ავტორი:

"იყო მუქარა, რომ დაუნგრევდა კარიერას... შესაძლებელია, ქალბატონს მეტი ქონების მოთხოვნა სურდეს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი

"იყო მუქარა, რომ დაუნგრევდა კარიერას... შესაძლებელია, ქალბატონს მეტი ქონების მოთხოვნა სურდეს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სპორტსმენის მხრიდან ყოფილ ცოლზე არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

"გამოძიების პირველ ეტაპზე, 48 საათში რაც მოხდა, გამოიკითხა დაზარალებული და საქმეში ძირითადად, მისი ჩვენებებია. ასევე, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ასევე, დანიშნულია ექსპერტიზა და ველოდებით დასკვნებს.

დაიკითხნენ მეზობლები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ყველაფერს, თვითმხილველები არიან და ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია" - აღნიშნა ჭკადუამ "იმედის დღის" ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, მაშინ როდესაც სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ბრალდებული ძალადობაში, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ის უკვე "მონათლა" მოძალადედ, რასაც ყოფილი მეუღლე მიზანმიმართულად უწყობს ხელს.

"შემდეგი ეტაპი იქნება ის რომ, დასაკითხია ბევრი მოწმე, გამოსათხოვია ბევრი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს იმას, რომ მოსალოდნელი იყო გარკვეული საფრთხეები მისი (ყოფილი მეუღლის) მხრიდან პროვოკაციების კუთხით. ბევრი ადამიანი, უშუალოდ ესწრებოდა ამ დიალოგებს, როგორ ჰქონდა ადგილი მუქარას, რომ ის დაუნგრევდა კარიერას, შესაძლოა ამ ადამიანებმა თავადაც ისურვონ და გააკეთონ განცხადებები...

იმდენად ღირსეული ადამიანია ნიკოლოზ ბასილაშვილი, არც ისე დიდი ასაკისაა და არ მეგონა თუ ასეთი მაღალი ღირებულებების მატარებელი იყო ეს ადამიანი, როგორიც დავინახე ამ დღეებში, რა განსაცდელიც მას და მის ოჯახს მიადგა. ღირსეულად უმკლავდება ამ ყველაფერს, თუმცა კარგად ესმის რამდენად მძიმეა ეს მისი ფსიქიკისა და კარიერისთვის.

ნიკოლოზი არ აპირებს მის მეუღლეს უპასუხოს ბრალდებებზე, რადგან მათ ეზრდებათ შვილი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბავშვი გაიზრდება და ამ ყველაფერს ნახავს, ის ამბობს, რომ მე უნდა მქონდეს პასუხები, ამიტომ ვერ დავემსგავსები სხვას და არც ერთ შემთხვევაში, ქალთან ბრძოლას არ ვაპირებ.

...შესაძლოა, საზოგადოებამ არ იცის, ნიკოლოზი და მისი მეუღლე 2019 წელს განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ ქალბატონმა მიიღო ქონებრივად რაც ეკუთვნოდა იმაზე მეტი, აქ დათვლაზე არ არის ლაპარაკი და ამას ხაზს არ უსვამს ბასილაშვილი და ამბობს, რომ ის ვალდებული იყო, მისი შვილი და შვილის დედა ყოფილიყვნენ ყველაფრით უზრუნველყოფილნი, რისი ყველა პირობაც მან შექმნა... საქმის მასალებში წარმოდგენილია ქონების ჩამონათვალი რაც გადაეცა, მორიგების აქტები, თუმცა შესაძლებელია რომ ქალბატონს დღესაც ქონდეს პრეტენზიები და მეტი ქონების მოთხოვნა სურდეს" - განაცხადა ჭკადუამ "იმედის დღის" ეთერში.

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს

რომელი დანაშაულები გაიზარდა და შემცირდა საქართველოში პანდემიის პერიოდში წინა წელთან შედარებით

სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ათავისუფლებენ - მიხეილ კალანდიას ბიძა