ავტორი:

"ვურჩევ მშობლებს, წელს თავი შეიკავონ ბავშვების ზღვაზე წაყვანისგან" - COVID-19-ის ახალი სიმპტომები და პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

"ვურჩევ მშობლებს, წელს თავი შეიკავონ ბავშვების ზღვაზე წაყვანისგან" - COVID-19-ის ახალი სიმპტომები და პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

გავრცელებული მოსაზრება, რომ კორონავირუსი ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევა, შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, COVID-19-ს ბავშვებში ახალი და რთული გამოვლინებები დაემატა და არის ლეტალური შემთხვევებიც.

რა ვითარებაა ამ ეტაპზე ბავშვების კორონავირუსით ინფიცირების თვალსაზრისით მსოფლიოსა და საქართველოში - AMBEBI.GE-მ შეკითხვებით ცნობილ პედიატრს, ინგა მამუჩიშვილს მიმართა.

- რა შეიცვალა ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების თავისებურებების მიმართულებით ბოლო პერიოდში?

- მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბავშვების მიმართ ვირუსი დამნდობი იყო. საბედნიეროდ, საქართველოში ახლაც ასეა. გვყავს ძალიან მცირე რაოდენობის ინფიცირებული ბავშვი და მათში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. ისეთი გამოვლინებებით, როგორიცაა: ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ბრონქიტი, არის პნევმონიების შემთხვევებიც, მაგრამ ინტენსიურ თერაპიას მაინც არ საჭიროებენ ასეთი პაციენტები ჩვენთან. იყო ნაწლავური ინფექციის მცირე შემთხვევებიც.

თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით მთელ მსოფლიოზე. ამ მხრივ ვითარება შეიცვალა, გაიზარდა ლეტალობის შემთხვევებიც.

- რა ახალი გამოვლინებები დაემატა კორონავირუსს ბავშვებში და რამდენად საშიშია ისინი?

- ბოლო მონაცემებით აშშ-ში 100-მდე ბავშვს, ევროპაში ათეულობით ბავშვს, კორონავირუსის ახალი და რთული გამოვლინენები აღმოაჩნდათ. კორონავირუსმა გამოიწვია ე.წ. არასრული კავასაკის დაავადება. კორონავირუსი გამოვლინდა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, მაგრამ არასრულად. კავასაკის დაავადება არის ვირუსულ-ბაქტერიული ინფექცია, საკმაოდ მძიმე დაავადება და მისი გამომწვევებია სხვადასხვა ტიპის ვირუსები: ენტეროვირუსი, გრიპის ვირუსი, ადენოვირუსები...

ეს დაავადება იშვიათად ვლინდება ხუთ თვემდე ასაკის ბავშვებში. იგი აზიანებს სისხლძარღვებს, მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, გამონაყარი, ტერფებისა და ხელების შეშუპება, სტომატიტები, ტუჩების გამოშრობა, დასკდომა, ლიმფური ჯირკვლების გადიდება და ა.შ. "კავასაკის დაავადებას" საკმაოდ მაღალი ლეტალობა გააჩნია.

ზოგადად, COVID-19-ს ახასიათებს მიკროტრომბების წარმოქმნა, მოზრდილებში ძალიან ხშირი იყო მიკროტრომბებით და ტრომბებით გარდაცვალების შემთხვევები, რაც კორონავირუსისგან არის გამოწვეული. სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები უფრო მოწყვლადები არიან. "კავასაკის დაავადებაც" სწორედ ამ სისხლძარღვებს აზიანებს. მან გამოიწვია სისტემური დაავადებები მთელ ორგანიზმში, გამოიწვია შოკი და სწორედ ეს დაავადება იყო მაღალი ლეტალობის გამომწვევი ბავშვებში, კორონავირუსის დროს.

ამის გარდა, გუშინ მესაუბრნენ იტალიიდან ერთ ახალ და საინტერესო გამოვლინებაზე, რაც საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა. კორონავირუსის გამო, იტალიაში ბავშვებს დიარეასთან ერთად განუვითარდათ კუჭში გასვლის ცრუ მოთხოვნილებები. როდესაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ზოგადად კარგად გრძნობდა თავს, ცოტა სისუსტე ჰქონდა განვითარებული, რადგან სითხეს კარგავდა. სამი დღე მკურნალობდნენ დიზენტერიაზე, მეოთხე დღეს ჩაუტარეს ტესტი კორონავირუსზე და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ეს იყო კორონავირუსის ახალი გამოვლინება.

გაოცებული ვარ ამ აღმოჩენით. აქამდეც დიარეა ითვლებოდა კორონავირუსის სიმპტომად, მაგრამ ეს ხშირი ცრუ გაჭინთვები, მცირე რაოდენობით ლორწოს გამოყოფით, აქამდე უცნობი იყო და ნამდვილად გასაკვირია. ასევე, ახალი გამოვლინებაა კონიუქტივიტი, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება

ამდენად, ბავშვებში კორონავირუსი ატიპიურად მიმდინარეობს, ამიტომ ნებისმიერი გამოვლინების დროს, რაც არ უნდა იყოს ეს, პირველ რიგში ტესტი უნდა გაკეთდეს კორონავირუსზე, რადგან ჩვენ არ ვიცნობთ ამ ინფექციას, მას ემატება ახალ-ახალი გამოვლინებები და ნებისმიერი სახით შეიძლება მოგვევლინოს.

- ისევ შეგვიძლია თუ არა ცალსახად ვთქვათ, რომ კორონავირუსი ბავშვების მიმართ ლოიალურია?

- ეს ძალიან თამამად შეგვიძლია ვთქვათ საქართველოზე, მაგრამ არა მთელ მსოფლიოზე. საერთოდაც, მინდა ხაზი გავუსვა, ერთ ცოტათი უცნაურ და შესასწავლ საკითხს, მაგრამ რეალობას - რომ კორონავირუსი ქართველების მიმართ არის ლოიალური, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საინტერესო ფენომენია, რატომ წავიდა საქართველოში კორონავირუსი ძალიან მარტივი მიმდინარეობით? ჩვენ გვეშინოდა ლოჯისტიკის ჩამოშლის, სამედიცინო სექტორის კოლაფსის, მაგრამ ასე არ მოხდა.

ჯერ ვერ დავასახელებ სახელსა და გვარებს, მაგრამ ძალიან გავლენიანმა ქართველმა მეცნიერებმა დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა, რატომ არის კორონავირუსი ქართველების მიმართ ასე ვთქვათ, დამნდობი. ჩატარდება სერიოზული კვლევები, აშშ-ში უკვე დაწყებულია. ფაქტია, რომ ქართველები იშვიათად ავადდებიან კორონავირუსით და თუ ავადდებიან, ლეტალური გამოსავალი არის ძალიან დაბალი.

- რას უკავშირდება ის, რომ ვერაგი ვირუსი ბავშვების მიმართ შედარებით ლოიალურია?

- ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს, მე უფრო იქეთკენ ვიხრები, რომ ჩვენი ბავშვები ხშირად ავადობდნენ, რის გამოც მათ შეიძინეს იმუნიტეტი. ბავშვმა უნდა იავადოს გარკვეული პერიოდულობით, რათა გამოიმუშაოს იმუნიტეტი, სხვანაირად ეს არ მოხდება. იმუნიტეტის შეძენა ხდება - ვირუსული დაავადებებით, ხშირი ავადობით და ვაქცინაციით.

მეორე მოსაზრებით, ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითრებული ის რეცეპტორები, რომლებსაც კორონავირუსები ორგანიზმში შესაჭრელად იყენებენ, ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე კალენდარული ვაქცინაცია, იქნება ეს წითელა თუ სხვა, ჯვარედინ მოქმედებაშია კორონავირუსთან და ასუსტებს მას. კიდევ ერთი - ჩვენი ბავშვები ქრონიკული დაავადებებით ნაკლებად ავადობენ, მათი ორგანიზმი არ არის გადაღლილი ქრონიკული დაავადებებით და არის უფრო ძლიერი.

- ზაფხული მოდის და მშობლებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ სად წაიყვანონ შვილები დასასვენებლად. თქვენ რას ურჩევდით - მთას, ზღვას თუ ბარს?

- გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ბავშვის წაყვანა დამტვერვის პერიოდში სხვადასხვა კურორტზე აუცილებელია. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ დამტვერვის პროცესი ბავშვისთვის სასარგებლოა. პირიქით, შეიძლება მან ალერგიული დაავადებებიც გამოიწვიოს. ამიტომ, მე მაინცდამინც არ ვურჩევდი მშობლებს ბავშვი ასეთ კურორტებზე წაიყვანონ.

ზოგადად, არ არის აუცილებელი წახვიდეთ ძვირადღირებულ და ფეშენებელურ კურორტებზე. ნებისმიერი რაიონი, ან სოფელი, სადაც უფრო მეტი რეკრეაციული გარემოა, ღია სივრცეა, მწვანე ბალახია და მეტ-ნაკლებად სუფთა ჰაერი, ბავშვისთვის სასარგებლოა.

მე მაინც ვურჩევ მშობლებს, რომ თავი შეიკავონ წელს ბავშვების ზღვაზე წაყვანისგან

ახლა ტემპერატურის მატებასთან ერთად კორონავირუსი დასუსტება და უკან დაიხევს, ასევე დადგენილია, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მოერიდონ ზღავზე წასვლას, რადგან იქ ხალხმრავლობაა და წესების დაცვა გაჭირდება. უფრო სოფლებს და რაიონებს მიაშურონ, რათა ბავშვმა გაილაღოს, ითამაშოს და ენერგია დახარჯოს.

ყოველდღიურად მირეკავენ მშობლები და მეუბნებიან, რომ მათ შვილებს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის გამო ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა შევუცვალოთ მათ გარემო და რეკრეაციულ სივრცეებში გავიყვანოთ.

- შემოდგომიდან კორონავირუსის მეორე ტალღას პროგნოზირებენ. ამ ფონზე, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ პირველ სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება?

- ვფიქრობ, რომ სექტემბერში სკოლები დაიწყება და უნდა დაიწყოს. თუმცა, უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ პარალელურად მოიმატებს ბავშვთა დაინფიცირების შემთხვევები, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ბევრი ბავშვის ერთად ყოფნა, რაც არ უნდა ნიავდებოდეს, ჯერჯერობით მაინც საფრთხის შემცველია.

შემოდგომისთვის ველოდებით ვირუსის მეორე ტალღას და შემდგომი ტალღები აუცილებლად იქნება. აუცილებლად იქნება მეორე ტალღა და მეშინია, მუტაცია არ განიცადოს, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ მომდევნო ტალღები უფრო ნაკლებად საზიანო იქნება. ამიტომ, უნდა ვიყოთ ყურადღებით, ახლა რა მოცემულობაც გვაქვს, თუ ასე გაგრძელდა, მაშინ სექტემბერში სწავლა უნდა დაიწყოს, თუ რაიმე განსაკუთრებულად არ განვითარდა შემთხვევები და თუ ჩვენ დავიცავთ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად წესებს.

მე ვნახე ძალიან ცუდი შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები არ ერიდებიან ერთმანეთის გადაკოცნას, ერთი ბოთლიდან სვამენ და უნიღბოდ, უდისტანციოდ დადიან. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ვითარების გაუარესებას. ამბობენ, რომ რაიონებში ისე იქცევიან, თითქოს ვირუსი საერთოდ არ არსებობდეს, მართალია, ბევრგან არ არის გავრცელებული კორონავირუსი, მაგრამ ეს მაინც არ არის სწორი. არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს, ვის შეიძლება ესტუმროს და როგორი სახით კორონავირუსი.

ამიტომ არ გადავკოცნოთ ერთმანეთი, არ ჩამოვართვათ ხელი, დავიცვათ დისტანცია და ძალიან ხშირად ვიბანოთ ხელები 20 წამის განმავლობაში. ეს წესები გარკვეული პერიოდი უნდა შევინარჩუნოთ და დაველოდოთ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას!

ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება

აჭარა "მწვანე ზონაა" - რეგიონში ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი განიკურნა

"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე