ავტორი:

3 საუკუნის უნიკალური მარანი მცხეთაში და ქართველი ბიჭი, რომელიც 100-წლოვანი ვენახით წინაპრების მეღვინეობას გააცოცხლებს

3 საუკუნის უნიკალური მარანი მცხეთაში და ქართველი ბიჭი, რომელიც 100-წლოვანი ვენახით წინაპრების მეღვინეობას გააცოცხლებს

საქართველოში ღვინის წარმოების კულტურას რომ დიდი ხნის ისტორია აქვს, საყოველთაოდ ცნობილია. სწორად ამაზე, 2017 წელს BBC წერდა: „თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. აღმოჩენილ თიხის ქილებზე ღვინის შემადგენელი ნაწილები ნალექის სახით იყო შერჩენილი. მეცნიერების თქმით, ჭურჭელი დაახლოებით 8.000 წლის წინანდელია“. დიახ, ღვინის უძველესი ჭურჭლის ისტორია და ღვინის დაწურვის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ 8.000 წლის წინ დაიწყო. ეს საქმე რომ ბევრ წელს ითვლის, ამაზე ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმული მარნებისა და ქვევრების არსებობაც ადასტურებს.

ბოლო დროს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მოსახლეობამ რამდენიმე უძველესი მარანი და ქვევრები აღმოაჩინა, მთლად 8.000 წლის წინანდელი არა, მაგრამ ის, რაზეც უნდა გიამბოთ, სპეციალისტების თქმით, XVII-XVIII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.

სოფელ ძეგვში დავით კუდაშვილის მარანში აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი, ქვევრები მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა მოინახულა და ასე შეაფასა: „მარანი მართლაც უნიკალურია, რადგან უპირველეს ყოვლისა, ის „ძეგვი-კავთისხევის“ არქიტექტურულ სტილს მიეკუთნება. ამგვარ მარნებს მხოლოდ ამ არეალში შევხვდებით. დავათვალიერე ეს მარანი და მაშინვე ვიცანი მისი სტილი. ნაგებობა უნიკალურია იმითაც, რომ მასში შემორჩენილია კარგად შენახული დედაბოძი, რომელიც აქაური წესით, საწნახელზეა მიდგმული და გარდა პრაქტიკულისა, საკრალური დატვირთვაც აქვს. ქართლ-კახური მარნების მსგავსად, აქაა ბუხარიც. მარანი თავდაპირველად ბანიანი ნაგებობა იყო და სახურავი მოგვიანებით გაუკეთდა. მასში გვხვდება ხელსაბანი „ნიჟარაც“, რაც ჰიგიენის წესების დაცვის დიდ ყურადღებაზე მიანიშნებს. მეტად საინტერესოა დედაბოძის დეკორი, რაც მეორე მხრივ საკრალური დატვირთვის მქონეა. ამ ყველა მონაცემით, შეგვიძლია იმის თქმა, რომ მარნის საფუძველი 3 საუკუნის წინაა ჩაყრილი“.

ვესაუბრეთ დავით კუდაშვილსაც. ის პროფესიით ხორცის ტექნოლოგია, მუშაობს სამედიცინო კომპანიაში, მღერის ფოლკლორულ გუნდში და არის სამთო გიდიც. დავითს საინტერესო გეგმები აქვს, უნდა, რომ უძველეს მარანს პირვანდელი სახე დაუბრუნოს და იქ არსებულ ქვევრები 100-წლოვან ვენახში მოწეული ყურძნის წვენით შეავსოს.

- მარანი თავიდან ოჯახის იყო, - პაპაჩემის (დედის მხრიდან) ბიძის გახლდათ, რომელიც აქ ღვინოს აყენებდა. შვილები არ ჰყავდა, მემკვიდრე პაპაჩემი და მისი ძმა იყვნენ. მემკვიდრეობა კი გადმოიბარეს, მაგრამ ღვინის დაყენების კულტურა აღარ გაუგრძელებიათ, თან, კომუნისტებმა ვენახებიც ჩამოართვეს. შესაბამისად, მარანმა ფუნქცია დაკარგა. დიახ, რაკი დიდი რაოდენობით ღვინოს აღარ აწარმოებდნენ, ეს სივრცე უყურადღებოდ დარჩა (თან, სახლიდან მოშორებითაცაა). ამიტომ გარშემო შენობას სულ სარეველა მოედო. თავად მარანი 43 კვ/მ-ია. თავიდან ჩანდა, რომ იქ 5 ქვევრი იყო, მათგან - ერთი 2 - ტონა და 500, მეორე - ტონა 800-ის მოცულობის და სამი - 300-ლიტრიანი, უფრო პატარები. სულ ვეჭვობდი, რომ დიდი ხნის ქვევრები იყო, მაგრამ სპეციალისტს არასდროს უნახავს.

- და გადაწყვიტეთ, მათი ასაკი შეგესწავლათ?

- ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა მეღვინეობას, ტურიზმს, ეკოტურიზმს, რაც ჩემს მეორე პროფესია-გატაცებასთანაც (სამთო-საფეხმავლო გიდი ვარ) შორს არაა, მეუღლესაც ჰქონდა სურვილი, ამ საქმისთვის სერიოზულად მიგვეხედა და ამ მიმართულებით მოძრაობა დავიწყეთ. მეუღლე ღვინის კომპანიაში მუშაობს, პროფესიით მეღვინეა. მოკლედ, ჩვენი სურვილები დაემთხვა, - მარნის რეაბილიტაცია გადავწყვიტეთ. ხომ გეუბნებით, მით უფრო, რომ ამხელა რესურსი და საშუალება გვქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისტორიაა. მერე ტექნოლოგიურადაც მწყობრში მოვიყვანდით ყველაფერს, საინტერესო საქმეა, დალაგდება და პროდუქტიც სასარგებლოა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბატონ გიორგი ბარისაშვილს მივმართეთ, რომელმაც მარანი შეისწავლა, შეაფასა და გვითხრა, რომ ის სადღაც სამ საუკუნეს ითვლის. რჩევებიც მოგვცა.

- და რას აპირებთ ახლა?

- მას მერე, რაც კედლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, სახურავს შევცვლით, მარანს სტილისტურად პირვანდელ სახეს დავუბრუნებთ. მოკლედ, ისევე დავტოვებთ, არანაირ ცემენტს, ბეტონს არ გამოვიყენებთ. ეს იქნება ზუსტი კონსერვაცია-აღდგენა და შენობისთვის ფუნქციის დაბრუნება. ბატონი გიორგის გარდა, აზრი სხვა სპეციალისტებსაც ვკითხეთ, მათ შორის, რესტავრატორებს, მეღვინე მეგობრებს, ვისაც მარნები და ქვევრები აქვთ. მათ რჩევა-დარიგებასაც გავითვალისწინებთ...

- ქვევრებს რესტავრაცია სჭიდება?

- 5 ქვევრს ჩავუტარეთ გამასუფთავებელი ოპერაცია, რადგან რესტავრაციას ვგეგმავდით. მიწის მოხსნის პროცესში კი დანარჩენი სხვა ქვევრებიც აღმოვაჩინეთ, - ამჟამად სულ 11 ქვევრია. ბოლოს აღმოჩენილი 6 ქვევრი შედარებით პატარებია, საზედაშეები გახლავთ.

- რა მდგომარეობაშია თითოეული მათგანი?

- როცა ამხელა პერიოდზეა საუბარი, რთულია, ქვევრმა პირვანდელი მდგრადობა შეინარჩუნოს, რადგანაც მიწისძვრები, მიწისქვეშა ბიძგები და ბევრი რამ ხარვეზებს უჩენს და ეს ჩვენს ქვევრებსაც ჰქონდა. ასე რომ, როგორც ეს ჭურჭელი ინახავს ღვინოს, ისე ღვინო ინახავს ქვევრს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჯაჭვი დარღვეულია, რომელიც უნდა აღდგეს. ქვევრების სარესტავრაციოდ მცირე ჩარევა დაგვჭირდა და ამ საქმეში ოსტატი ივანე ბახბახაშვილი (კახეთიდან) ჩაერთო. პატარ-პატარა ხარვეზები, ბზარები შეივსო და დამუშავდა.

- ვენახი ძეგვში გაქვთ?

- ვენახიც ძეგვშია. გვაქვს ჩინური, გორული და სხვა ქართლის ჯიშები. საუკუნის ვენახია და განახალებას საჭიროებს. ვნახოთ, ხელი როგორ მოგვემართება. ეს ყველაფერი თუ გაიმართა და აეწყო, ვიზიტორებსაც მივიღებთ და ჩვენს ტრადიციებზე მოვუყვებით, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოგვარჩევს, რაც ჩემი მოგონილი არ არის. ჩვენი ნახელავი კი იმ მადლიანი საქმის დამადასტურებელი და გაგრძელება იქნება, რომელსაც წინაპრები აკეთებდნენ და დაგვიტოვეს.

- ის, რომ ასეთი ძველი მარანი გაქვთ, რა ემოციას იწევს?

- მარნის ასაკი რომ გავიგეთ, ძალიან ემოციური აღმოჩნდა... საერთოდ, ჩავთვალოთ, რომ მარანი დიდ სიწმინდესთან არის დაკავშირებული, ლეკიანობის პერიოდში იქ ადამიანებსაც კი ნათლავდნენ, ასეთი პრეცედენტებიც ყოფილა. როცა ამხელა წარსულთან გაქვს საქმე, მეტი სისათუთით, მოკრძალებით გინდა, რომ ამ ყველაფერს მიუდგე. მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნება. ის ჯაფა, შრომა და ჩვენი წინაპრების დანატოვარი საქმე დასაფასებელია და აუცილებლად გაგრძელდება.

თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

თვალები ახამხამეთ რაც შეიძლება ხშირად, ეკრანი არ უნდა კაშკაშებდეს - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები მოსწავლეებს და მათ, ვინც კომპიუტერთან მუშაობს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა