ავტორი:

ქართველი ავტორების 3 ახალი წიგნი უკვე „ბიბლუსის“ მაღაზიათა თაროებზე

ქართველი ავტორების 3 ახალი წიგნი უკვე „ბიბლუსის“ მაღაზიათა თაროებზე

„ბიბლუსის“ მაღაზიები გაიხსნა და მკითხველს უკვე აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მისთვის სასურველ ახალ ლიტერატურას. მათ შორის, იმ ახალ გამოცემებსაც, რომლის შეძენაც, ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარების გამო, ვერ ხერხდებოდა.

გთავაზობთ ქართველი ავტორების სამ ახალ წიგნს, რომლებიც, შესაძლოა, მხედველობიდან გამოგრჩათ:

ელის დოჯსონი - „ამ მთისა და იმ ბარისა“

ელის დოჯსონი, ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ ფარგლებში, ჟიურის რჩეული გახდა.

„ამ მთისა და იმ ბარისა“ ელისის რიგით მესამე რომანია.

„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს სხვა თვალით დაანახვებს, თუნდაც, მის „ტოქსიკურ“ ურთიერთობებსა და საკუთარ თავს“, - ელის დოჯსონი.

სიყვარულში იმედგაცრუებული ახალგაზრდა ქალი დიდ ტკივილსა და დიდი ქალაქის აურზაურს მთაში გაურბის, სადაც უჩვეულო სიწყნარეს, სილამაზეს და მიტოვებული სოფლის ლანდებს აფარებს თავს. სწორედ აქ, მითებისა და ლეგენდების საუფლოში, მისტიკისა და რეალობის, წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე, აღათოს ამბებში პოულობს შვებას, საკუთარ თავს და დიდ სიყვარულს...

წიგნში ავტორი ხევსურულ დიალექტს იყენებს, ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა.

„ელის დოჯსონის ამ ნაწარმოებმა ჩემს ხელში გაიარა და შესანიშნავი წიგნია. ავტორის წერის მანერა და აზროვნება აბსოლუტურად განსხვავებულია, ორიგინალურია, არ არის მასობრივი და ჩვეულებრივი, ყოველდღიური. ჩვენ ძალიან კარგ ნაწარმოებთან გველის შეხვედრა, წიგნთან, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და ახლებურად, სხვანაირად ჩაგვახედებს“, - ამირან არაბული.

მარიამ ხუცურაული - „მარილი გემოვნებით“

მარიამ ხუცურაულის ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში“ 2009 წელს და მას შემდეგ მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭედება საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს შვიდი პოეტური და პროზაული კრებული.

მარიამ ხუცურაულმა 2011 წელს დააარსა პოეტ ქალთა ლიტერატული კონკურსი „ხვარამზეობა“ და მას შემდეგ არის მისი უცვლელი ორგანიზატორი.

მის ახალ წიგნში „მარილი გემოვნებით“ (ბებოს ნამზითვი ქვაბის ამბები) შეხვდებით “პილპილ-მარილით” გემრიელად შეზავებულ ამბებს მამულის სიყვარულზე, დედაშვილობაზე, დაძმობაზე, მეგობრობაზე, ნათესაობაზე, ნაცნობობასა და მეზობლობაზე. აქ არის ამბები საქართველოზე... და იმაზე, რომ ყველაზე გემრიელი კერძები ოჯახში მზადდება.

„მარილი გემოვნებით“ უჩვეულო წიგნია - ბავშვობის ტკბილი მოგონებებით, სასაცილო თუ სევდიანი ისტორიებითა და გემრიელი რეცეპტებით შეზავებული წიგნი, რომელიც ერთი დიდი და მეგობრული სანათესაოს შესახებ მოგვითხრობს. რეალური ამბები, ნამდვილი პერსონაჟები, თხრობის მანერა, რომელსაც მსუბუქად დაჰკრავს ფშაური დიალექტისთვის დამახასიათებელი შტრიხები, წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს. და, რაც მთავარია, „მარილი გემოვნებით“ ნამდვილი საგანძურია კულინარიის მოყვარულთათვის, რადგან ყველა ამბავი ამა თუ იმ გემრიელ, ძირძველ, ტრადიციულ ქართულ კერძს უკავშირდება და მათი მომზადების საიდუმლოსაც გვიმხელს“, - ირმა იანტბელიძე, რედაქტორი.

ლალი მოროშკინა - „სამი დღე ვაქცინამდე“

პროფესორისა და მწერალ ლალი მოროშკინას წიგნის „სამი დღე ვაქცინამდე“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში შეძენა უკვე შესაძლებელია.

მსოფლიოს ახალი გადანაწილება, სატახტო თამაშები, პოლიტიკური ინტრიგები, დახურული სამეცნიერო ლაბორატორიები, გენმოდიფიცირებული ადამიანები, ვირუსული ეპიდემია და რა თქმა უნდა, სიყვარული, ლალი მოროშკინას პოლიტიკურ რომანში "სამი დღე ვაქცინამდე".

„მე დიდი ხანია ვმუშაობ გასაიდუმლოებული ლაბორატორიების თემატიკაზე, გენეტიკოსის შვილი ვარ და შესაბამისად დიდი ინფორმაცია მაქვს. ეს მასალები მზადდებოდა და ახლა ტრილოგიად გამოიცემა. დღეს რაც მსოფლიოში ხდება ბიოლოგიური ომია, გავლენების გადანაწილების თემაზე. აქ მთავარი მოთამაშეები ამერიკელები და ბრიტანელები არიან. მე რომანს მხატვრული სახე მივეცი, მაგრამ ფაქტები უტყუარია.

ვფიქრობ, მალევე გამოვცემ მეორე და მესამე ნაწილს. მთავარია გავაცნობიეროთ, რომ რეალურად ეს ბაქტეტიოლოგიური ომია და არ დავმარცხდეთ ამ ომში! საქართველოს გადარჩენის ყველა შანსი აქვს“, - პროფესორი, PRტექნოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამესამე თავი)

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეორე თავი)

5 აუდიოწიგნი, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგეხმარებათ