ავტორი:

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაფიქსირება მოსალოდნელი იყო.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური კრიტერიუმების საფუძველზე, შემთხვევითობის პრინციპით კორონავირუსზე მოსახლეობის შემოწმება იგეგმება.

"ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო. ამჟამად ახალი შემთხვევა ორ სოფელში დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტია და ამიტომ, სერიოზული ღონისძიებები ტარდება - ჩაკეტილია ბოლნისი, კარანტინია გამოცხადებული, ასევე შესვლა-გამოსვლა აკრძალულია. ბოლნისში მარნეულის შემდეგ, გეგმური, ე.წ. გაფართოებული ტესტირება ჩავატარეთ. გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ჩატარდა ასეთი გაფართოებული ტესტირება, ზოგიერთი კვლევა ახლაც მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა.

15 ახალი შემთხვევაა დადასტურებული - 7 ერთ სოფელში და 8 - მეორეში. მთლიანად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ისეთი კვლევის ჩატარება გვინდა, რომელიც შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპზე არის დამყარებული. ანუ, ბოლნისის მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევა მოხდება გარკვეული კრიტერიუმით-ეპიდემიოლოგიურითა და სტატისტიკურით. ვფიქრობთ, არ გადავდებთ და მომდევნო კვირაში ამ კვლევას ჩავატარებთ. ახლა სწორედ შერჩევა სრულდება. ანუ, რამდენი ადამიანი იქნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული, რომელიც მოგვცემს იმის შესახებ ინფორმაციას, თუ რა ხდება მთლიანად მუნიციპალიტეტში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსით ინფიცირების 10-15-ით გაზრდა დიდი მაჩვენებელი არ არის.

"ეს არ არის შემთხვევების დიდი ზრდა. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ინფიცირების შემთხვევების გარკვეული ზრდა იქნებოდა. 10-15 რიცხვით გაზრდა დიდი მაჩვენებელი არ არის. ამ სოფლებში ველოდით, რომ შემთხვევების ზრდა იქნებოდა, რადგან დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩატარებული კვლევებისას პოზიტიურ შემთხვევათა გარკვეული რაოდენობა გვქონდა. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო მეტი დამყოლობა იყოს. მოგვცენ საშუალება, რომ ორივე სოფლის მოსახლეობა სრულად გამოვიკვლიოთ. ჩვენი ორი ჯგუფი მიდის ერთ-ერთ სოფელში, ხოლო მეორე სხვა სოფელში იმუშავებს. გვინდა, მაქსიმალურად მოვიცვათ ეს სივრცე, რომ ამ სოფლების მოსახლეობა მაქსიმალურად გამოკვლეული იყოს, რათა ვისაც ვირუსი დაუდგინდება, ვუმკურნალოთ, ხოლო დანარჩენებს ვურჩიოთ, რომ ორი კვირა თვითიზოლაციაში იყვნენ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა განუცხადა, ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში დაფიქსირდა, ხოლო 7 სოფელ მუშევანში. მისი თქმით, ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია და კონტაქტებიც მოძიებულია.

"საქართველოში არიან ისეთები, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს" - პაატა იმნაძე

"არ იქნება იმის საჭიროებაა, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე" - ხათუნა ზახაშვილი მიმტანების ჩაცმულობასა და მოქცევის წესებზე

"ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია" - ამირან გამყრელიძე