ავტორი:

"ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად სახლში ყოფნა კომფორტული აღმოჩნდა" - განქორწინების შემდეგ მიშა ანდღულაძემ წიგნი დაწერა

"ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად სახლში ყოფნა კომფორტული აღმოჩნდა" - განქორწინების შემდეგ მიშა ანდღულაძემ წიგნი დაწერა

"კომედი ჯგუფის" მსახიობი და სცენარისტი - მიშა ანდღულაძე ძირითადად, მარტო ცხოვრობს. კარანტინის პერიოდში, წიგნის წერაც დაასრულა, რომელზეც 2 წელი მუშაობდა. განქორწინებულია, თუმცა ეს შვილთან ურთიერთობაზე არ ასახულა: 10 წლის მოსეზე დედაც და მამაც აქტიურად ზრუნავენ... მიშას არც ის დაუმალავს, რომ ამჟამად, მის პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი არსებობს...

- კარანტინის პერიოდში, ჩემთვის განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, პირიქით - ეს "მეორედ მოსვლა" ხელსაყრელი აღმოჩნდა, თუ იმ მძიმე ვითარებას არ ჩავთვლით, რაც ადამიანებს თავს დაატყდათ... წინათ თუ საკუთარი საქმეებისთვის დრო არ მყოფნიდა, კარანტინის პერიოდი ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა. წიწიბურისა და მაკარონის კიდევ 1 თვის მარაგი თუ მექნება, კარანტინის კიდევ ერთი თვით გაგრძელება მაწყობს - რაღაც საქმეები ბოლომდე ვერ მივიყვანე... თან, ბოსტანიც მაქვს. მოსავალიც წამომეწევა...

კორონავირუსის გავრცელებამდე ე.წ. "A" ტიპის ვირუსი მქონდა, რის გამოც 2 კვირა სახლში ვიყავი. ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად, სახლში ყოფნა ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა, თუნდაც იმის გამო, რომ 1200-გვერდიანი წიგნი "ზურგზე დავაგდე". ვფიქრობ, როგორც კი რედაქტირებას გაივლის, მალევე გამოვცემ. წიგნს 2 წელი ვწერდი. კორონავირუსმა საშუალება მომცა, დამესრულებინა. წიგნის დაწერის სურვილი ბევრად ადრე გამიჩნდა. ამის მიზეზი ბევრია: გარემო, პირადი გამოცდილება, ძიება... თან, ჩემი პროფესია ამ საქმესთან ახლოსაა: 15 წელია, სცენარისტად და მსახიობად ვმუშაობ. წიგნის წერა ჩემთვის რაღაც ახლის მოსინჯვაა. მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს...

- კარანტინს ვისთან ერთად ატარებთ?

- შვილთან, საყვარელ ადამიანთან, მეგობართან ერთად... ძირითადად, მარტო ვცხოვრობ. უმეტეს დროს მარტო ვატარებ, რათა დაგეგმილი საქმის გაკეთება მოვახერხო.

- ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის ფონზე, განქორწინებულს შვილთან ურთიერთობისას დისკომფორტი ხომ არ გექმნებათ?

- არანაირად, პირიქით - რაც დრო გადის, ჩვენი შვილის ცხოვრებაში მშობლები უფრო მეტად ჩართულები ვართ. 10 წლის მოსე გარკვეულ პერიოდს ჩემთან ატარებს, გარკვეულს - დედასთან. შეიძლება, სადმე ერთადაც შევიკრიბოთ ხოლმე...

მიშა ანდღულაძე შვილთან ერთად

- მართალია, აღნიშნეთ, ჩემთვის კარანტინი კომფორტულიაო, მაგრამ როცა თითქმის ყველა დაწესებულება დახურულია, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა, თუნდაც წუთიერად პანიკის შეტევები ხომ არ გაქვთ?

- არა. პანიკა გადატანილი მაქვს - მთელი ჩემი ბავშვობა პანიკაზეა დაფუძნებული. ამ მხრივ, ისეთი "კარგი" გამოცდილება მაქვს (90-იანი წლები, მძიმე სოციალური მდგომარეობა...), რომ პირად სივრცეში ასეთი სიმშვიდე არასოდეს მქონია. ეს პანიკა იმასთან შედარებით არაფერია, რაც გამოგვივლია...

მიშა ანდღულაძის შვილი

- ამჟამინდელი თვითიზოლაციის გარდა, ყველაზე ხანგრძლივად შინ რა პერიოდი გაგიტარებიათ?

- ამხელა დასვენების საშუალება, ასეთი კომფორტი მხოლოდ ბავშვობაში გვქონდა, რასაც ვერ ვაფასებდით. თურმე, თავისუფალი დრო ძალზე ძვირფასი რამ არის. ვირუსმა გვიჩვენა, რომ ცხოვრებაში ის წვრილმანები და მატერიალური მიჯაჭვულობა არც ისე მნიშვნელოვანია, რის გამოც ადამიანები ვიტანჯებით. მგონი, პანდემიამ ხალხი სიცოცხლის არსზეც დააფიქრა. შეიძლება, სხვა მნიშვნელოვანი რაღაცები უფრო მეტად დააფასონ. შექმნილმა სიტუაციამ ადამიანებში შემოქმედებაც "გახსნა". ალბათ, გაისად უფრო მომზადებულები ვიქნებით, მესამე წელს კი - ვირუსს თავად შევქმნით. ყოველთვის თითქოს წარმოუდგენელი რაღაც ხდება... საინტერესო გარემოში ვცხოვრობთ.

- ეთანხმებით გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო?

- ჩემი აზრით, სამყარო არ იცვლება - სამყაროს მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება. გვინახავს ადამიანები, რომლებიც კარგ სივრცეში ცუდად არიან და პირიქითაც ხდება... ასე რომ, სამყაროს როგორც ვუყურებთ, ისიც ისე გვიყურებს. ვისთვის რა იცვლება, ინდივიდუალურია...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ქველმოქმედებაზე დახარჯული 30 000 ლარი... - რა ქონებას ფლობს ამირან გამყრელიძე

დავით კირკიტაძე გოგონას მამა გახდა - ახალშობილის პირველი ფოტო