ავტორი:

COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?

COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ყველაზე მძიმედ ხანდაზმულებს შეეხო. ჯანმრთელობის მომატებული რისკის გარდა, ვირუსის შესაჩერებლად შემოღებული შეზღუდვები და სოციალური დისტანცირების შესახებ რეკომენდაცია განსხვავებულად აისახა მათ ცხოვრებაზე. პანდემია განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა მარტო მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის, რომლებიც ახლობლების ან მათზე მზრუნველი პირების მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ და შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ისეთი სერვისების განხორციელებამ, რომელიც ხანდაზმულების ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვას პანდემიის პირობებშიც არ შეწყვეტდა.

მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროფესიული შინმოვლის სერვისის ერთ-ერთი განმახორციელებელია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. პროექტი თბილისის მერიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება და განკუთვნილია სახლს ან საწოლს მიჯაჭვული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი პირებისთვის და ითვალისწინებს როგორც სამედიცინო, ასევე, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ზრუნვას.

„ბევრჯერ ჩაგვბერეს სული, გეხვეწები, ყველაზე ლამაზი სიტყვებით მომიქარგე მათზე მადლობა“ - ამ ფრაზით იწყებს და ასრულებს საუბარს 73 წლის ფილოლოგი, ყოფილი ჟურნალისტი, ციალა ზარიძე, რომელიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება და ერთი წლის წინ მომხდარ ავარიის ტრავმებს დღემდე იშუშებს. შინმოვლის პროექტის ბენეფიციარია მისი მეუღლეც - ოთარ ზარიძე პროფესორია, პედაგოგის მრავალწლიანი გამოცდილებით, საწოლს 5 წლის წინ მიეჯაჭვა და ცხოვრების ამ რეჟიმთან შეგუება დღემდე უჭირს. „ოთარს ინსულტი აქვს გადატანილი, განგრენაც დაეწყო და ოპერაცია დასჭირდა, უძრავად ზის ამდენი წელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ სახლში ვართ და პანდემიამდეც იშვიათად გავდიოდი გარეთ, კორონავირუსმა ძალიან შეგვაშინა, ემოციური ფონი იყო მძიმე, იმის გაცნობიერება რომ ვერავის ნახულობ და არც ის იცი, როდემდე გაგრძელდება, ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენ მაღალი რისკის ჯგუფში შევდივართ და თითქოს ვემალებით ცხოვრებას - წითელი ჯვრის ექთნების, „ჩემი“ გოგოების გარეშე არ ვიცი, რა გვეშველებოდა. ძალიან გულისხმიერები და ყურადღებიანები არიან. მრავალი საჭიროება გვაქვს და როგორც შვილიშვილები ისე გვივლიან, ჩემს მეუღლეს მასაჟებით ამდენი წლის გაჩერებული ხელიც კი აუმუშავეს. წამლები და სურსათიც მოგვიტანეს რამდენჯერმე. იცით რამდენთან მიდიან, სხვებს ჩემზე მეტადაც უჭირთ..“

67 წლის ოთარ ბერიძე „იტალიური ეზოს“ ფარდულში, სახელდახელოდ მოწყობილ ოთახში მარტო ცხოვრობს. საუბრის დროს გვიყვება, რომ ფეხის ამპუტაციას გადაურჩა და კლინიკაში 3 თვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ კურსს სახლში აგრძელებს. „ფეხი დამეწვა და მოკვეთას სასწაულით გადავურჩი. რომ არა წითელი ჯვრის ის ექთნები, რომლებიც მუდმივად მეხმარებიან და ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე, ძალიან გამიჭირდებოდა. როცა გავიგე, რომ კარანტინის მიუხედავად წითელი ჯვარი ჩვენს დახმარებას აგრძელებდა, გამიხარდა, რადგან კორონავირუსის გამო ვერავინ მნახულობს და ექთნების გარეშე, სულ მარტო დავრჩებოდი. წნევას და შაქარს მიზომავენ, წამლებს მასმევენ, მეხმარებიან, საკვები ამანათები მომიტანეს. სამწუხაროდ, ჩემთვის სხვას ნაკლებად სცალია..“

წითელი ჯვრის შინმოვლის პროექტის კოორდინატორის, ეკა გახოკიძის სიტყვებით პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა სერვისზე მოთხოვნა და გუნდი მუდმივ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს. „ჩვენი ყველა ბენეფიციარი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მკაცრი იზოლაციის დაცვა. ამიტომ, თუ მეზობელი ან ახლობელი გარკვეულწილად ზრუნავდა მათზე, ისინი ამას ვეღარ ახერხებენ. არადა, დღეს, მათ სჭირდებათ შეგრძნება, რომ არიან საზოგადოების ღირსეული წევრები და არა ტვირთი. ისინი არა მხოლოდ მოვლას, არამედ, მუდმივ ზრუნვას საჭიროებენ. ერთი მხრივ, ჩვენ ვახორციელებთ სამედიცინო მოვლას, მეორე მხრივ, ვცდილობთ მათ სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ზოგადად, არაერთი სერვისი გვაქვს ამ მიმართულებით, მაგ. დღის ცენტრები ან თანხლების სერვისი და მათ შორის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია თავად ბენეფიციარების გაძლიერების ხელშეწყობა და თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს მათ ერთმანეთთან დაკავშირებას და საზოგადოებრივ აქტივობებში ხელშეწყობას.“

წითელი ჯვრის ექიმი, თამარ ოდილავაძე ყოველ ახალ ბენეფიციარს პირადად ეცნობა, დეტალურად იკვლევს ინფორმაციას და სოციალურ მუშაკთან ერთად, პაციენტზე ზრუნვის გეგმას ადგენს, რომელსაც მათთან ერთად ექთნის, ექთნის ასისტენტისა და მოხალისეებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი ახორციელებს. თამარ ოდილავაძე გვიყვება, რომ ყოველი პაციენტისთვის პერმანენტულად მუშავდება ინდივიდუალური გეგმა და დგება კონკრეტულად, მის საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის გუნდი. სადაც ექიმი პაციენტის საჭიროებებს ავლენს, მუდმივ კონტაქტზეა ოჯახის ან სტაციონარის ექიმთან, გაწერს მოვლის განრიგს და უზრუნველყოფს გუნდის კოორდინირებისა და სამკურნალო პროცესის სრული ციკლის მონიტორინგს. ექთანი პაციენტისთვის აუცილებელ სამედიცინო მოვლაზე ზრუნავს და მისი სამუშაო პროცესი სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარებას, ნაწოლებისა თუ ჭრილობების დამუშავებას, გადასხმის გაკეთებას მოიცავს. მუდმივ რეჟიმში, სწორედ ის აწარმოებს პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლს, რომლის ნებისმიერი ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ საქმის კურსში აყენებს ოჯახის ექიმს და დგება შემდგომი სამოქმედო გეგმაც. „თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ბენეფიციარები, სახლს ან საწოლს მიჯაჭვული პირები არიან, ვისაც ძირითადად, ჩვენს გარდა მზრუნველი არავინ ჰყავს, ექთნის ასისტენტს ბენეფიციარის პირად ჰიგიენაზე ზრუნვის გარდა, ხშირად უწევს პაციენტის საცხოვრებელი პირობების სისუფთავეზე ზრუნვაც ან მისთვის აუცილებელ საყიდლებზე წასვლა.“

მოხალისეების როლზე საუბრისას თამარ ოდილავაძე აღნიშნავს, რომ შინ მოვლის გუნდის საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში მოხალისეებისგან გაწეული სამუშაო მნიშვნელოვანია.“მათი როლი, განსაკუთრებით, კოვიდ პანდემიის დროს აღმოჩნდა შეუფასებელი. ჩვენი მიზნობრივი ბენეფიციარებისთვის, ყველაზე რთულ დროს საკვები, ჰიგიენური საშუალებები თუ მედიკამენტები, სწორედ, მათ მიჰქონდათ. პანდემიამდეც ისინი, მუდმივად, არიან ბენეფიციარებზე ზრუნვის სხვადასხვა პროცესში ჩართულნი. მაგალითად, თანხლების სერვისში, რაც გულისხმობს გეგმიურ საკონსულტაციო ვიზიტსა თუ კვლევებზე თანხლებას, შესაძლოა ბანკში ვიზიტს ან უბრალოდ, მასთან კომუნიკაციას ან სასეირნოდ თანხლებას, რადგან მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესია ვინმესთან კონტაქტი. ხშირ შემთხვევაში კი მათთვის, სწორედ ჩვენ ვართ საუბრის, კომუნიკაციის ერთადერთი შესაძლებლობა, რადგან ან მარტოხელები არიან ან ჰყავთ შვილები, ახლობლები, მაგრამ ვერ ახერხებენ მათთვის დროის დათმობას და ასეთ დროს, მათი მონახულება საუბარი, საკუთარი მოსაზრებების ვინმესთვის გაზიარება სასიცოცხლოდ აუცილებელია.“

სოციალური მუშაკი შინ მოვლის გუნდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია, რომელიც ექიმთან ერთად, ყოველი პაციენტისთვის ყოველკვირეულ სამოქმედო გეგმას ადგენს და აქ მისი, როგორც გუნდის წევრის როლი არ სრულდება. ერთ-ერთი საპასუხისმგებლო ფუნქცია აქვს. სწორედ ის ზრუნავს, რომ ბენეფიციარები მათთვის აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფილნი იყვნენ. ამისათვის, მას უწევს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციაში ვიზიტი და საჭიროებების მიხედვით, შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში მათ ჩართულობასა თუ დროულ მიწოდებაზე ზრუნვა. ექიმი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში, ბენეფიციარების სტაციონარიდან გამოწერის შემდგომ ეტაპზეც სოციალური მუშაკის როლი უდიდესი იყო.

თამარ ოდილავაძე იხსენებს, რომ „პანდემიის პირველ დღეებში ბენეფიციარები შეშინებულები გვირეკავდნენ და აზუსტებდნენ- ხომ არ დარჩებოდნენ ამ რთულ დროს მარტოდ და მხარდაჭრის გარეშე. კორონავირუსის გავრცელების კვალდაკვალ ბევრი რამის შეცვლა და გადაწყობა მოგვიწია, რომ ბენეფიციარებთან ვიზიტი ყოფილიყო შეუფერხებელი, დროული და რაც მთავარია უსაფრთხო. ფორსმაჟორულ სიტუაციებში წითელი ჯვრის დიდმა გამოცდილებამ და ყოველ ახალ გამოწვევაზე მყისიერმა რეაგირებამ რეალური შედეგი გამოიღო და ფაქტობრივად, ასობით ბენეფიციარიდან არავინ დარჩენილა პროცესებს მიღმა.“

ექთნის ასისტენტი ნინო ოჩხიკიძე ერთ-ერთია, ვინც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე, უსაფრთხოების სპეციალურ ეკიპირებას ირგებს და ბენეფიციარებს კორონავირუსზე რეაგირების პროტოკოლის მიხედვით სტუმრობს. ნინო გვიყვება, რომ ხანდაზმულებს ყველაზე მეტად ადამიანების გარეშე ყოფნა უჭირთ.“ზოგთან დღები ისე გადის, არავინ სტუმრობს და ვინმეს დანახვას ნატრობენ, რომ თუნდაც, საწოლში გადაბრუნებაში დაეხმაროს. ამბობენ, რომ ყურადღება და სითბო სჭირდებათ, რომ შვილები რომლებიც გაზარდეს ხანდახან მაინც დაინახონ. განიცდიან რომ ყველამ მიივიწყა და მოხუცი არავის სჭირდება, მათ აზრს არავინ ითვალისწინებს. ყველაზე მეტად უნდათ იმის დანახვა, რომ ყოველდღიური საქმეებისა თუ პრობლემების მიუხედევად, ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვნები არიან.“

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროფესიული შინ მოვლის პროექტი აერთიანებს სპეციალურად გადამზადებული ექიმი-კოორდინატორების, სოციალური მუშაკების, ექთნების, ექთნის ასისტენტებისა და მოხალისეების კვალიფიციურ გუნდს, რომელიც ასობით ბენეფიციარის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტრადიციული სეზონური აქცია გრძელდება

თსუ-ს ლექტორი ინგა მილორავა, რომლის დასახმარებლად საქველმოქმედო ჯგუფი შექმნეს, გარდაიცვალა

რამდენი ლარი იქნება ჯარიმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე მოძრაობაზე