ავტორი:

200 ლარი 1 ჰა მიწაზე - რა დახმარებას მიიღებენ ფერმერები და რას ამბობს პრემიერი მიწების რეგისტრაციაზე

200 ლარი 1 ჰა მიწაზე - რა დახმარებას მიიღებენ ფერმერები და რას ამბობს პრემიერი მიწების რეგისტრაციაზე

ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად, 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით. ეს რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები,“ - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებმა, დახმარების მიზნით, სოფლის მეურნების სამინისტროს ქვედანაყოფებს 20 მაისიდან უნდა მიმართონ. როგორც გახარიამ განაცხადა, დახმარება დაახლოებით, 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება.

“ფერმერებს შეეძლებათ, რომ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან და ესეც არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, საგაზაფხულო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ყველა ეს დახმარება შეეხება დაახლოებით 200 000 ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი”, - განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეიძენენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ ფერმერებისთვის აგროდეზელის ფასი ნაკლები იყოს კრიზისის შემდეგადაც, მომდევნო წლებში.

„ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის, საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ წელს კრიზისში, არამედ მომავალი წლებისთვისაც. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, ის ფერმერები, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე მიწებს დაირეგისტრირებენ, სახელმწიფო დახმარებებით და შეღავათებით ისარგებლებენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის მიწა სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული.

„ძალზედ მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა ეს გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძება, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ვართ. უკვე გამოყოფილი გვაქვს დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული ნებისმიერი სახის მიწა. ყველა ის დახმარება, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შეუწყოთ ჩვენ ქვეყანაში ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვს, წლის ბოლომდე რომელიც მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ეს შეღავათები და დახმარება მათაც შეეხებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, ვეხმარებით სოფელს. ეს არის ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანზე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ეს არის ზრუნვა ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც სარგებლობაში გააჩნიათ და შეუძლიათ რომ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რომ გახსნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამის, რომელსაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს“, - განაცხადა გახარიამ.

როდის განაახლებენ მუშაობას სავალუტო ჯიხურები

როგორ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა

რომელი სალონები ვერ გაიხსნება დღეიდან