ავტორი:

6 თვეზე მეტი ვადით უხელფასოდ სტაჟირება შესაძლოა, აიკრძალოს - რას გულისხმობს ცვლილებების პროექტი შრომის კოდექსში

6 თვეზე მეტი ვადით უხელფასოდ სტაჟირება შესაძლოა, აიკრძალოს - რას გულისხმობს ცვლილებების პროექტი შრომის კოდექსში

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აიკრძალება. „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის დეფინიცია: სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

ცვლილებების თანახმად, არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ. სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, თუკი შრომითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, სავალდებულო გახდება. პარლამენტს „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, წერილობითი ხელშეკრულების დადება აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსი დამსაქმებელს წერილობითი ხელშეკრულების დადებას 3 თვეზე მეტ ხანს შესასრულებელი სამუშაოს შემთხვევაში ავალდებულებდა.

ამასთან, შრომის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შინაარსს შეეხება. კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:

ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

გ) სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის მისამართი და ინფორმაცია სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ არ არის განსაზღვრული დასაქმებულის მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი.

დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;

ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა, მისი კომპონენტები (ძირითადი ხელფასი ან/და

სატარიფო განაკვეთი, დანამატი, პრემია და სხვ.) და გადახდის წესი;

ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და

შვებულების მიცემის წესი;

თ) დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

ი) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი

განსხვავებულად არეგულირებენენ დასაქმებულთა შრომის პირობებს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმების საკითხებსაც არეგულირებს. პროექტის თანახმად, აკრძალულია შრომით პირობებთან დაკავშირებით არარსრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირთან შედარებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პირი დასაქმებულია არასრულ სამუშაო განაკვეთზე.

გარდა ამისა, დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს მხოლოდ იმის გამო, რომ დამსაქმებელმა უარი თქვა არასრულიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე, ან პირიქით გადასვლაზე ( გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამუშაო განაკვეთის ცვლილება შრომითი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული).

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.

"ზაფხულისთვის ბინების ფასები დაიკლებს" - რა პროგნოზს აკეთებენ უძრავი ქონების ექსპერტები

200 ლარი 1 ჰა მიწაზე - რა დახმარებას მიიღებენ ფერმერები და რას ამბობს პრემიერი მიწების რეგისტრაციაზე

"თურქეთის ავიახაზები" 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ფრენებს ივნისიდან აღადგენს