ავტორი:

"ხომ არავინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო? არ მესმის, რა მოგება ნახა "ოცნებამ" - ექსპერტების შეფასება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"ხომ არავინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო? არ მესმის, რა მოგება ნახა "ოცნებამ" - ექსპერტების შეფასება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას.

"ახლა მთავარი, ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას - დღეს ქვეყანა იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეწყალებულმა გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო გუშინვე დატოვეს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები, როგორც მმართველი გუნდიდან, ასევე ოპოზიციიდან. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეაფასეს ექსპერტებმაც.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ეს არის აღიარება და კაპიტულაცია. ექსპერტის შეფასებით, მმართველი გუნდი თვითონ შევიდა ჩიხში და პოლიტიკური სუიციდით დაასრულა ყველაფერი.

"თან მარტო იმის აღიარება კი არ არის, რომ თურმე პოლიტპატიმრები ყოფილან, არამედ იმის აღიარებაც არის, რომ მთელი კვირის განმავლობაში ტყუილში გვაცხოვრეს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა, რაც სახელმწიფოებრივად თავისთავად კარგია, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ ეს გაკოტრების ტოლფასია. ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ, ფაქტობრივად, არანაირი არგუმენტი აღარ აქვს, თუ რატომ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია.

აი, რა კომენტარი უნდა გააკეთო ასეთ ქმედებაზე? თვითონ ჩაიგდეს თავიანთი თავი გამოუვალ მდგომარეობაში, თვითონ შევიდნენ ჩიხში და თითქმის, პოლიტიკური სუიციდით დაასრულეს ეს ყველაფერი. ჩვენი ხელისუფლება კუნთების თამაშს მიჩვეულია და ამ შემთხვევაში, მათი პრობლემა ოპოზიცია კი არ იყო, არამედ მათი პრობლემა იყო საერთაშორისო თანამეგობრობა. მათ დაინახეს, რომ იმ ფასის გადამხდელები არ იყვნენ, რისი გადახდაც მოუწევდათ და დანებდნენ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებულად მიიღო და ბიძინა ივანიშვილი ამის შესახებ საქმის კურსში არ იყო.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას დროულად უნდა ემოქმედა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ასეთ კრიტიკას მიიღებდა.

"ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა იმის თაობაზე, რაზეც საუბარი იყო. თუმცა, ამ დრომდე არ უნდა გაეწელათ ეს ვითარება და საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ. რაღაც ხომ უნდა გათვალო, მითუმეტეს, როდესაც წინ გამოცდილება გაქვს, რა ხდებოდა იანვარ-დეკემბერში და უფრო ადრეც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 8 მარტამდე ხომ მთელი რიგი პროცესი იყო. აქედან დასკვნები ხომ უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? კორონავირუსი მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოები სხვაგვარად ფუნქციონირებენ.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ ვინმეს ჰქონდა იმის განცდა ან გათვლა, რომ კორონავირუსის გამო, ჩვენთვის არავინ მოიცლიდა, არასწორია. აქ არ არის საუბარი მხოლოდ კორონავირუსზე და ეს არ არის ერთდღიანი, ორდღიანი თემა. საქართველოს დემოკარტიისთვის, ხვალინდელი დღისთვის ცუდი და არასწორი გათვლაა, რადგან მსოფლიოში ვითარება იცვლება, მთელი რიგი პოლიტიკური თემების გადალაგება ხდება. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში, საქართველო ხვალ და ზეგ გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთისთვის და ჩვენთვისაც უფრო მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთი, ვიდრე იყო გუშინ და არის დღეს.

აქ სხვა გლობალური პროცესები დაიწყო და ჩვენი ქვეყანა ამ პროცესში მნიშვნელოვანი რგოლია. ამიტომ, ასეთ გათვლა თუ ჰქონდათ, მცდარი გათვლაა. უბრალოდ არ მესმის, რა მოგება ნახა “ქართულმა ოცნებამ“?

იმას ხომ არავინ დაიჯერებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო.

არის ახლა საქართველოში ასეთი გულუბრყვილო ვინმე?!“,-აცხადებს ძაბირაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

ექსპერტი მამუკა არეშიძე პრეზიდენტის მიერ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა, რითაც გარკვეულწილად ოპოზიციის პატივმოყვარეობაც დაკმაყოფილდა და ხელისუფლებაც შეეცადა, სახე შეენარჩუნებინა.

"ქვეყანაში ძალიან დაიძაბა პოლიტიკური ვითარება. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისასალმებელია. გარკვეულწილად, მან კვანძის გახსნა მოინდომა. ვინ არის პოლიტიკური პატიმარი და ვინ არა, ეს დავის საგანია და ამ შემთხვევაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებას კომპრომისის გარკვეული ნიშნები ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მან მიიღო გადაწყვეტილება, ჩანს გარკვეული ნიშნებიც იმისა, რომ ხელისუფლებაც შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო. ძალიან რთულია ვინმეს დარწმუნება იმაში, რომ ეს ასე არ ყოფილა.

თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის ლიდერები თვითონ აპელირებენ პრეზიდენტის მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტს შეეძლო ეს გადაწყვეტილება ავტონომიურად მიეღო და როგორც მისი განცხადებიდან ჩანს, ასეც იყო, რათა სიტუაცია განემუხტა. სხვათა შორის, პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებაში შედის მედიატორობა და სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა, როდესაც დაინახა, რომ მდგომარეობა გართულდა, ასეთი ტიპის გადაწყველების მიღება არჩია.

გარკვეულწილად დაკმაყოფილდა ოპოზიციის პატივმოყვარეობაც და ხელისუფლებაც შეეცადა, რომ სახე შეენარჩუნებინა. ხელისუფლების სახის შენარჩუნებაა ის, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო“,-განაცხადა არეშიძემ.

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

LIVE: 360 გრადუსი - ალეკო ელისაშვილი, თინა ბოკუჩავა, ენძელა მაჭავარიანი

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება