ავტორი:

არის თუ არა კავშირი 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებას შორის - ექსპერტების პასუხი პოპულარულ შეთქმულების თეორიაზე

არის თუ არა კავშირი 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებას შორის - ექსპერტების პასუხი პოპულარულ შეთქმულების თეორიაზე

კორონავირუსის ახალი ტიპის, COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, არაერთი შეთქმულების თეორია არსებობს, მათ შორის კი ყველაზე პოპულარულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვირუსი 5G ტექნოლოგიის გამო გავრცელდა.

როგორც BBC წერს, სამეცნიერო საზოგადოება უარყოფს ამ თეორიას და მას აბსოლუტურ სისულელეს უწოდებს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია მობილური ტელეფონების ანძების გამოსხივება ბირმინგემსა და მერსისაიდში. ეს ვიდეოები გააზიარეს Facebook-ზე, youtube-სა და Instagram-ზე მათ შორის, ავტორიზებულმა მომხმარებლებმა, რომლებსაც ასიათასობით გამომწერი ჰყავთ. ისინი კორონავირუსის გავრცელებასა და 5G-ს შესაძლო კავშირზე წერდნენ.

მეცნიერთა თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ 5G-სა და Covid-19-ს შორის რაიმე კავშირია, არ შეესაბამება სიმართლეს და ასეთი რამ ბიოლოგიურად შეუძლებელია.

"ეს არის ყველაზე უარესი ყალბი ინფორმაცია სხვა კონსპირაციულ თეორიებს შორის“, - ამბობს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის ინგლისის სამედიცინო დირექტორი, სტივენ პოუსი.

შეთქმულების თეორია:

შეთქმულების თეორია ასეთი შინაარსისაა - მისი ავტორები თვლიან, რომ 5G ტექნოლოგია, რომელიც მობილურ ტელეფონებში გამოიყენება და მუშაობს რადიოტალღების სიგნალების საშუალებით, როგორღაც პასუხისმგებელია კორონავირუსის გაჩენაზე და მის გავრცელებაზე.

ეს თეორიები პირველად გაჩნდა იანვრის მიწურულს, სწორედ იმ პერიოდში, როცა აშშ-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

5G-სთან დაკავშირებული თეორიები ორ ნაწილად იყოფა:

  • ერთი თეორიის მიხედვით, 5G ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას და შედეგად, უფრო მგრძნობიარე ხდება ვირუსების მიმართ და უფრო მარტივად ინფიცირდება.
  • მეორე თეორიის მიხედვით კი, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე როგორღაც სწორედ 5G ტექნოლოგიის საშუალებით გადადის.

"ორივე ეს თეორია სულელურია“ - ამბობს უჯრედის მიკრობიოლოგიის ექსპერტი, პროფესორი, ექიმი საიმონ კლარკი BBC-სთან.

ექიმის თქმით, მოსაზრება, რომ 5G აუარესებს ადამიანის იმუნურ სისტემას, შემოწმებასაც კი არ საჭიროებს, ისეთი ნონსენსია.

"ადამიანის იმუნური სისტემა ბევრმა რამემ შეიძლება შეასუსტოს - მაგალითად იმან, რომ დღის განმავლობაში დაიღალოს, ან კარგად არ იკვებება და ა.შ. ამ ყოველივეს გამო შეიძლება ძალიან არ დასუსტდეთ, მაგრამ ვირუსების მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდეთ და უფრო მარტივად დაინფიცირდეთ.

რადიოტალღებმა შეიძლება იმოქმედონ თქვენს ფიზიოლოგიაზე, თუ ის ძალიან ძლიერია, მაგრამ 5G-ის რადიო ტალღები ძალიან მცირეა და ახლოსაც არაა იმ ძალასთან, რომ მან იმუნურ სისტემაზე მოახდინოს გავლენა და ამის დამადასტურებელი უამრავი კვლევა არსებობს", - ამბობს ექიმი BBC-სთან საუბრისას.

ასევე, შეუძლებელია რომ 5G ვირუსის გადამტანი, ანუ გამავრცელებელი იყოს - ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი, ადამ ფინი.

"კორონავირუსის ეპიდემიის მიზეზი არის ის, რომ ვირუსი ინფიცირებული ადამიანიდან მეორეს გადაეცემა. ეს არის სიმართლე. ვირუსები და ელექტრომაგნიტური ტალღები, რომელიც მობილური ტელეფონისთვის და ინტერნეტკავშირისთვისაა, აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა და ისეთივე სხვაობაა, როგორიც ცარცსა და ყველს შორის“, - ამბობს პროფესორი.

BBC ასევე აღნიშნული შეთქმულების თეორიის კიდევ ერთ ხარვეზზე წერს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსი ვრცელდება დიდი ბრიტანეთის ისეთ ქალაქებში, სადაც 5G ტექნოლოგია ჯერ არ არის, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიც ირანია, სადაც საერთოდ არ არის მსგავსი ტექნოლოგია.

BBC წერს, რომ ვირუსი ადამიანის, ან ცხოველის ორგანიზმში იჭრება და იყენებს მას გასამრავლებლად. ვირუსები დიდხანს ვერ ძლებენ ცოცხალი ორგანიზმის გარეთ და ეძებენ გზას მასში მოსახვედრად.

რაც შეეხება კორონავირუსს, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ის ადამიანში ცხოველისგან მოხვდა, რის შემდეგაც დაიწყო ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით, გლობალური მასშტაბით, 1 203 140 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 64 744 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 246 760 გამოჯანმრთელდა.

რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

პანდემიის მოდა - რუმინელმა მეწაღემ "დისტანციური ფეხსაცმელი" შექმნა

ნორვეგიაში მეწყერმა 8 სახლი ზღვაში ჩაიტანა - დაუჯერებელი ფოტო და ვიდეოკადრები