ავტორი:

უცნობი დაავადება ბავშვებში, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში - ამ სენით ნიუ-იორკში 3 მოზარდი გარდაიცვალა

უცნობი დაავადება ბავშვებში, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში - ამ სენით ნიუ-იორკში 3 მოზარდი გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის წარმომადგენლების ცნობით, ბრიტანელ ბავშვებში აღმოაჩინეს დაავადების იშვიათი, სახიფათო სინდრომი, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში. ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანელი ექიმები ავრცელებენ გამაფრთხილებელ შეტყობინებას, სადაც ნათქვამია, რომ ლონდონის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და ასევე, გაერთიანებული სამეფოს სხვა კლინიკებში მკურნალობენ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს, უჩვეულო სიმპტომებით.

BBC-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ბავშვებს უვლინდებათ მულტისისტემური ანთება გრიპის მსგავსი სიმპტომებით. ამ ბავშვების ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა. უცნობია, თუ რამდენ მათგანში გამოვლინდა უჩვეულო სიმპტომები, მაგრამ როგორც გამოცემა მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, მათი რაოდენობა ბევრი არ არის.

ეროვნული ჯანდაცვის სერვისში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს და ექსპერტებს ყველა შემთხვევის განხილვა და შესწავლა სთხოვეს.

"მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ჩვენ მედიკოსების მოხსენებები ვნახეთ და ვთხოვეთ ექსპერტებს, დაუყოვნებლივ განიხილონ ყოველივე“, - ამბობს ეროვნული ჯანდაცვის სერვისის სამედიცინო დირექტორი, სტივენ პაუსი.

ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბავშვებში გამოვლენილი უჩვეულო სინდრომი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კორონავირუსთან, ან შეიძლება არსებობდეს ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებული ინფექცია, რომელიც ასევე COVID-19-თან არის კავშირში.

BBC დეტალურად წერს იმ სიმპტომებზე, რომლებიც ბავშვებში გამოვლინდა.

"ამ მოზარდი პაციენტების მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, გამოუვლინდათ ტოქსიკური შოკის მსგავსი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, დაბალი არტერიული წნევა, გამონაყარი და სუნთქვის გაძნელება.

ზოგიერთს აღენიშნებოდა სხვადასხვა გასტრო პრობლემები - მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა. სისხლის პათოლოგიურმა გამოკვლევამაც უჩვეულო შედეგი აჩვენა“, - ნათქვამია სტატიაში.

ექიმი ნაზიმა პათანი, კემბრიჯის ინტენსიური თერაპიის განყოფილების კონსულტანტი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებზე საუბრობენ ესპანელი და იტალიელი კოლეგებიც.

"ისინი ამბობენ, რომ ზოგიერთ ბავშვს ჰქონდა სეპტიკური შოკის ტიპის დაავადება და გამონაყარი, ასევე ისეთი სიმპტომები, როგორსაც ვხედავთ ტოქსიკური შოკის სინდრომის დროს და კავასაკის დაავადებებში (კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ზომის არტერიებს).

საერთო ჯამში, ბავშვის ორგანიზმი უფრო მდგრადია ფილტვების სერიოზული ანთების მიმართ, რომელსაც კორონავირუსი იწვევს“, - ამბობს ნაზიმა პათანი.

ამასთან, როგორ "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, ნიუ იორკში 3 ბავშვი გარდაიცვალა დაავადებით, რომელიც, შესაძლოა, კორონავირუსს უკავშირდებოდეს. ამ უჩვეულო დაავადებით ინფიცირებულია 73 ბავშვი. გამოცემის ცნობით, ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის კლინიკებში შეჰყავდათ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი, ან სისხლში კორონავირუსის ანტისხეულები ჰქონდათ. ამ შემთხვევაში, ამერიკელი ექიმები ბრიტანელი მედიკოსების მსგავსად, კავასაკის დაავადების სიმპტომებზე საუბრობენ.

ექსპერტები იძლევიან გაფრთხილებას, რომ ასეთ შემთხვევებს გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება. ასევე, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით მძიმედ ძალიან ცოტა ბავშვი ავადდება და COVID-19 მათ ყველაზე ნაკლებად ეხება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

ორთვიანი კარანტინის შემდეგ მაღაზიაში ტყავის საქონელი დაობდა - მალაიზიაში გადაღებულ ფოტოებს ათი ათასობით გაზიარება აქვს

ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს