ავტორი:

რა ვიცით სკანდალურ მხატვარზე, რომელიც არავის უნახავს, თუმცა მისი ნამუშევრები მილიონები ღირს

რა ვიცით სკანდალურ მხატვარზე, რომელიც არავის უნახავს, თუმცა მისი ნამუშევრები მილიონები ღირს

ბენქსი - მსოფლიოში ამ ფსევდონიმით არის ცნობილი ბრიტანელი გრაფიტის მხატვარი, რომელიც არასდროს არავის უნახავს. მას ყველაზე საინტერესო, საიდუმლოებით მოცულ და მისტიკურ მხატვარს უწოდებენ.

ყოველ ჯერზე, როდესაც მის ახალ ნამუშევარს ხედავენ, ადამიანები აღფრთოვანებულები რჩებიან. ბენქსის ნახატები მილიონები ღირს და მსოფლიოშია სახელგანთქმული, მაგრამ რეალურად, მასზე არავინ არაფერი იცის.

ბენქსის ნამუშევარი ბრისტოლში
  • ვინ არის ბენქსი და როდის გამოჩნდა პირველად?

როგორც BBC წერს, ეს ზუსტად არავინ იცის. ბენქსი ანონიმი ბრიტანელი გრაფიტის მხატვარია, რომელიც სავარაუდოდ, ბრისტონიდაა. ის ვინაობას საიდუმლოდ ინახავს. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი საჯარო სივრცეში, კედლებზეა შესრულებული. ბენქსის ნახატები უნიკალურია და განსაკუთრებული სტილი აქვს, ამიტომაც, მისი ხელწერის ამოცნობა რთული არაა.

ბენქსის ახალი ნამუშევარი საუთჰემპტონის საავადმყოფოს კედელზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიას ეძღვნება - არანაირი სპაიდერმენი და ბეტმენი, ახლა ბავშვების საყვარელი სუპერგმირები ექიმები არიან

ბენქსის ნამუშევარი პირველად 90-იანი წლების დასაწყისში, ბრისტოლში შეამჩნიეს, სადაც კედელზე გრაფიტით დახატა.

ე.წ. სთრით არტი და გრაფიტი კრიმინალად მიიჩნევა, ამიტომაც, თავისი შემოქმედების დასაწყისში ანონიმურად რჩებოდა, რომ პრობლემები არ შექმნოდა. ახლა კი, როცა არც საფრთხე ემუქრება და ყველას სურს მისი ვინაობის გაგება, მაინც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.

თავდაპირველად, ბენქსის ნამუშევრები ბრისტოლში იყო, მაგრამ 2000-იან წლებში მისი ხელოვნება უკვე მთელ დიდ ბრიტანეთს მოედო, დღეს კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდებით ბენქსის მიერ მოხატულ კედლებს.

  • რა არის ბენქსის სტილი?

ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად ბენქსი სტენსილს იყენებს. როგორც BBC წერს, შესაძლოა, ასე იმიტომ იქცევა, რომ ეს ხატვის უფრო სწრაფი გზაა. შემოქმედების ადრეულ ეტაპზე გრაფიტის ფრანგი ოსტატის, სახელად Blek le Rat-ის გავლენას განიცდიდა და ამის გამო, ადრე ამ ორის ნამუშევრები ერთმანეთშიც ერეოდათ ხოლმე.

ბენქსი მხოლოდ ქუჩის მხატვრობით არ შემოიფარგლება, ის ასევე ქმნის ფერწერულ ტილოებს, ინსტალაციებს.

ბენქსის შემოქმედება არ არის მხოლოდ ხელოვნება ხელოვნებისთვის. ის მოიცავს პოლიტიკურ გზავნილებს, ასევე შეტყობინებებს იმ გლობალურ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს.

  • რა ღირს ბენქსის შემოქმედება?

მისი ნამუშევრები ძალიან ძვირადღირებულია და ფასი მილიონებს აღწევს. ბევრ ადამიანს მოსწონს, რასაც მხატვარი ქმნის და მათთვის შემოქმედის ნამუშევრები ძვირფასია, ამიტომაც, თანხა არ ენანებათ.

მიიჩნევენ, რომ თავად ბენქსის არ ხიბლავს, როცა მის ნახატებში ამხელა ფულს იხდიან. 2008 წელს, ლონდონში, სოტბის აუქციონზე მისი ერთ-ერთი ნამუშევარი 1.4 მლნ ფუნტად გაიყიდა. ტილოზე ასახული იყო გოგონა, გულის ფორმის ბუშტით. გაყიდვიდან რამდენიმე წუთში ნახატმა "საკუთარი თავის განადგურება“ დაიწყო - როგორც აღმოჩნდა, ჩარჩოში ხელოვანმა შრედერი (ქაღალდის გამანადგურებელი) ჩასვა.

1.4 მილიონ ფუნტად გაყიდული ნახატი, რომელმაც "საკუთარი თავი გაინადგურა"

აუქციონის ორგანიზატორების თქმით, შრედერის შესახებ არაფერი იცოდნენ. მიიჩნევენ, რომ ეს ერთგვარი პროსტესტი იყო ხელოვანის მხრიდან იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ნახატებში დიდ თანხას იხდიან.

ზოგიერთი ხელოვანი ნამუშევრებს ქმნის და სურს, რომ გაყიდოს, ბევრი ფული იშოვოს, ზოგიც კი ქმნის იმისთვის, რომ თავისი ნამუშევრებით სხვებს სიამოვნება მიანიჭოს. ამბობენ, რომ ბენქსიც ასეთ შემოქმედთა კატეგორიას მიეკუთვნება.

საიდან მოდის ქაღალდისგან ფიგურების შექმნის ხელოვნება და როგორ აუმჯობესებს ის ბავშვის უნარებს?

29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალური ჰაკათონი - NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება

ProductTank 10 წლის იუბილეს აღნიშნავს