ავტორი:

"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის

"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის

იტალიის მთავრობამ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ემიგრანტებისთვის "სანატორია" - დროებითი ბინადრობისა და მუშაობის უფლება გამოსცა.

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესა და პარლამენტის უმრავლესობაში მყოფ პარტიებს შორის, რამდენიმედღიანი კონსულტაციებისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, წუხელ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა იტალიაში მყოფი იმ მიგრანტების შესახებ, რომლებიც შინამოსამსახურეებად თუ მომვლელებად მუშაობენ.

რეგულაციები ორ მიმართულებას მოიცავს: ერთია არალეგალური, "შავი" სამუშაოების აღიარება, მეორე კი - უცხოელი მუშახელისთვის დროებითი ბინადრობის უფლებების გაცემა. მართალია, ზუსტი ციფრები ცნობილი არ არის, თუმცა შესაძლოა, რეგულაციებს 500 ათასი უცხოელი დაექვემდებაროს, მათ შორის ათიათასობით ქართველი.

ერთი მხრივ, იტალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილების, მეორე მხრივ კი - პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ AMBEBI.GE იტალიაში მცხოვრებ ჟურნალისტს ნინა მამუკაძეს ესაუბრა. ის 8 წელია, ფლორენციაში ცხოვრობს და მუშაობს.

- რას გულისხმობს ახალი რეგულაციები, რომელზეც იტალიის მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია?

- ბოლო რამდენიმე დღე აქტიურად განიხილებოდა არალეგალების პრობლემის მოგვარების საკითხი. ძირითადად სამი პარტია იყო მოლაპარაკებაში ჩართული - დემოკრატიული პარტია, „იტალია ვივა“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობა“. სწორედ ეს უკანასკნელი პარტია იყო არალეგალთა, ასე ვთქვათ, ლეგალიზების დიდი წინააღმდეგი, მაგრამ გუშინ გვიან ღამით მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ პარტიებს შორის და დამტკიცდა დეკრეტი, რომელიც შეეხება რამდენიმე ასეულ ათას არალეგალ უცხოელს.

ეს ძირითადად აგრარულ სექტორს მოიცავს, ასევე, შეეხება იმ სექტორს, სადაც არალეგალი ქართველების უდიდესი ნაწილია დასაქმებული - შინამოსამსახურეები, მომვლელები და ძიძები. ყველაზე გაიცემა 6-თვიანი მუშაობისა და ცხოვრების ნებართვა და როგორც ირკვევა, 6 თვის შემდეგ, თუ პიროვნებას ისევ ექნება სამუშაო კონტრაქტი, შესაძლებელი იქნება ამ საბუთების გახანგრძლივება.

ეს სიახლე კანონის სახით ჯერ არ გამოსულა, აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს Gazzetta Ufficiale-ში, სადაც იბეჭდება ოფიციალური ტექსტი, რომელსაც მთავრობა გამოსცემს. ამის შემდეგ გვექნება საშუალება, დეტალებზე ვისაუბროთ.

ბოლო "სანატორია" 8 წლის წინ, 2012 წელს გამოიცა. ამჯერად კორონავირუსმა დააჩქარა ამ საკითხის გადაწყვეტა, რადგან კრიზისი შეიქმნა აგრარულ სექტორში, რამაც ბიძგი მისცა, რომ მომხდარიყო სხვა სექტორში მომუშავე არალეგალების ლეგალიზებაც - მომვლელებისა და შინამოსამსახურეების.

VIDEO: შეთანხმება, რომელსაც იტალიის მთავრობამ არალეგალურად დასაქმებულებისთვის მიაღწია - როგორ გაუმარტივებს კანონი ცხოვრებას ათასობით ქართველს?

- როგორ უნდა მოხდეს ამ რეგულაციების აღსრულება?

- შეთანხმება შეეხება არალეგალ უცხოელებს, ვინც 2020 წლის 8 მარტამდეა იტალიაში ჩამოსული. ასევე, განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ პირებს, ვის ბინადრობის უფლებასაც ვადა გაუვიდა 2019 წლის 31 ოქტომბრამდე, ანუ, შეუძლიათ ის განაახლონ.

ავტომატურად დაიბლოკება იმ პირების განაცხადები, რომლებიც ნარკოტრაფიკისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ან ადამიანთა ექსპლუატაციისთვის არიან გასამართლებულები. დაიბლოკება ის განცხადებებიც, თუ დამსაქმებელი - ანუ ოჯახის უფროსი, ვინც კონტრაქტს აწერს ხელს, შემჩნეულია ადამიანთა ექსპლუატაციასა ან პროსტიტუციის ხელშეწყობაში.

შრომითი ექსპლუატაცია უფრო აგრარულ სექტორს შეეხება, მაგრამ არაა გამორიცხული, ოჯახის წევრი მანამდე ყოფილიყო შემჩნეული მომვლელთან ცუდ მოპყრობაში. საბუთების შეტანის დრო პირველი ივნისიდან 15 ივლისამდე იქნება. ასევე, შეტანისას, იმ კონკრეტულ მომენტში პირს უნდა ჰქონდეს სამუშაო კონტრაქტი და ასევე, 6 თვის შემდეგაც, როდესაც საბუთების განახლება მოხდება.

სახელმწიფო პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს დამსაქმებლებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაული არაა, რომ არალეგალი ჰყავდათ დასაქმებული, თორემ ისე, იტალიური კანონმდებლობით, ეს დასჯადია. ახლა ბევრი რამ იმპროვიზირებულია, ამიტომ, პროცედურის შესახებ ძნელია რამის თქმა, მანამდე მსგავს დეკრეტებს პარლამენტი ამტკიცებდა.

- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართველებს შეეძლებათ საქართველოში ოჯახის წევრების სანახავად დაბრუნება?

- ამ ეტაპზე ეს საკითხი გარკვეული არ არის. არ ვიცით, ამ ტიპის საბუთი საზღვრის გადაკვეთის საშუალებას მისცემთ თუ არა არალეგალურად მყოფებს. რეგულაციები სანამ კანონის სახით არ გამოვა, ეს მანამდე არ გვეცოდინება.

- როგორც ვიცი, შეთანხმების მიღწევა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა - პარტია "5 ვარსკვლავი" იმ პრობლემაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ბრძანებულება დამსაქმებლების წახალისებას შეუწყობდა ხელს არალეგალურად დასაქმების კუთხით.

- ვეთანხმები „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერების მოსაზრებას, რომ თუ არსებულ პრობლემაზე დახუჭავ თვალს, არ ნიშნავს, რომ ის გაქრება. თავის მოჩვენება, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ, უაზრობაა და ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, "შავი ბაზრის" შექმნას. ნებისმიერი ქართველი გეტყვით, რომ მზადაა, გადაიხადოს ნებისმიერი სახელმწიფო გადასახადი, ოღონდ მოიპოვოს ბინადრობისა და მუშაობის უფლება და მიეცეს საშუალება, დაბრუნდეს ოჯახის წევრების სანახავად.

როდესაც საბუთები წესრიგში არ გაქვს და უცხო ქვეყანაში იმყოფები, ფაქტობრივად, ნული ხარ... არსად ფიქსირდები, არ არსებობ სახელმწიფოსთვის და აღარ არსებობ არც შენი ქვეყნისთვის

როგორ ელოდნენ ამ საბუთის დამტკიცებას ქართველი არალეგალები, წარმოდგენაც კი ძნელია, რამხელა ბედნიერება და შვებაა ეს მათთვის. სოფლის მეურნების მინისტრმა, ტელეზა ბელანოვამ, რომლის დიდი დამსახურებაცაა ამ შეთანხმების მიღწევა, მინისტრთა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იტირა და ეს სიტყვები თქვა:

"ადამიანები, რომლებიც აქამდე უჩინრებივით იყვნენ, მუშაობდნენ, ყველამ იცოდა მათ შესახებ, მაგრამ არავინ ამჩნევდა - მომვლელები, დამლაგებლები, აგრარული მუშაკები, დღეიდან - დამცირებულ, მიზერულ ყოფას, არალეგალობას შეწყვეტენ და ისე მოიქცევიან, როგორც მათ ადამიანურ ღირსებას და ჭეშმარიტად დემოკრატიულ იტალიას შეეფერება“.

- თუ გაქვთ ურთიერთობა იტალიაში მცხოვრებ ქართველებთან, რა იცით მათი ყოფის შესახებ?

- ისინი, სწორედ არალეგალობიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ არ შეუძლიათ სამართალდამცავ ორგანოებს საჭიროების შემთხვევაში თამამად მიმართონ, ხშირად ხდებიან ექსპლუატაციის მსხვერპლნი, თუნდაც იმის გამო, რომ შესაბამის ანაზღაურებას არ უხდიან, ასრულებენ იმაზე გაცილებით მძიმე სამუშაოს, ვიდრე მათი ხელფასია.

რაც უფრო მძიმეა სამუშაო, კანონის გათვალისწინებით, ხელფასი უფრო მაღალია. სწორედ ამიტომ აჰყავთ ოჯახებს არალეგალები, რომ გაცილებით ნაკლები გადაუხადონ, ვიდრე საბუთიან და ბინადრობის უფლების მქონე პირებს

მეორე მხრივ, სპეციფიკა, რაც ქართველების სამუშაო ადგილებს ძირითადად ახასიათებს, პანდემიის პირობებში დადებით მხარედ იქცა, რადგან ისინი ფაქტობრივად, ისედაც იზოლაციაში იმყოფებოდნენ. ამ პერიოდში, რაც დავინახე, ალბათ, არასდროს მინახავს ქართველების მხრიდან ერთმანეთის ასეთი მხარში დგომა. ვინც უმუშევარი და ფინანსების გარეშე დარჩა, მგონი, მართლა არ უგრძვნიათ, ისე გადაიტანეს ეს პერიოდი, რადგან ქართველებს ერთმანეთი არ მიუტოვებიათ.

- როგორი იყო კარანტინის პერიოდში სახელმწიფო დახმარების პაკეტები?

- კარიტასი, რომელიც შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარება და მათთვის საკვებს, გარკვეულ შემთხვევებში, ღამის გასათევ ადგილებსაც უზრუნველყოფს, იტალიაში საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ამგვარი დახმარების მიღების საშუალება არალეგალებსაც ჰქონდათ. რაც შეეხება ფულად ანაზღაურებას, რომელიც იტალიურ ოჯახებზე და ასევე, ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებზეც გაიცა.

რამდენადაც ვიცი, ასეთი ტიპის დახმარებები არალეგალებს არ აუღიათ, რადგან ამისთვის გასულ წელს სახელმწიფოსთვის გარკვეული რაოდენობის გადასახადი უნდა ჰქონოდათ გადახდილი.

- რა ეტაპზეა ამჟამად იტალია როგორც დაავადების გავრცელების, ისე შეზღუდვების მოხსნის კუთხით?

- დაახლოებით ათი დღეა, იტალია საგანგებო მდგომარეობის მეორე ფაზაზე გადავიდა და შედარებით შემსუბუქდა შეზღუდვები. მაგრამ, 18 მაისიდან კიდევ უფრო მსუბუქდება. აქამდე სახლიდან გასვლა მხოლოდ ავტოსერტიფიკატის ქონის შემთხვევაში შეგვეძლო, სადაც ქუჩაში ყოფნის მიზეზი უნდა ყოფილიყო მითითებული.

გაიღება ბარ-რესტორნები, მაგრამ აუცილებელია გარკვეული ნორმების დაცვა თავად რესტორნების მხრიდან. იხსნება სალონებიც, თუმცა მათაც უნდა დაიცვან გარკვეული რეგულაციები - წინასწარი ჩაწერა, ნიღბისა და ხელთათმანების ტარება და ა.შ. ბევრს ძალიან გაუხარდა, რომ 18-დან შესაძლებელი იქნება მეგობრების ნახვა, რაც აქამდე აკრძალული იყო, ნათესავების ნახვა კი დაახლოებით 10 დღის წინ დაუშვეს.

შეზღუდვა ისევ გრძელდება რეგიონებზე, ანუ რეგიონიდან რეგიონში განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილება აკრძალულია. ასევე, არის რამდენიმე რეგიონი, რომელსაც შეზღუდვების შემსუბუქება ნაკლებად შეეხება, მაგალითად, ლომბარდია და პიემონტე, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო.

რაც შეეხება ინფექციის გავრცელებას, რამდენიმე დღის წინ იტალიაში გამოჯანმრთელების რაოდენობამ დაინფიცირებულების რაოდენობის საერთო ჯამს პირველად გადაასწრო. ახალი შემთხვევების რაოდენობაც იკლებს, ამ დღეებში შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო, მაგრამ ეს იმიტომ, რომ იტალიაში ტესტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ისე კი, საერთო მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა, წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით უკეთესია.

- თქვენ შესახებ რას გვეტყვით, რამდენად რთული იყო ეპიდემიისა და საყოველთაო კარანტინის პერიოდის გადატანა?

- ეს იყო ნამდვილი შოკი, განსაკუთრებით ისეთი აქტიური ცხოვრების წესის მქონე ხალხისთვის, როგორც იტალიელები არიან. ჩვენც მათი ცხოვრების რიტმზე ვართ გადმოსულები და მართლაც ფსიქოლოგიური შოკი იყო სახლში გამოკეტვა.

თუმცა, მე ეს ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში მომიწია, რადგან დაცვისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ, რომელიც ფაქტობრივად არ გაჩერებულა, რამდენიმე დღეში ისევ გამომიძახეს, როგორც კი მოიფიქრეს, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რათა ყველაფერი არ გაჩერებულიყო. ჩემი აზრით, ამან შედარებით იოლად გადამატანინა ეს პერიოდი.

იმ რაოდენობის საათებს, რა თქმა უნდა, ვეღარ უზრუნველყოფდა კომპანია. ამ შემთხვევაში თუ დასაქმებულის ნაწილობრივი გაჩერება ხდება, სახელმწიფო უზრუნველყოფს მისი ანაზღაურების 80%-ს. ანუ, ეს პრობლემაც შედარებით რბილად შემეხო.

- ხომ არ გიფიქრიათ საქართველოში დაბრუნებაზე?

- არა, რადგან რამდენიმე მიზეზი მაქვს. აქ ოჯახი მყავს და მათ ვერ დავტოვებდი, თანაც, რეისებზე მგზავრების ძალიან შეზღუდული რაოდენობა იყო, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე თვითმფრინავის გავსებაც არ შეიძლებოდა. ჩემი პანიკის გამო ნამდვილად ვერ დავიკავებდი ისეთი ადამიანის ადგილს, ვისაც მართლა სჭირდებოდა საქართველოში დაბრუნება. თანაც, მეშინოდა, ჩემი ოჯახის წევრებისთვის საფრთხე არ შემექმნა.

- როგორც ვიცი, ადამიანები იტალიაში არც ისე პასუხისმგებლიანად ეკიდებოდნენ უსაფრთხოების საკითხს, ინფექციის აფეთქებამდეც და ბოლო პერიოდშიც, როდესაც რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- თითქოს თავიდან ვერ აღიქვეს, თუ რამდენად სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა ქვეყანა. მათი მსუბუქი დამოკიდებულება თავიდან იტალიურ მსუბუქ ხასიათს დავაბრალეთ, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ იტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ასე მწვავედ დადგა ამ პრობლემის წინაშე და არ ჰქონდა მაგალითი, სხვა ქვეყნების შეცდომები გაეთვალისწინებინა.

მე ძალიან მიკვირს უკვე სხვა ქვეყნების - თუნდაც, ესპანეთის, საფრანგეთის, რომელთაც იტალიის მაგალითი ჰქონდათ, მაგრამ ისევე მოიქცნენ, როგორც იტალიელები გარკვეულ შემთხვევაში.

"ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ" - გამყრელიძე ოსურ მედიას პასუხობს

რა ტოქსიკური თვისებები აქვთ პროდუქტებს - სურსათის ექსპერტის რეკომენდაციები

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"