ავტორი:

თვითნასწავლი ოსტატი ზუგდიდიდან, რომელიც ლითონისგან ბაღების ულამაზეს დეკორაციას ქმნის - "როცა შრომის შედეგს ვხედავ, დაღლა მავიწყდება"

თვითნასწავლი ოსტატი ზუგდიდიდან, რომელიც ლითონისგან ბაღების ულამაზეს დეკორაციას ქმნის - "როცა შრომის შედეგს ვხედავ, დაღლა მავიწყდება"

ეზოს გამწვანებაზე ბოლო დროს ადამიანები მეტად ზრუნავენ. გარდა ხასხასა ნარგავებისა, ეზოებში სხვადასხვა დეკორაციასა თუ კომპოზიციას შეხვდები, ასევე, რკინისგან შექმნილ დეკორატიულ ნაკეთობას, რომელიც ბაღის გასალამაზებლადაა დამზადებული. სწორედ ასეთ ნამუშვრებს ქმნის გიორგი ქირია, ახალგაზრდა ოსტატი, რომელმაც ეს საქმე 5 წლის წინ დაიწყო.

მან ჩვენთან საუბარი ასე დაიწყო: „მე ვარ გიორგი ქირია, ვცხოვრობ ზუგდიდის სოფელ ურთაში და აქვე, სახლში წამოწყებული მაქვს ჩემი პატარა საქმეც“. გიორგიმ დამოუკიდებლად ისწავლა მისთვის სრულიად უცხო ხელობა და ამისთვის თავდაუზოგავად შრომობს.

„სკოლა რომ დავამთავრე, მუშაობა საჯარო სამსახურში დავიწყე, მაგრამ იმის გამო, რომ ხელფასი საკმარისი არ იყო, საკუთარ თავში რაღაც ნიჭისა და უნარის ძიებას შევუდექი, - რა შემეძლო მეკეთებინა, რა გამომივიდოდა, რა იქნებოდა საინტერესო, ხალხსაც რომ მოსწონებოდა და რაზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი. იდეაც მომივიდა, გადავწყვიტე, მეცადა, როგორი ნამუშევარი გამომივიდოდა. რაც გავაკეთე, მომეწონა. თავიდან საკუთარ იდეებს ვახორციელებდი, რადგანაც არ ვიცოდი, საქმე საიდან დამეწყო. თან, მინდოდა, ხალხსაც ენახა ნამუშევრები, შეეფასებინათ. მქონდა გარკვეული შუალედებიც, როცა არ ვმუშაობდი, რამაც ამ ყველაფრის განვითარების საშუალება მეტად მომცა,“ - გვეუბნება გიორგი ქირია, რომელსაც ნახელავი მოუწონეს და მისი ნამუშევრებით დაინტერესდნენ, ამასთან, როგორც ხელოსანმა ნდობაც მოიპოვა. ამან სტიმული მისცა, გააქტიურდა, შეკვეთებს თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდანაც იღებდა, დაუკავშირდნენ უცხოეთიდანაც.

„ჩემს ნახელავს წვრილმან ნაკეთობებს ვუწოდებ. ძირითადად ვაკეთებ მაგიდებს, სკამებს, საყვავილეებს, ქოთნების ჩასადებებს და ბაღის გასალამაზებლად არაერთ რკინის ნივთს. დიდ მასიურ ნაკეთობებზე არ ვმუშაობ, რადგანაც როდესაც ვიწყებდი, ვიფიქრე, ამ საქმეს ისედაც ბევრი ხელოსანი ჰყავს და კონკურენტად არავის გავუხდები-მეთქი. მოკლედ, სხვა მიმართულება მოვძებნე, თან, ჩემი საქმე ცოტა იშვიათია...

- მოკლედ, ეს არის ბაღისთვის საჭირო საგნები და საჭირო დეკორაცია...

- თუკი საჭირო ყოფილა, საქორწილო დარბაზებისთვისაც მიმუშავია. დანარჩენი, როგორც აღნიშნეთ, ბაღისთვის ვქმნი სკამებს, მაგიდებს, საყვავილეებს, ქოთნების ჩასადებებს, ღვინისთვის მინიბარებს...

რაც შეეხება მასალას, ეს არის ე.წ. კატანკა (მსხვილი მავთული) „ტრუბაკვადრატი“ და არაერთი რკინის მასალა, რომელიც დასამუშავებლად მსუბუქია. ხელით ვმუშაობ, კუსტარულად დამზადებული ჩემი დანადგარები მაქვს, დიდი და მძიმე ლითონებისთვის განკუთვნილი დანადგარი არ მაქვს, შესაბამისად, რკინა ისეთია, რასაც ხელით მოვერევი. მთავარია, რომ რასაც ვაკეთებ, მაინტერესებს და ინტერესის გამო ვშრომობ.

- ასე დამოუკიდებლად, მარტომ როგორ ისწავლე არც ისე მარტივი საქმე?

- ჰო, ცოტა ცუდი მომენტი იყო, - ვისაც ამ საქმის მეტი გაეგებოდა, რომელსაც ჩემს ნამუშვრებს ვაჩვენებდი, შენიშვნებს მომცემდა, ასეთი ვერავინ ვიპოვე. ვინც იცოდა, იმასაც მაინცდამაინც არ მოუნდომებია, რაიმე ესწავლებინა, მიმართულება მოეცა. მოკლედ, ყველაფერი ჩემს თავში თვითონ დავალაგე, დავამუშავე, მოვიძიე. თავიდან არ ვიცოდი, რომელი ნაკეთობა რა მასალისგან უნდა გამეკეთებინა, მასალებსაც ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებდი, ზომებშიც ვერ ვერკვეოდი.

ამ საქმის შესახებ ინტერნეტში სხვადასხვა ვიდეო არსებობს, რომელთა ყურება ძალიან დამეხმარა. მოკლედ, ნელ-ნელა, წვალებით მოვაგროვე საჭირო ცოდნა და ინფორმაცია. შედუღებაც ჩემით ვისწავლე, არც ეგ ვიცოდი, - წარმოდგენა არ მქონდა, რკინა რკინაზე როგორ დამედუღებინა, მაგრამ აუცილებლობამ მოითხოვა და შევძელი.

- ერთ ნამუშევარზე რამდენ ხანს მუშაობ?

- თვითონ კონსტრუქციასაც გაჩნია, ფორმები რამდენად დატვირთულია, რა ზომისაა. სადღაც 2-3 დღის ვადაში ვასრულებ მაგიდას და ოთხ სკამს.

- სახელოსნო გაქვს?

- მაქვს ადგილი, სადაც ვმუშაობ, რასაც სახელოსნოს ვერ დავარქმევ. არ არის ისეთი, ვიღაცას რომ აჩვენო, მაგრამ სამუშაოდ ჯერ სხვა ადგილი არ მაქვს.

- სამეგრელოში საოცრად მოვლილი ეზოები აქვთ, საკუთარი ეზოსთვის რაიმე თუ შეგიქმნია?

- მარადმწვანე მცენარეები მიყვარს და მაქვს კიდეც ეზოში, არ არის ცუდი ეზო, მაგრამ ჩემი ნაკეთობებით ის ჯერჯერობით არ გამილამაზებია. საკუთარი თავისთვის ვერ მოვიცალე... თავიდანვე ასე აეწყო - თან ვსწავლობდი და ვმუშაობდი, დრო არ მქონდა იმისთვის, რომ ჯერ მესწავლა და მერე მემემუშავა. სხვის შეკვეთებზე რომ მუშაობ, ადამიანი გელოდება, იმ დროს უფლება არ გაქვს, საკუთარ ეზოზე იფიქრო.

ახლა ჩემს ძველ ნამუშევრებს რომ ვუყურებ, მეცინება, მაგრამ საქმეში წინსვლა იმ ნაკეთობებმა მომიტანა, თუმცა თავის დროზე მომწონდა კიდეც.

- ამ ყველაფერს ემოციურად რა დატვირთვა აქვს შენთვის?

- უპირველესად, საყვარელი საქმეა და მერე შემოსავლის წყარო. დამღლელიცაა, მაგრამ როდესაც შრომის შედეგს ვხედავ, იმ დაღლას არად მივიჩნევ, მავიწყდება. მქონია ისეთი მომენტებიც, რომ აღარ შემიძლია, უნდა გავჩერდე, მეორე დღეს გათენებულა და ერთი სული მქონია, როდის დავიწყებდი ახალს.

კარანტინის პერიოდში ცოტა შევფერხდი, მაგრამ მაინც რაღაცებს ვაკეთებდი, რომ საქმე წინ წამეწია... მოკლედ, თუ საქმე არ გიყვარს, მისი კეთება იმის გამო, რომ შემოსავლი მოაქვს, რთულია, ხარისხიანადაც არ გამოგივა. როცა საყვარელ საქმეს აკთებ, რომელსაც შემოსავალიც მოაქვს, საინტერესო და სასიამოვნოა.

- შენი გამოცდილებიდან სხვებს რას ეტყოდი?

- გამოცდილებას რაც შეეხება, თავიდან ნებისმიერი საქმის დაწყება ძნელია, რთული პერიოდებია გასავლელი. არის მომენტები, როცა შეიძლება ხელი ჩაიქნიო, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა იპოვო რწმენა, მიზანი აუცილებლად უნდა გქონდეს. ასევე უნდა იპოვო მიზანთან მისასვლელი გზაც. ნებისმიერი საქმეს, რაც უნდა გააკეთო, შრომა სჭირდება. თუ არ გაჩერდები, გამოგივა და შედეგს მიაღწევ, არ უნდა დანებდე, მიზნისთვის უნდა იბრძოლო!

- სამომავლოდ როგორ წარმოგიდგენია საკუთარი საქმიანობა?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში პირველი არ ვარ და ამ საქმეს ჩემამდეც ბევრი აკეთებდა და აკეთებს, მე ჩემი მომხმარებელი საკმაოდ მყავს. ადამიანები ერთმანეთის რეკომენდაციით მოდიან. შესაბამისად, ვფიქობ, რომ როგორც კი საშუალება მომეცემა, სამუშაოდ დიდი ფართი მქონდეს, შეკვეთებიც მოიმატებს. საქმიანობითაც წინ წავალ, საქმეს მეტად მრავალფეროვანს გავხდი. იდეები მაქვს და საქმის გაფართოების პერსპექტივაც არსებობს.

- ამ მშვენიერ ნამუშვრებს რომ ქმნი, თუ ხატავ?

- ხატვა კარგად არ გამომდის, ალბათ ამ სფეროში ერთადერთი ვარ, ვინც ზოგადად ამ ხეოვნების ნიმუშებს აკეთებს და ხატვა არ შეუძლია. ვინმემ რომ მითხრას, რამე დამიხატეო, მირჩევნია, რკინის ნაკეთობით ავუხსნა, ვიდრე დავხატო.

სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობდით და სულ ეს გამონათვამი მახსენდება, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ბრენდს ჰქონდა გამოყენებული - „იარე ნელა, მაგრამ არასდროს უკან“ და ეს ფრაზა ჩემად გავიხადე. წინ ასე ნელ-ნელა მივდივარ მეც.

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

ნელი აგირბას "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობისგან მესამე შვილი შეეძინა (ფოტო)

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა