად, ტელეფონში უფრო მეტი ჩიპია, ვიდრე ID ბარათში და ასეთი ბარათები აქვს ყველა სერვისს, რაც შეიძლება, გადახდებთან ან ელექტრონულ ურთიერთობებთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, ასეთია "მეტრომანი"

ID ბარათები შეიქმნა, რათა თანამედროვე სამყაროში, მონაცემები, რაც ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობისთვის და სერვისების მისაღებადაა საჭირო, სწრაფად გაიცვალოს. ასლის გადაღება უფრო ნელი პროცესია იმასთან შედარებით, რომ სადღაც ბარათი ჩადო და ბაზაში ადამიანის ვინაობის ვერიფიკაცია მოხდეს.

მეორეა, რომ ელექტრონული ურთიერთობების დროს, მაგალითად, ხელისმოწერისთვის კონტრაქტსა თუ მინდობილობაზე, ან არჩევნებზე ხმის მისაცემად, ფიზიკურად არ არის საჭირო ქაღალდი და ხელმოწერა, რადგან ეს პირადობის მოწმობა ვინაობის ელექტრონულად დადასტურებას უზრუნველყოფს. ტექნიკური შესაძლებლობებით ეს ბარათი გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, დაწყებული ჩვეულებრივი ტელეფონით, დამთავრებული თუნდაც, ტელევიზორით.

თანამედროვე სამყაროში ყველაფრის შესახებ, რაც ტექნოლოგიებს ეხება, შეიძლება ამოუწურავი, უამრავი ინფორმაციის ნახვა - რა და როგორ არის, ტექნიკურად როგორ მუშაობს. პირადი მონაცემების დაცულობას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ როგორი სახის პირადობის მოწმობა გვექნება, ელექტრონული პირადობის მოწმობები არსად არაფერს აგზავნის.

ამიტომ, მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ძირითადად ისეთ ადამინებზეა გათვლილი, რომლებსაც ეზარებათ ინფორმაციის მოძიება, ან უბრალოდ, არ იციან, ეს როგორ გააკეთონ და ვიღაცის ნათქვამს ენდობიან

ძირითადად, ეს შიშების გავრცელებას ემსახურება, რათა შემდეგ ხალხი მანიპულაციური მიზნებისთვის გამოიყენონ, მარტივად მიმართონ ეს ხალხი თუნდაც, პოლიტიკური პროცესებისკენ, მოაწყონ აქცია, რომელიმე კომპანიის დისკრედიტაცია და ა.შ. ზოგიერთი ჯგუფისთვის ეს შეიძლება, მატერიალური ხეირის მიღების საშუალებაც იყოს.

კიდევ ერთი პრობლემაა, ძირითადად ინფორმაცია, რომელიც შეიძლება, წაიკითხოს ადამიანმა და გაიგოს, რა ხდება, რა დგას ტექნოლოგიების უკან, ინგლისურ ენაზეა. იმ ადამიანების უმეტესობამ, ვინც არაა ნაკითხი, ან ზოგჯერ ზარმაცი და ინგლისური არ იცის, კითხულობენ რუსულად, არასანდრო რუსულენოვან წყაროებს აზიარებენ, რომლებიც რა თქმა უნდა, ყოველთვის იტყუებიან" - გვეუბნება თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზვიად სულაბერიძე.

  • ლუგარის ლაბორატორია

COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს დაანახა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, რომელიც ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა, ძირითადად რუსული პროპაგანდის სამიზნე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია AMBEBI.GE-ს იმაზე ესაუბრა, რის გამო გაჩნდა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით შიშები.

- საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული საფრთხეების განეიტრალება. ბირთვული რაკეტებისა და ტექნოლოგიების გარდა, დამატებითი საფრთხეები დარჩა, დაკავშირებული ქიმიურ, ბიოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ და სხვა იარაღებთან.

ამიტომ, აშშ-მა დაიწყო პოლიტიკა და შექმნა ორგანიზაცია, ამ საფრთხეების განეიტრალების კუთხით. დღის წესრიგში დადგა, მსოფლიოში ქიმიური და ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელის შექმნა, რომელსაც ექნებოდა მაქსიმალურად თანამედროვე აღჭურვილობა, ურთიერთკავშირი და შიდა პროტოკოლები ისე იქნებოდა აწყობილი, რომ ექნებოდათ არა მარტო შიდა უსაფრთხოება დაცული, არამედ, ერთმანეთთან ურთიერთობის კუთხითაც.

შეიქმნა ეს ლაბორატორია, ერთ-ერთი საქართველოში. ჩვენ მაშინ სურვილი გამოვთქვით, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიმყოფებოდით და რუსული საფრთხე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მთავარი პრობლემა, რატომაც წამოვიდა კონსპირაციბის თეორიები, არის ის, რომ სწორედ ამერიკის და სენატორ ლუგარის ინიციატივით, მისი შექმნა დაემთხვა ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს, როდესაც საქართველომ დიდი ნაბიჯები დაიწყო დასავლეთთან ინტეგრირებისკენ, ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი და ა.შ. რუსული პროპაგანდისთვის ძალიან ადვილი იყო, ჰიბრიდული ომის ნაწილი - შიშების დათესვა. მაგრამ მხოლოდ შიშისთვის არ აკეთებს, ამის პარალელურად, რუსულ პროპაგანდას მეორე ხაზი აქვს, რომლითაც გეუბნება, რომ ეს ასე კია, მაგრამ ჩემთან თუ იქნები, შემიძლია, ეს შიშები გაგინეიტრალო.

ლაბორატორიის შექმნის დღიდანვე დაიწყო ეს ყველაფერი, უბრალოდ, სოციალურმა მედიამ ისინი უფრო კარგად გამოაჩინა და ნოყიერი ნიადაგი მისცა, პროპაგანდისტული ხაზი მარაოსავით გაეშალათ, თორემ მანამდეც მუდმივად ხდებოდა ამის ჩაწვეთება, თუნდაც სატელევიზიო საშუალებებში

როდესაც მშენებლობა დაიწყო, 2004-2005 წელში რუსეთს საქართველოზე ჰქონდა ზეწოლა, მაშინ, როდესაც რუსული ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან გაგვყავდა, 1999 წლიდან მოყოლებული, კონტექსტი ეს იყო. რუსი სამხედრო გენერლები ამბობდნენ, დასავლეთი შემოვა, ნატოს ბაზები შემოვაო და მსგავსი კლიშე ფრაზები. ეს ლაბორატორია გამოდგებოდა მათი ნათქვამის გასამართლებლად - აი, ხომ ვამბობდით, აქ რაღაც ამერიკული ბაზა შენდება.

თანაც ეს პროექტი პენტაგონის კონტროლქვეშ იყო, მათ მიერ ინიცირებული და დაფინანსებული. ამიტომაც, როგორც ჩანს, რუსულ სპეცსამსახურებში გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა, ამაზე აეშენებინათ მთელი ნარატივი და შიშის დათესვის თეორია. იქ მერე ჭორების და ტყუილების გავრცელება, რომ თითქოს, ადამიანებზე აკეთებენ ექსპერიმენტებს, გრიპის ვირუსებს ლუგარის ლაბორატორიიდან აჟონინებენ, თითქოს ხალხს როცა სიმსივნე ემართება, ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა - ეს უკვე ძალიან პრიმიტიული, მაგრამ ტიპიური საბჭოთა ტიპის სპეცსამსახურების, „კაგებეს“ ჭორებია.

ამოსავალი წერტილი დემონიზაცია იყო, ვინაიდან ეს ერთ-ერთი კომპონენტი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ბიოლოგიური და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ. ასევე, რეგიონში ეს ერთადერთი მესამე დონის ლაბორატორიაა, რაც უსაფრთხოების რუკაზე საქართველოს აშშ-ს მნიშვნელოვან პარტნიორად წარმოაჩენდა, ამაზე დაშენებით კიდევ ბევრი სხვა თანამშრომლობის პროექტის გაკეთება შეიძლებოდა და კეთდება კიდევაც.

ზუსტი გაზომვა ძნელია, ამჟამად შემცირდა თუ არა საზოგადოების მხრიდან ამ კონსპირაციული თეორიების ნდობა, რა დინამიკაა, ვერ გეტყვით, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსის დროს ლაბორატორიის მიერ გაკეთებულმა რეალურმა საქმემ, რამაც საქართველოს დაცულობის განცდა მისცა, ბუნებრივია, შეამცირა ეს სივრცე. თუმცა, როცა პანდემია გადაივლის, მერე საინტერესო იქნება გავზომოთ, რამდენად შეიცვალა ლუგარის ლაბორატორიის აღქმა" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ბათუ ქუთელია.

რატომ ეშინია საზოგადოებას ტექნოლოგიური წინსვლის, რა განაპირობებს კონსპირაციული თეორიების გაჩენას, როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას? - ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს მიმართა:

- ეს თემები ახლა, COVID-19-ის პანდემიის პირობებში გახდა აქტუალური. მაგალითად, 5G-ის ტექნოლოგიაზე ალბათ საქართველოში ასეთი მწვავე დისკუსია არ იქნებოდა, თემა აქტუალიზებული რომ არ ყოფილიყო პანდემიის პირობებში, რადგან მასზე დიდი ხანია, სამყაროში მუშაობა მიმდინარეობს. საქართველოშიც, კომუნიკაციების კომისიამ ამის თაობაზე გააკეთა განცხადება ადრეც და ახლაც დაადასტურა, რომ საქართველო 5G ტექნოლოგიაზე გადასვლას გეგმავს.

ხელში როგორც საერო, ისე კლერიკალურ წრეებს უჭირავთ "აიფონ 11", სხედან ულტრათანამედროვე მანქანებში, რომელსაც აქვს GPRS სისტემა და გველაპარაკებიან იქიდან, რომ თურმე, 5G ტექნოლოგია სამყაროს ღუპავს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ პოპულარულად იყოს ეს ახსნილი საზოგადოებისთვის და ამას ყოველთვის ახერხებდა და ახერხებს ყველგან მედია. ამ შემთხვევაში მედიამ დააგვიანა, არ მიაწოდა ინფორმაცია ისე, როგორც საჭიროა, საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია და შესაბამისად, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, ეს პროცესი ადვილად მართონ.

როცა ცოდნის დეფიციტია, ადვილია, საზოგადოება დააჯერო, რომ თურმე, ფარდის მიღმა შეკრებილი უჩინარი ადამიანები სამყაროს მართავენ

ასევე, ბევრი ადამიანი ელოდება, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა უნდა შეიმუშავონ. მაგრამ როდესაც მეცნიერული მსჯელობით და ძალიან სერიოზული სახით, სატელევიზიო ეთერში, პრაქტიკულად, ყოველგვარი კონტრ-კითხვების გარეშე ასტროლოგი გიხსნის, რომ ვაქცინა კატასტროფაა და თუ მას გაიკეთებ, ჩიპს ჩაგიდგამენ, რითიც შენი მართვა მოხდება, ადამიანებს, რომელთაც შესაბამისი მეცნიერული ცოდნა არ აქვთ, და აქვთ ნდობა მედიის მიმართ, რომელიც ამ ფორმით აწვდის მათ პროდუქტს, უჩნდებათ შიშები, გაურკვევლობები და შეიძლება არ გაიკეთონ ვაქცინა.

ხშირ შემთხვევაში "მორწმუნე" ექიმებისგანაც გვსმენია, ვაქცინებს არ ვუჭერთ მხარსო. რას ნიშნავს ეს? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ გაიკეთოს ბავშვმა აცრა პოლიომელიტზე, ან ტუბერკულიოზზე? ეს ცრურწმენები ძალას არ დაკარგავს, რადგან ასეთი ტიპის შიშებზე ადეკვატური პასუხი არ არის გაცემული. მაგალითად, ვაქცინებზე სამედიცინო წრეები შეთანხმებულები უნდა იყვნენ და საზოგადოებას უთხრან, რომ ეს ასეა და ორჭოფობა არ უნდა იყოს. ასევე, პირადობის მოწმობის გაცემისას, სახელმწიფომ უნდა შექმნას ერთიანი ფორმა და თქვას, რომ სხვა ფორმა არ არსებობს, ამ ფორმით მოვახერხებთ ქვეყანაში მოქალაქეების სწორ რეგისტრირებას.

"ჩიპიც" იდუმალი რამ არის, რომელსაც ხან სამი 6-იანის სახე აქვს პირადობის მოწმობაში, ხან ვაქცინასთან ერთად უნდა ჩაგვიდგან ხელის მტევანში. ასეთი მესიანისტური ხედვები კი სწორედ რუსეთს ახასიათებს - იქ მუშავდება ასეთი თეორიები და მათი მიწოდების ფორმები, რომ ადვილად აღქმადი იყოს. შემდგომ იწყებენ საზოგადოებით მანიპულირებას

ჩვენ შემთხვევაში ყველაზე მძაფრად მუშაობს სწორედ რუსული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც სამოქალაქო განათლების დაბალ დონეს, მეცნიერების მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას იყენებს და ეთნო-ნაციონალისტურ განწყობებთან, რომელიც ამ პატარა სახელმწიფოშია კარგად აზავებს ბნელ თეორიებს, რომ საზოგადოებამ ვერ შეძლოს განვითარება.

საბოლოო ჯამში, 5G-ც ჩაირთვება, ვაქცინებიც გამოვა, არც არავინ "დაიჩიპება", ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ზომბირების ფორმით ჩაკეტონ საზოგადოების გონება, ახალ თეორიებს შექმნიან. მათი მთავარი მიდგომა ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩაკეტილი, გონებრივადაც, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად, არ შევიდეს სხვა ადამიანებთან კონტაქტში და არ მოახდინოს ისეთი თვითიდენტიფიცირება, რომელიც რეალურად, აქვს და რისთვისაც ეს ადამიანი გაჩნდა ამ ქვეყანაზე" - ამბობს ზვიად ქორიძე.

"საქართველოში არიან ისეთები, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს" - პაატა იმნაძე

"არ იქნება იმის საჭიროებაა, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე" - ხათუნა ზახაშვილი მიმტანების ჩაცმულობასა და მოქცევის წესებზე

"ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია" - ამირან გამყრელიძე