ავტორი:

როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეორე ტალღას და რამდენად სახიფათო იქნება ის?

როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეორე ტალღას და რამდენად სახიფათო იქნება ის?

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ჯერ არ დაუმარცხებია და სულ უფრო აქტიურდება მოსაზრება მოსალოდნელი მეორე ტალღის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრებები იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე ტალღა გაცილებით მძიმე იქნება, ნაწილი საპირისპიროს ამტკიცებს. პანდემიის მეორე ტალღა რომ აუცილებლად იქნება, ამაზე ყველა თანხმდება.

აშშ-ის ნომერ პირველმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ მიმდინარე პანდემიასთან შედარებით, მეორე ტალღა გაცილებით სუსტი იქნება. საპირისპირო განცხადება გააკეთა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) დირექტორმა რობერტ რედფილდმა. მან Washington Post-ს განუცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა გაცილებით უფრო საშინელი იქნება, რადგან ის სეზონური გრიპის ეპიდემიას დაემთხვევა.

AMBEBI.GE დაინტერესდა ქართველი სპეციალისტების მოსაზრებებით ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით. ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის დაიწყება და იგი გაცილებით "უწყინარი" იქნება.

- ჯერჯერობით კორონავირუსი არსად წასულა და ჩვეულებრივ მიმდინარე პანდემიაა, ამიტომ მეორე ტალღაზე ნაადრევია საუბარი. როდესაც პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს ჯანმო, როგორც ეს ხდება ხოლმე პანდემიების დროს, შემდეგ მოსალოდნელია, მეორე ტალღა. ეს ვირუსი დედამიწიდან არ გაქრება და იგი პერიოდულად გამოჩნდება.

თუ წინამორბედი პანდემიებით ვიხელმძღვანელებთ, ვირუსები, რომლებმაც შექმნა ეს პანდემიები, ყოველთვის გვევლინებოდა სეზონური ვირუსების სახით, მაგრამ ბევრად უფრო დასუსტებული. თან მეორე ტალღას ყოველთვის უსწრებდა ვაქცინები. ახლაც მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ვაქცინა იყოს მზად.

საერთო ჯამში, ამ ვირუსის შემდეგი გამოვლენა ბევრად უფრო მსუბუქი და მარტივად გადასატანი იქნება. კორონავირუსი იმდენად ახალი და იმდენად განსხვავებულია სხვა ვირუსებისგან, რომ რაიმე გათვლების გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, თანდათანობით ყველანაირი ვირუსი მცირდება და მიილევა. ასე რომ, მომდევნო ტალღა კორონავირუსისა, ვერ იქნება ისეთი მძიმე, როგორც ამჟამინდელი.

ბევრი რამე ვისწავლეთ ყველამ, ეპიდემიოლოგებმაც და მთლიანად სამედიცინო პერსონალმა, ამიტომ ეს გამოცდილება დიდი იარაღია და ასეთი პანიკური დამოკიდებულებაც არ იქნება მეორე ტალღისას" - გვეუბნება მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტის ვარაუდით, კორონავირუსის პანდემია ზაფხულის მიწურულისთვის დასრულებულად გამოცხადდება.

ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში იმ არგუმენტებს ასახელებს, რის გამოც, პანდემიის მეორე ტალღა უფრო მსუბუქი იქნება.

- რატომ არ იქნება მეორე ტალღა უფრო ძლიერი? პირველი: ეს არის სამედიცინო სფეროს მიერ დაგროვილი გამოცდილება, რაც უდიდესი იარაღია. მეორე: ეს არის ანტისხეულების ფაქტორი - ბევრ ადამიანს უკვე გადატანილი ექნება ეს ვირუსი, გამოუმუშავდებათ ანტისხეულები და ეს დაიცავს დაინფიცირებისგან. თუმცა, გასარკვევია, რა ხანგრძლივობის ეფექტი აქვს ამ ანტისხეულებს - რამდენიმეთვიანი თუ რამდენიმეწლიანი. ამას ვერ გავიგებთ, სანამ დრო არ გავა.

მესამე: ჰოსპიტალური სექტორი - თუ დაინფიცირების დიდი რიცხვი იქნა, სერიოზული გამოწვევა გვექნება, რადგან დიდი ტალღისთვის ჩვენ შეზღუდული სამედიცინო კადრები გვაქვს. სწორედ ეს იქნება საკონტროლო. ისეთი მცირე შემთხვევებისას, როგორიც ახლა გვაქვს, არ იქნება პრობლემა.

რაც შეეხება ვაქცინას - თუ მეორე ტალღა ზამთარში იქნება, ვაქცინა ალბათ ვერ მოუსწრებს. მაგალითად შიდსის ვაქცინის შექმნას 30 წელია ცდილობენ, მაგრამ ჯერ ვერ შეძლეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის ვაქცინა საერთოდ ვერ შეიქმნას, თუმცა მოლოდინები პოზიტიურია

საერთო ჯამში, მეორე ტალღას ვერ დავხატავდი ისე ტრაგიკულად, როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღწერს. არც სხვა რაიმე დაავადებების განსაკუთრებულ მოხშირებას უნდა ველოდოთ. სტრესული ფონი და მისგან გამოწვეული გარკვეული ფსიქიკური პრობლემები შეიძლება შეიქმნას, თუმცა ეს ვერ იქნება განსაკუთრებული და ტრაგიკული გამოწვევა. პოსტსტრესული მდგომარეობები ამწვავებს ზოგადად ქრონიკულ დაავადებებს, თუმცა ახალი დაავადებები რატომ უნდა წარმოიქმნას?!" - ამბობს სერგო ჩიხლაძე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

თუმცა, პოზიტიური მოლოდინის პარალელურად, ჯანდაცვის ექსპერტი ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე ამახვილებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეპიდემიის მეორე ტალღა სეზონურ ვირუსებს დაემთხვევა, რაც სიტუაციას რამდენადმე გაართულებს.

- ჩემი ვარაუდით, მეორე ტალღა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იქნება, რადგან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ლოგიკურად ასე უნდა მოხდეს. ბევრ ქვეყანაში უკან დაიხია ვირუსმა. თუ ზამთრის პერიოდში განმეორდება, დაამძიმებს მდგომარეობას იმ მხრივ, რომ დაემთხვევა სეზონური გრიპის პერიოდს. შესაძლოა, კორონავირუსი აღარ იყოს ისე ძლიერი, მაგრამ გარჩევა გართულდება დიაგნოსტიკური საშუალებით, სიმპტომები მსგავსია და გარჩევა იქნება საყურადღებო, ამ მხრივ მომზადებული უნდა შეხვდეს ჯანდაცვის სისტემა როგორც გრიპის, ისე კორონავირუსის დიაგნოსტიკის მიმართულებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გრიპის ვირუსის ვაქცინაციისთვის მზადყოფნა. სახელმწიფომ უნდა შემოიტანოს მაქსიმალურად დიდი ოდენობით ვაქცინები და არა 40 000 და 90 000 როგორც წელს და შარშან იყო. საჭიროა მილიონობით ვაქცინა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აიცრას, რათა ორმაგი დაინფიცირების რისკი შემცირდეს! გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, ინფიცირების ოდენობა გაიზრდება, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფული შემთხვევები, შენარჩუნდება სტაბილური სიტუაცია" - განმარტავს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში.

AMBEBI.GE რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჯანდაცვის სამინისტროსგან მიეღო პასუხი, არის თუ არა უწყება და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის, თუმცა უწყებაში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

სომხური მხარე „საპარტნიორო ფონდს“ პანდემიის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

ვინ არის ბერა ივანიშვილის სიდედრი და უცნობი ცოლისდა, რომელიც მაღალჩინოსნის რძალია

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა