ავტორი:

"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - ბრძოლა, მარცხი, ემიგრაცია, მაწვნის წარმოება და ოცნება სამშობლოზე

"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - ბრძოლა, მარცხი, ემიგრაცია, მაწვნის წარმოება და ოცნება სამშობლოზე

"არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა", - ეს სიტყვები ეკუთვნის გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელსაც დღეს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს.

გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართული გენერალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო წარმომადგენელია. მისი სამხედრო ტალანტი ყველაზე ნათლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გამოვლინდა და სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად მისი სამხედრო კარიერა დასრულდა კიდეც. სწორედ იგი სარდლობდა უკანასკნელ ომში საბჭოთა რუსეთთან დემოკრატიული რესპუბლიკის არმიას და მარცხთან ერთად მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც თვითმკვლელობით დაესრულებინა. ჯერ კიდევ მთავარსარდლად ერთი დღის დანიშნული გენერალი, იმ პირობებში, როდესაც ჯარი თითქმის არ ჰყავდა და რუსები თბილისს მოსდგომოდნენ, უთქვამს, - ტყვიას დავიხლი შუბლში, ვიდრე მტერს დედაქალაქს უბრძოლველად დავუთმობო.

  • ბიოგრაფია

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაღესტანში, პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუაც და მამაც სამხედროები იყვნენ, ამიტომ გიორგის ბედი პატარაობაშივე გადაწყდა, მას მამის მსგავსად რუსეთის არმიაში უნდა ემსახურა. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 10 წლის გიორგი ტფილისის კადეტთა კორპუსში მიაბარეს, საიდანაც სწავლა პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში განაგრძო და წარმატებით დაამთავრა კიდეც ოფიცრის წოდებით.მიუხედავად რუსეთში მსახურობისა, საქართველოს ისტორიაში იშვიათად თუ შეხვდებით მსგავს პატრიოტს და სამშობლოსთვის თავდადებულ მებრძოლს, როგორც გიორგი კვინიტაძე გახლდათ. ალბათ ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მამა პატარაობიდანვე ცდილობდა გაეღვივებინა მასში სამშობლოს სიყვარული და მართლაც, მისგან მისაბაძი მეომარი და ნამდვილი პატრიოტი დადგა.1905-1917 წლამდე გიორგიმ მრავალი ჯილდო მიიღო ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და პირველ მსოფლიო ომებში (1914-1918). მკაცრმა აღზრდამ, დისციპლინამ და ფრონტზე ბრძოლამ დიდი გამოცდილება შესძინა მას.

  • დაბრუნება სამშობლოში

1917 წელს გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. მან მიზნად დაისახა რეგულარული ქართული არმიის შექმნა და გაწვრთნა. 1918-1921 წლებში გენერალი კვინიტაძე დამოუკიდებელ საქართველოს საბჭოთა რუსეთისგან იცავდა, მან ბოლშევიკების მეთაურობით დაგეგმილი არაერთი აჯანყება და ამბოხი ჩაახშო, რითაც გაახანგრძლივა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა. 1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი. 1921 წლის 14 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქართული ჯარის მთავარსარდლად დანიშნა გენერალი გიორგი კვინიტაძე.

იგი თავისი საქმის უბადლო მცოდნე და პროფესიონალი იყო. საოცრად დიდ პასუხიმგებლობას გრძნობდა ქვეყნის და ხალხის წინაშე. ამიტომ აოცებდა სოციალ-დემოკრატების დამოკიდებულება საქმისადმი. მუდმივად უკმაყოფილო იყო სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენებით, უწესრიგობითა და არაკეთილსინდისიერი ადამიანების დაწინაურებით. სწორედ ამიტომ, არაერთხელ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა კრიტიკულ მომენტში მუდამ გვერდით ედგა საქართველოს და იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდბლობისთვის. ნოე ჟორდანია იგონებდა - "როცა რუსები თავს დაგვესხენ, მთავარსარდლად დავნიშნე გენერალი კვინიტაძე, აქტიური, სწრაფი, მოქმედი, მხოლოდ ჯიუტი და მიუკარებელი“.

  • “ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი..."

გენერალ კვინიტაძეს საბჭოთა რუსეთის სამხედრო დაზვერვა ასე ახასიათებდა: “ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტყინება, შეტევა, ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზე ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა; იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა”.

ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად
  • ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობის შესანრჩუნებლად

ქართულმა არმიამ თბილისთან გამართული ერთკვირიანი გმირული ბრძოლების შემდეგ დედაქალაქი დატოვა. პოზიციების შენარჩუნება ვერც მცხეთასთან და ვერც გორთან ვერ მოხერხდა და მცირე არიერგარდული ბრძოლებით სამხედრო შენაერთებმა ხაშურისა და ლიხის ქედისკენ დაიხიეს. სწორედ აქ დაგეგმა გენერალმა კვინიტაძემ საბჭოთა რუსეთის არმიის დაჯგუფების ავანგარდზე იერიშის მიტანა, მათი ალყაში მოქცევა და განადგურება. თბილისის აღების შემდეგ, რუსებმა შექმნეს ბათუმის მიმართულების ჯგუფი, რომელშიც შედიოდა 4 მსროლელი და 4 ცხენოსანი ბრიგადა, მთლიანობაში 15 000-მდე მებრძოლი, მაგრამ ეს ძალები თბილისიდან ქარელამდე იყო გადაჭიმული, რაც მათ წინააღმდეგ ბრძოლას აიოლებდა, რუსთა მეწინავე ნაწილებს ჩამორჩა არტილერია და სურსათი.

ბათუმის ჯგუფის პირველი ამოცანა იყო ქართული არმიის დევნა მცხეთა-გორი-სურამის მიმართულებით და სურამის უღელტეხილის დაკავება. ამავდროულად რუსული სამხედრო შენაერთები ქართველებს აფხაზეთის მიმართულებიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი უღელტეხილებიდანაც უტევდნენ, მაგრამ ქართულ არმიას მთავარი ბრძოლა თბილისიდან მომავალ მე-11 არმიასთან ელოდა. კონტრშეტევის მართებულობას გენერალი კვინიტაძე შემდეგნაირად ასაბუთებდა: «პირველ რიგში შეტევა უნდა განგვეხორციელებინა იმ მოწინააღმდეგეზე, რომელიც ამ წუთას ჩვენთვის ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენდა; ასეთი გახლდათ თბილისის მხრიდან მოახლოებული მოწინააღმდეგე. მამისონის უღელტეხილიდან და შავი ზღვის სანაპიროდან მომავალ მტერს თავისი მოქმედებები ჯერ იმდენად არ გაეშალა, რომ ხაშურში შეკრებილ ცოცხალი ძალის ბირთვს უშუალოდ დამუქრებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე პირველ ყოვლისა შეტევა თბილისის მხრიდან მოახლოებულ მტერზე განმეხორციელებინა და უკუმეგდო, ხოლო მისი მოწინავე რიგები სრულიად გამენადგურებინა”. შეტევა ასევე აამაღლებდა თბილისის დატოვებით გამოწვეულ ჯარისკაცთა მძიმე ფსოქოლოგიურ განწყობას, რაც ხშირად დეზერტირობის მიზეზი ხდებოდა.

შეტევის დაწყება გადაწყდა 4 მარტს, დილის 7 საათზე. ამ დროისთვის კვინიტაძის ძალებს შეადგენდა 6 000 ჯარისკაცი, 3 ჯავშანმატარებელი და 4 საარტილერიო ბატარეა, უახლოეს რეზერვს წარმოადგენდა ახალციხიდან მომავალი 1 500-კაციანი მე-11 ქვეითი პოლკი. ქართული რეგულარული არმიის ნაწილები გენერლების, მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის მეთაურობით განლაგდა ხაშურის აღმოსავლეთით, რათა მოწინააღმდეგისთვის ფრონტალური დარტყმა მიეყენებინა, ხოლო სახალხო გვარდიელებმა, რომელთაც მეთაურობდნენ გენერლები კონიაშვილი და ჯიჯიხია, დაიკავეს ხაშურის ჩრდილოაღმოსავლეთით არსებული გაბატონებული სიმაღლეები. გვარდიელები, რომლებიც შეტევას მაღლობიდან იწყებდნენ, თავისუფლად უნდა გასულიყვნენ რუსული ნაწილების ფლანგსა და ზურგში, რის შედეგადაც რუსული არმიის ავანგარდი, დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი სრულ ალყაში ექცეოდა.

ხაშურში განთავსდა მთავარსარდლის შტაბი და მათი დაცვა დაევალა იუნკერთა სასწავლებლის კურსანტებს. ბრძოლის დაწყებამდე კვინიტაძე მეთაურებისგან ძალების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვდა: «სამშობლოს გადარჩენისთვის მოვითხოვ ყველა უფროსებისგან ძალების უმაღლეს დაჭიმვას და უსაზღვრო სამსახურს, რათა რადაც უნდა დაგვიჯდეს, მოპირდაპირის დამარცხებას მივაღწიოთ”. ოპტიმისტურად იყო განწყობილი პოლიტიკური ხელმძღვანელობაც.

4 მარტის დილით შეტევა წარმატებით წარიმართა. სუმბათაშვილისა და მაზნიაშვილის დაჯგუფებებმა ჯერ საარტილერიო ცეცხლით დაამუშავეს მოწინააღმდეგე და შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტიც დაიკავეს. წარმატებით ვითარდებოდა შეტევა ფლანგსა და ზურგში. გვარდიელებმა მეტოქის ფლანგს შემოუარეს, თუმცა დაღამებამდე მოწინააღმდეგის ზურგში გასვლა და ალყაში მოქცევა ვერ მოხერხდა, რაშიც კვინიტაძე ბრალს გვარდიას დებს, რადგანაც გვარდიელებმა შეტევა დათქმულ დროზე საათ-ნახევრით გვიან დაიწყეს. ოპერაციის დასრულება მეორე დილისთვის გადაიდო. დაღამებისას არმიის შტაბში მსუბუქად დაჭრილი ვალიკო ჯუღელი მივიდა. მისმა დაჭრამ გვარდიის ნაწილებში არევ-დარევა გამოიწვია, თუმცა მისივე თქმით, მას მოუხერხებია გვარდიელთა დამშვიდება. გენერალური შტაბის ოფიცრები მომავალი გამარჯვების მოლოდინში ხელებს იფშვნეტდნენ, მაგრამ ამ სასიხარულო განწყობას 5 მარტის ღამის პირველ საათზე გენერალ კონიაშვილის ტელეფონის ზარმა ცივი წყალი გადაასხა. მან მთავარსარდალს უპატაკა, რომ გვარდიამ თვითნებურად, ბრძოლის გარეშე მიატოვა პოზიციები და სურამისკენ დაიხია. ახლა უკვე წინ გაჭრილი ქართული არმია ვარდებოდა ალყაში. გვარდიელთა ამ ქმედებამ, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა ბრძოლის გაგრძელება. გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე იხსენებდა ამ ამბით გულშეძრულ მთავარსარდლის მძიმე სულიერ მდგომარეობას და თვითმკვლელობის განზრახვას: «მთავარსარდალი მეტად ღელავდა. აბა, თევზაძევ, თავის მოკვლაღა დამრჩენია, არა? - მომმართა სევდიანი ხმით.

მეუღლესთან - მარიამ მაყაშვილთან ერთად

შევწუხდი ძალიან, ვგრძნობდი, რა აზრები უტრიალებდა ამ დროს თავში მთავარსარდალს“. ამ მომენტს თავის მოგონებებში ასევე იგონებდა ყოფილი იუნკერი და შემდგომში პოლონეთის არმიის ოფიცერი ნიკოლოზ მათიკაშვილი. ის სხვა იუნკრებთან ერთად რკინიგზის სადგურსა და მთავარსარდლის მატარებელს იცავდა. როდესაც მათი ცვლა დასრულდა, მთავარსარდლის ვაგონთან კონცერტი გაუმართავთ: «რა ვიცოდით, რომ სწორედ ამ დროს ასეთი ტრაგიკული და დაჭიმული მომენტი იყო მთავარსარდლის გულში. ჩვენ კი ახალგაზრდული უდარდელობით კონცერტი გვქონდა გამართული, ცეკვა-სიმღერებით მისი ფანჯრების წინ. უსათუოდ ესმოდა ეს ყველაფერი და იქნებ ამ მოვლენამ შეიტანა მის ბუნებაში ცოტაოდენი დამშვიდება და თვითმკვლელობისგან ხელი ააღებინა”.

ქართულმა არმიამ დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლა, გადაწყდა ქუთაისთან, შემდეგ კი საჯავახოს ხაზზე გამაგრება, მაგრამ მტერი უკვე ყველა მიმართულებიდან ალყაში აქცევდა არმიის ნაწილებს და ჩნდებოდა საფრთხე მთავრობისა და არმიის ტყვედ ჩავარდნისა. გადაწყდა ქვეყნიდან წასვლა.

  • ემიგრაციაში

ემიგრაციაში წამსვლელთა შორის აღმოჩნდა გიორგი კვინიტაძეც, რომელმაც პარიზში 1970 წლამდე იცოცხლა, თუმცა მისი სამხედრო კარიერა დასრულდა და გენერალი არც ერთი ქვეყნის სამხედრო სამსახურში აღარ ჩამდგარა.

მაწვნის მომზადება კვინიტაძეების შატოში, საფრანგეთში

მიუხედავად იმისა, რომ გენერალი სიფიცხითა და სიჯიუტით გამოირჩეოდა იგი წარმოუდგენლად თავმდაბალი და საოცრად პატიოსანი ადამიანი იყო, ემიგრაციაში მყოფს უკიდურესად უჭირდა თუმცა, არაფერს თაკილობდა რათა ოჯახი ერჩინა. თავდაპირველად, მუშაობა დაიწყო მასალების შენახვისა და გაცემის გამგედ ფირფიტების ქარხანაში. შემდეგ მაწვნის წარმოებასაც მიჰყო ხელი. ამ სიდუხჭირის მიუხედავად გენერლის სახლის კარი მუდამ ღია იყო ყველასთვის.

  • სტატიის მოსამზადებლად გამოყენებულია ჟურნალ „ისტორიანის“ მასალები

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

"საქართველოში ძალიან რთულია ამ ტიტულის მიღება, რადგან ძლიერი მეტოქეები უნდა დაამარცხო" - გაიცანით 16 წლის მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ოსტატის წოდება მოიპოვა

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა