ავტორი:

"კანონიერი ქურდები" პრეზიდენტის წინააღმდეგ - რატომ უჩივლეს სალომე ზურაბიშვილს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა

"კანონიერი ქურდები" პრეზიდენტის წინააღმდეგ - რატომ უჩივლეს სალომე ზურაბიშვილს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა

ახლახან რამდენიმე "კანონიერმა ქურდმა" საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც არაერთ კრიმინალურ ავტორიტეტს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის გამო მათ სხვა ქვეყნებში გამგზავრება ეზღუდებათ, უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში კი მათი დეპორტაცია საქართველოში ვეღარ მოხდება. ლაპარაკია იმ კანონიერ ქურდებზე, რომლებიც 2013-18 წლებში საქართველოს სასამართლოებმა უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მათ ქვეყანა მაინც დაატოვებინეს. ამ პირთა უმეტესობა სხვა ქვეყნებში ყალბი დოკუმენტებით რამდენჯერმე დააკავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს საქართველოს ოფიციალურად აცნობეს, პრეზიდენტმა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა გადაწყვიტა.

"ეს ხალხი ჰაერში გამოკიდეს"

თამარ აბესაძე, ილია სამსონიას ("ილო ოზურგეტსკი") ადვოკატი:

- პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ პირებს უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, თან ისე, რომ არც გადამოწმებულა, ჰქონდათ თუ არა მათ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. დღეს ისინი არც ერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ ითვლებიან. ეს ხალხი ჰაერში გამოკიდეს. როცა მოქალაქეობის წართმევას აპირებ, დეტალურად უნდა მოიძიო ინფორმაცია და ახსნა, რატომ ართმევ ადამიანს მოქალაქეობას. ამის საფუძველი შეიძლება ის გახდეს, თუ მან რომელიმე ქვეყანას მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართა.

მოსარჩელეები თვლიან, რომ პრეზიდენტს დამოუკიდებლად არ მიუღია გადაწყვეტილება და ეს სამართალდამცავი ორგანოების სქემაა, რათა ისინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ და ქვეყანაში შემოსვლა ვეღარ მოახერხონ. მოითხოვენ, პრეზიდენტმა გააუქმოს უკანონო ბრძანებულება, რომელმაც მათ უფლება აჰყარა და რის საფუძველზეც არც ერთ ქვეყანაში არ დაედგომებათ.

"ეს რაღაც ხრიკია ან ვიღაცამ წააქეზა პრეზიდენტი"

გიორგი ღლონტი, საერთაშორისო კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი:

- არასოდეს მსმენია, ქურდებს სასამართლოსთვის მიემართოთ უფლებების აღსადგენად. მათთვის მოქალაქეობის ქონა-არქონა არა მგონია დიდ პრობლემას წარმოადგენდეს, რადგან სადაც ცხოვრობდნენ, სხვა ქვეყნებში, ბევრ მათგანს ჰქონდა მოქალაქეობა, ან რაღაც საბუთი, რომელიც აძლევდა იქ ყოფნის საშუალებას. ისიც გაუგებარია, რისთვის ჩამოართვეს...

ეს ხალხი დიდი ხანია არ ცხოვრობს საქართველოში და დაბრუნებასაც არ აპირებს, რადგან ჩვენი კანონმდებლობით "კანონიერი ქურდობა", მკაცრად ისჯება. მათი დაბრუნება არა მგონია ახლა მათთვის უსაფრთხო იყოს. აქედან გამომდინარე, ეს რაღაც ხრიკია ან ვიღაცამ წააქეზა პრეზიდენტი.

- თვითონაც აცხადებენ, პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღიაო...

- პრეზიდენტს აქვს ამის უფლება - ამას ფართო დისკრეცია ჰქვია და გადაწყვეტილების დასაბუთებას არავინ მოსთხოვს. ერთი მხრივ, "კანონიერი ქურდობა", როგორც ინსტიტუტი, მათ არ ართმევს მოქალაქეობის უფლებას, მეორე მხრივ, სასამართლოს მეშვეობით ამ საკითხის გარკვევა ტრაგიკომიკურად მეჩვენება. ისიც საკითხავია, მათი უფლებები რამდენად დაკნინებული იქნება, რა პირობებში ცხოვრობდნენ, ან სად უნდოდათ გადაადგილება, ან როგორ უკეთებდნენ ლეგალიზაციას დოკუმენტებს, როცა წლებია საქართველოში არ ყოფილან და საბუთები განახლებას ითხოვს. რადგან აქტი შედგა, "კანონიერმა ქურდებმა" საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ. ეს კაზუისტიკაა, ასეთი რამ არ გამიგონია და შეიძლება პრეცედენტი გახდეს.

- შეიძლება ეს ყველაფერი არჩევნებთან იყოს დაკავშირებული?

- არა მგონია, "კანონიერმა ქურდებმა", რომლებსაც წლებია საქართველოში არ უცხოვრიათ, დისტანციურად შეძლონ აქ რაიმე გავლენის მოხდენა. ჩემი აზრით, პოლიტიკური ვითარება ხელოვნურად იძაბება და არც ის მგონია, რომ "კანონიერმა ქურდებმა" საჩივრის შეტანა თავად მოიფიქრეს. ეს ორგანიზებულს ჰგავს და შესაძლოა ყველაფერი ოპოზიციის ხელდასხმითაც ხდება. ოპოზიციამ ისედაც დიდი დრო დაკარგა კორონავირუსის გამო, მათი მუხტი, ცოტა არ იყოს, განელდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც საქართველო წარმატებით ებრძვის პანდემიას. 5-6 თვეში არჩევნები იქნება და ცდილობენ დაძაბონ ვითარება. წაიკითხეთ სრულად

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

LIVE: 360 გრადუსი - ალეკო ელისაშვილი, თინა ბოკუჩავა, ენძელა მაჭავარიანი

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება