ავტორი:

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, სოხუმის "მერის" მოადგილედ ავთანდილ სურმანიძე დანიშნა. თანამშრომლებს ის სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ წარუდგინა.

"ეს არის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, კომუნალურ მეურნეობაში მუშაობის კარგი პრაქტიკა აქვს, არის ომის ვეტერანი, წესიერი და პატიოსანი ადამიანი. იმედია, მასთან ერთად ეფექტურად ვიმუშავებთ" - განაცხადა ეშბამ სურმანიძის წარდგენისას.

ახლადდანიშნულმა მოადგილემ აფხაზურად მიმართა თანამშრომლებს:

"მე ბევრი რამ ვიცი ადმინისტრაციის შესახებ, ვმუშაობდი თქვენთან ერთად. თუ ყველა სტრუქტურა გამართულად იმუშავებს, ქალაქს ეს ძალიან წაადგება. სოხუმი აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს საცხოვრებლად. იმედი მაქვს, თქვენს ნდობას გავამართლებ" - განაცხადა სურმანიძემ. წარდგენის ვიდეო სოხუმის ადმინისტრაციის "ფეისბუქზე" განთავსდა.

ქართული გვარის მქონე მაღალჩინოსნის დანიშვნამ აფხაზურ წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მაინც ვინ არის ავთანდილ სურმანიძე? - როგორც წერენ, მას მხოლოდ გვარი აქვს ქართული, სხვა მხრივ, თუნდაც “აფხაზეთის დამოუკიდებლობაში” დიდი წვლილი მიუძღვის...

ავთანდილ სურმანიძე 1967 წლის 11 ნოემბერს დაიბადა. 1984 წელს მოქვის #2 სკოლა დაამთავრა. 1986-1988 წლებში საბჭოთა სავალდებულო არმიაში მსახურობდა. 90-იან წლების ომის დროს, ის აფხაზურ მხარეს, ე.წ. აღმოსავლეთის ფრონტზე, "Каскад"-ის დაჯგუფებაში იბრძოდა.

1999 წელს, ბაშკირიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისტის სპეციალობით დაამთავრა. აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის კოდორის ხეობის სამხედრო მოქმდებებში. 2010-2014 წლებში სოხუმის “ადმინისტრაციაში” მუშაობდა.

გასულ კვირას, აფხაზეთში ადგილობრივი "მოსამართლე" ჯემალ გოგია მხოლოდ იმიტომ არ აირჩიეს, რომ მას ქართველი ნათესავები ჰყავს. ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მისი კანდიდატურის განხილვისას, "საქართველოში მცხოვრებ ნათესავებზე ჰკითხეს, რის შემდეგაც მისი პერსონა დაბლოკეს". შესაბამისად, სურმანიძის ქართულმა გვარმა ადგილობრივებში კითხვის ნიშნები გააჩინა, თუმცა, მისი წარსულის გაგების შემდეგ, უკმაყოფილების მუხტი თითქოს ჩაცხრა.

"ანქვაბი-ბჟანიას გუნდი ცდილობს ხაჯიმბას დროს ქართველებზე არსებული ზეწოლის დაბალანსებას... მეორეს მხრივ, გვეუბნებიან - ქართველებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომ ამ პოზიციებზე იმუშაონო. მინდა მჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების, მაგრამ თუ ეს გამბედაობა კრიმინალებთან ბრძოლაშიც გამოიხატება, დავიჯერებ მათ ობიექტურობას..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი რეზო ნანბა.

"ყველა ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა. მთავარია, სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს ადამიანი და რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! თან მხოლოდ გვარი აქვს ქართული. ალბათ წინაპრები დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ. ჩემი ხმა სურმანიძეს. მას კოლექტივშიც აქებენ..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვალერია ძიძარია.

"ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ სომხის დანიშვნა უფრო გამაღიზიანებდა... რასისტი არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვარ, ვიდრე ნარკოტიკების რეალიზატორი სომხები თანამდებობებზე არ ვიხილე... ასე რომ, აბა თქვენ იცით ბატონო ავთანდილ", - წერს ანა კალანდია.

სარკინიგზო ავარია გაგრაში - "მოსკოვი-სოხუმის" რეისის მატარებელი ეკსკავატორს შეეჯახა

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

"პატრიარქის თხოვნა იყო, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან..." - აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით და შს მინისტრის კომენტარი