ავტორი:

"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება

"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება

ზოგჯერ, როდესაც იმედის არანაირი სხივი არსაიდან ჩანს, მოულოდნელად რაღაც კარი იხსნება, საიდანაც იმედი და სიკეთე ერთდროულად შემოდის. ასე მოულოდნელად გაიღო იმ ადამიანებისთვისაც კარი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, ამა თუ იმ განსაცდელში აღმოჩდნენ. ზოგმა ჯანმრთელობა დაკარგა, ზოგმა - საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი ხელიდან ტრაგიკულად გამოეცალა, ზოგიც ულუკმაპუროდ და უსახსროდ დარჩა...

22 წლის მარიამ ოთანაძე „სხვა ნანუკას“ შოუდან გავიცანი. გოგონა, რომელსაც ორივე თირკმელი მძიმე მდგომარეობაში აქვს, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და რომლის მამამაც თავი სწორედ იმის გამო მოიკლა, რომ შვილს ვერ ეხმარებოდა. გოგონა იმდენად მძიმედ იყო, რომ მამის დაკრძალვაზეც ვერც წავიდა. მართლაც, რომ სულის შემძვრელი ისტორიაა.

მას თირკმლის უკმარისობა 15 წლის ასაკში დაეწყო, ოჯახი საკუთარი ძალით ახერხებდა პრობლემის მოგვარებას, მათი შემოსავალი მხოლოდ ამ მიმართულებით იხარჯებოდა, შემდეგ გამოჩნდა საექსპერიმენტო წამალი, რომლის მიღებაც მარიამმა დაიწყო, შედეგიც ჰქონდა, პრობლემა თითქოს მოგვარდა, მაგრამ საექსპერიმენტო წამლის წარმოება შეწყდა, გოგონას მდგომარეობა დამძიმდა. მისთვის ვერც ოჯახის წევრების და ვერც ახლო ნათესავების თირკმლის გადანერგვა გახდა შესაძლებელი. ექიმები იძულებულები გახდნენ, დიალეზზე გადაეყვანათ. მოკლედ, ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა გაკეთდეს. ამას სათანადო სახსარი სჭირდება და სწორედ „სხვა ნანუკას“ გადაცემამ გოგონას ეს შესაძლებლობა მისცა. მარიამის ირგვლივ უამრავი ადამიანი გაერთიანდა - მაყურებელმა წარმოუდგენელი რამ შეძლო და ერთ ღამეში 70 000 $-მდე თანხა შეგროვდა. ამასთან, ერთ-ერთმა კომპანიამ მას ბინაც აჩუქა.

არანაკლებ მძიმეა ნაჭყებიების ოჯახის ტრაგიკული ამბავიც: კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მეუღლე სამშობლოში თავის 5 შვილთან მარტო დაბრუნდა. მეუღლეები ესპანეთში მას მერე გაემგზავრნენ, რაც ცოლს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ნაცნობ-მეგობრება სამკურნალო თანხა შეუგროვეს. ახალგაზრდა ქალი მადრიდში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. როდესაც კორონავირუსით დაინფიცირდა, მხედველობაც დაკარგა. მეუღლე საყოველთაო აკრძალვების გამო მის დასაფლავებას ვერ დაესწრო და მხოლოდ იმ აკლდამის ნომერი გადასცეს, სადაც ცირა დაასაფლავეს. ამ საოცარ ტრაგედიას, რაც მათ თავს დაატყდათ, უფრო გაუსაძლისს ხდის ის, რომ ოჯახის უფროსს ახლა მარტოხელა მოხუცი დედის იმედი აქვს, რომ შვილების აღზრდაში დაეხმარება.

ესპანეთიდან ცხედრის გადმოსვენება 4-5 წელიწადში მოხერხდება, მანამდე კი თავს დატრიალებულ ტრაგედიას გაჭირვებითა და ერთობლივი ძალებით ებრძვიან. ამ ოჯახს „სხვა ნანუკამ“ გადაცემა მიუძღვნა და გადაცემის მსვლელობისას უცნობმა მოქალაქემ ოჯახს ბინა გადასცა.

მძიმე აღმოჩნდა 84 წლის მარტოხელა მოხუცის, ვალენტინა ერისთვის ამბის მოსმენაც, რომელსაც ცხოვრების მანძილზე არაერთი გასაჭირი და ტკივილი აქვს გადატანილი, - ომი, შიმშილი, წამება. მოხუცი გადაცემის სიუჟეტში ყვებოდა იმაზე, რომ ის დღეს უსახსროდ და ულუკმაპუროდაა დარჩენილი, რომლის ყოველდღიური საკვები მხოლოდ წყალზე მოხარშული ჰერკულესის ფაფაა. გადაცემაში ამ ამბის თხრობას კი ის მოჰყვა, რომ ადამინებმა ის სითბოთი აავსეს, აღარ შია, აქვს წამალი და ბევრი პრობლემა ერთბაშად მოეხსნა.

დავინტერესდით, თუ რატომ გადაწყვიტა „სხვა ნანუკამ“ ბოლო დროს გადაცემისთვის საქველმოქმედო მიმართულება მიეცა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

- ჩვენ, დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაბოდით, როდესაც საქველმოქმედო მიმართულების გადაცემების გაკეთება დავიწყეთ. არა მგონია, რაიმე ახალი იყოს, უბრალოდ, დღეს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, უფრო საჭირო გახდა, რადგან თითქმის ყველას, ძალიან ბევრ სეგმენტს შეეხო, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახლა უფრო საჭირო იყო“ - აღნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანი და გვეუბნება, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა: ჩვენმა მაყურებელმა, რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს, ანუ ადამიანების, რომელთა ყურამდეც ეს ინფორმაცია, დახმარების თხოვნა უნდა მისულიყო. რომ არა ჩვენი მაყურებლის თანადგომა, მათი გაერთიანება, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ ვერ შეიცვლებოდა. ჩვენ ვართ ინფორმაციის გამტარებელი მაყურებელსა და ჩვენს გმირებს შორის. მთავარი გმირები ხართ თქვენ, ჩვენი მაყურებელი. მადლიერი ვარ, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებთ“.

როგორც გადაცემის პროდიუსერი, ზურა მახარაშვილი გვეუბნება, „სხვა ნანუკას“ მაყურებელი უკვე გადაცემის არაერთ გმირსა და ოჯახს დაეხმარა. „დასაქმდნენ ძალადობის მსხვერპლი გოგონები. რთულია, გამოყო რომელიმე მათგანი, თუმცა ალბათ განსაკუთრებული იყო გადაცემა, როდესაც კორონავირუსის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადმიანების დასახმარებლდ 42.875 ლარი შეგროვდა, რომელიც 92 ადამიანზე გადანაწილდა. უმძიმესია მარიამ ოთანაძის ისტორია - გოგონას მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან შვილისთვის თირკმლის გადასანერგი თანხა არ ჰქონდა. წარმოუდგენელი შეძლო მაყურებელმა და ერთ ღამეში 70 000 $-მდე თანხა შეგროვდა, ასევე პირადპირი ეთერის მსვლელობისას დაგვიკავშირდა კომპანია, რომელმაც მარიამს გადასცა ბინა.

ნაჭყებიების 5-შვილიანი ოჯახის ისტორიაც უმძიმესია. პატარა გიორგი ჩვენს სტუდიაში სტუმრად ჯერ კიდევ მაშინ იყო, როდესაც მისი მშობლები ესპანეთში იყვნენ წასული, სადაც გიორგის დედა მკურნალობდა და მძიმე სენს ებრძოდა. სამწუხაროდ, მათ ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა და მამა 5 შვილთან სამშობლოში დედის გარეშე, მარტო დაბრუნდა. ბატონი მამუკა ამ უმძიმეს ტრაგედიაზე ჩართვისას საუბრობდა გადაცემაში, როდესაც მაყურებელი დაგვიკავშირდა და მის ხუთ შვილს თბილისში ბინა აჩუქა.

ჩვენი ერთ-ერთი ბოლო გმირი იყო - 84 წლის ქალბატონი რუსთავიდან, ვალენტინა ერისთავი, ქალბატონი, რომელმაც ურთულესი ცხოვრება გამოიარა და, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საჭმელი ენატრებოდა. მაყურებლის დახმარებით ბებოს რამდენიმე თვის სამყოფი საკვები უკვე აქვს, ძალიან ბედნიერი და მადლიერია“.

ზურას თქმით, „სხვა ნანუკას“ თითქმის ყოველკვირეული კონტაქტი აქვს გადაცემის თითოეულ გმირთან, რომელსაც მათი გადაცემის საშუალებით მაყურებელი დაეხმარა. „მუდმივად ვინტერესდებით მათი ახლანდელი მდგომარეობით და საჭიროების შემთხვევაში, ჩართულები ვართ სხვადასხვა ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში“.

მარიამ ოთანაძის შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგანაც გოგონას ჯანმრთელობის მდგომარებასთან გვაქვს საქმე, აი, რას გვეუბნება გადაცემის პროდიუსერი - „დავუკავშირდით საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ გია თომაძეს და მასთან კონსულტაციის შემდეგ, მარიამისთვის ოპერაციის ჩასატარებლად შეირჩა ბელორუსი. სამწუხაროდ, კორონავირუსმა და ჩაკეტილმა საზღვრებმა დაგეგმილი ვიზიტი პანდემიის დასრულებამდე შეაჩერა. თუმცა სისტემატიური კონტაქტი გვაქვს მარიამთან, მის ძმასთან გიორგისთან და ბატონ გიასთან და როგორც კი საჰაერო მიმოსვლა აღდგება, მარიამი იქ გაემგზავრება. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ნაჭყებიების ოჯახს. გადაცემის დასრულებისთანავე დავეკონტაქტეთ ერთმანეთს ბატონი მამუკა და ქალბატონი, რომელმაც მათ, მისი საკუთარი სახლი აჩუქა და სახელის და გვარის გასაჯაროვება არ ისურვა. მოგეხსენებათ პანდემიის გამო, არ მუშაობს სხვადასხვა დაწესებულება, ამიტომ როგორც კი აღდგება მუშაობა იუსტიციის სახლში, ბინა გადაუფორმდება ბატონ მამუკას“.

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული

ახალი წიგნი გიდებისთვის - ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოზე მუშაობა იწყება

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი