ავტორი:

„500-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ახერხებს სამსახურში გამოსვლას, თუმცა მათ დღესაც ვუხდით კომპენსაციას“ - „ნიკორა სუპერმარკეტის“ დირექტორი

„500-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ახერხებს სამსახურში გამოსვლას, თუმცა მათ დღესაც ვუხდით კომპენსაციას“ - „ნიკორა სუპერმარკეტის“ დირექტორი

რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში COVID-19-ის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვირუსმა ყოველდღიური ცხოვრების წესი სრულად შეცვალა. ამ მოკლე დროში ბიზნესების დიდ ნაწილს ახალ რეალობაზე გადაწყობა, ნაწილს კი, მაგალითად, ტურიზმის სექტორს მუშაობის სრულად შეჩერება მოუწია. მოსახლეობის ნაწილმა სამსახური დაკარგა, ნაწილს კი დროებით უხელფასო შვებულებით სარგებლობა მოუწია.

ამჟამად, შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა განვლილი პერიოდი ბიზნესებზე თავის კვალს ტოვებს. საინტერესოა, როგორ პასუხობენ უმსხვილესი კომპანიები გამოწვევებს, რა გადაწყვეტილებები მიიღეს თანამშრომელთა შესახებ და როგორი პროგნოზები აქვთ მათ იმ პერიოდთან დაკავშირებით, როცა COVID-19-ის პანდემია დასასრულს მიუახლოვდება.

ამის შესახებ „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელის დირექტორს დავით ურუშაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც დეტალურად განმარტა, როგორ მოერგო კომპანია ახალ რეალობას, აღმოჩნდნენ თუ არა პროდუქციის დეფიციტის პრობლემის წინაშე და როგორ იცავენ უსაფრთხოების წესებს როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების შემთხვევაში.

საგანგებო მდგომარეობამ სუპერმარკეტები მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადაიყვანა. საინტერესოა, როგორ შეიცვალა ქსელის მუშაობის სპეციფიკა?

ჩვენი ქსელი მეტწილად, 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მაღზიებით იყო წარმოდგენილი და ყველა პროცესი ამის მიხედვით იყო დაგეგმილი. მაღაზიის შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭიროა კარგად ორგანიზებული მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს „ბექოფისს“, ცენტრალურ საწყობს და ლოგისტიკას. დაწესებულ შეზღუდვებზე რეაგირებისთვის საკმაოდ მცირე დრო იყო გამოყოფილი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრის თავდაუზოგავი და შეთანხმებული მოქმედების შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ ძალიან რთული და კომპლექსური საოპერაციო ტრანსფორმაციების იმგვარად განხორციელება, რომ მომხმარებლებს და სხვა კონტრაგენტებს დისკომფორტი პრაქტიკულად არ შექმნიათ.

რა მიმართულებით აღმოჩნდა კომპანია გამოწვევების წინაშე და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

თავდაპირველად, ჩვენს საზრუნავს წარმოადგენდა ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისთვისაც მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვცა. აგრეთვე, აქტიურად ვიზიარებდით საერთაშორისო გამოცდილებასაც.

ასევე, ჩვენი ვალდებულება იყო შეუფერხებელი საოპერაციო პროცესის უზრუნველყოფა, რადგან კრიზისულ პერიოდში პირველადი მოხმარების სურსათის უწყვეტი მიწოდება მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში ჩვენი გამოწვევა იყო პროდუქციის უწყვეტობის შენარჩუნება მაღაზიაში და რა თქმა უნდა, მაღაზიის მუშაობისთვის საჭირო რაოდენობის თანამშრომლების მობილიზება, ამისათვის კი საჭირო გახდა თანამშრომლების ტრანსპორტირების საკითხის ოპერატიულად მოგვარება.

საინტერესოა, უსაფრთხოების ზომების დაცვა როგორ ხდება ქსელში?

მაქსიმალურად ვითვალისწინებდით და ახლაც ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, უწყვეტად უზრუნველვყოფთ მაღაზიებს სადეზინდეფექციო ხსნარებით, ხოლო თანამშრომლებს პირადი დაცვის საშუალებებით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით იმას, რომ მომხმარებელს დაეცვა სოციალური დისტანცია არამარტო მაღაზიის შიდა პერიმეტრზე, არამედ მის გარეთაც, რიგში დგომისას.

აქვე უნდა ვისაუბროთ შეღავათებზე, რომელიც სახელმწიფომ ბიზნესებს დაუწესა. რამდენად ისარგებლა კომპანიამ ამ შეღავათებით და საინტერესოა, რამდენად დაგეხმარათ ისინი გამოწვევების საპასუხოდ?

ჩემი აზრით, საკმაოდ დროული და ეფექტური პაკეტების შემუშავება მოხდა. აღსანიშნავია საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პაკეტი, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემთ, მიღებული ეკონომიის ხარჯზე მოახერხონ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლის შენარჩუნება. მაგალითისთვის, ჩვენს კომპანიაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ახერხებს სამსახურში გამოსვლას მაღაზიების შემცირებული სამუშაო დროის, საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტირების შეფერხების და მსხვილი ქალაქების ჩაკეტვის გამო, ყველა მათგანს ჩვენ შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილები და დღესაც ვუხდით კომპენსაციას. ხოლო საგადასახადო შეღავათი შესაძლებლობას გვაძლევს , რომ ეს პროცესი გავაგრძლოთ კრიზისული პერიოდის დასრულებამდე, რის შემდეგაც ისინი კვლავ დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ COVID-19-ის ტალღის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისი ელოდება. თქვენ რა პროგნოზები გაქვთ კომპანიასთან დაკავშირებით? როგორ ემზადებით, თუ ეს პროგნოზები გამართლდება?

კრიზისი მართლაც მოსალოდნელია, რადგან ეკონომიკის ძალიან ბევრი დარგი ფაქტობრივად გაჩერდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ მომავალს იმედიანად ვუყურებთ და მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის სტიმულირების და პოსტკრიზისული პაკეტები ძალიან მალე მოახდენენ დადებით ეფექტს და მალევე შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ყოველთვის ვიქნებით ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, განვაგრძობთ მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი პროდუქციის და მომსახურების მიწოდებას.

EKIMO - მთელი ჯანდაცვა ერთ აპლიკაციაში, რომელიც გაგიმარტივებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მთელს ოჯახს!

რომელ პროდუქტებზე გაიზარდა მოთხოვნა ეპიდემიის პერიოდში – სტატისტიკა საქართველოდან, იტალიასა და აშშ–დან

კრედო ბანკის მხარდაჭერის კამპანია 71+ წლის მომხმარებლებისთვის