აწყურის ხანძართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და ეჭვმიტანილებიც არსებობს .
ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ბორჯომსა და აწყურში ინტენსიურად მიმდინარეობს.
"გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მანამდე აქტიურად ვცდილობთ ხანძრის ჩაქრობას სამცხე-ჯავახეთში.
ბორჯომის ხეობაში ხანძარის საშიშროება თითქმის აღარ არსებობს. განსხვავებული ვითარებაა აწყურში, სადაც 25 ჰექტარია დამწვარი. ახალი კერები არ არის. საჯარისო ნაწილები აქტიურად მუშაობენ. საუბარია ორას სამხედროზე. სამხედროებთან ერთად ასევე აქტიურად მუშაობენ სამაშველო სამსახურის მეხანძრეები, ადგილობრივი მოსახლეობა და ინტენსიურად მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა", - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, მაღალი ტემპერატურა, ქარი ხანძრის ჩაქრობას აფერხებს. "ჩემი სუბიექტური აზრია, და ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, რომ ცეცხლი განზრახაა გაჩენილი და ეჭვმიტანილებიც არიან. დღის განმავლობაში 7-8 ხანძარი ჩნდება ამ ზონაში და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ხანძარი დაუდევრობით არის გაჩენილი~ - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.